რეფერენდუმზე გამოტანილი სააკაშვილის ბედი

რეფერენდუმზე გამოტანილი სააკაშვილის ბედი

„პრეზიდენტის სასახლესთან 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ხელმოწერა რეფერენდუმზე, რომელიც პრეზიდენტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ტარდება“, - ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში განაცხადა. მისი თქმით, უკვე მილიონზე მეტი ხელმოწერაა შეგროვილი და ყოველდღიურად, საშუალოდ 10 000 ადამიანი აწერს ხელს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას. ამასთანავე, შაშიაშვილი განმარტავს, რომ მთავარია ადამიანს ხელმოწერის გაკეთების სურვილი ჰქონდეს და თუ რაიონიდან თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ აქვს, მას ხელმოწერის ფურცლებს რაიონშიც გაუგზავნიან.

„ტელევიზიით ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს, პრეზიდენტის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება და თითქოს, ვიღაცამ ორი მილიონი ხელმოწერა შეაგროვა. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც 5-10%-ზე მეტი არსეობდეს, ვინც სააკაშვილს დაუჭერს მხარს. ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებთ გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით და ნებისმიერ პიროვნებას საშუალება ექნება ამ ხელმოწერების ნამდვილობა გადაამოწმოს“, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

იგი განმარტავს, რომ კოალიცია „ერთსულოვნება“ შეიქმნა კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გაუწიოს ორგანიზება. შაშიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ამ პროცესს ისეთი ადამიანები უდგანან სათავეში, როგორებიც არიან მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანო ბაგრატიონი, რეზო ჩხეიძე, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, გუჯა ბურდული და ა.შ. რომლებიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან შექმნილ შტაბში დღეს და ღამეს ასწორებენ. თემურ შაშიაშვილის თქმით, მთელი ეს პროცესი ისეთი პროფესიონალების მიერ შექმნილ დოკუმენტებს ეყრდნობა, როგორებიც არიან მინდია უგრეხელიძე, თეა წულუკიანი (სანამ მინისტრი გახდებოდა), პაატა ცნობილაძე (კონსტიტუციონალისტი) და ა.შ.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, ჩემი მეგობარია, მაგრამ იგი არის ფიზიკოსი და მიმაჩნია, რომ პროფესიონალებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გარეშე მნიშვნელოვანი საქმეების კეთება არ შეიძლება. ჩვენი მოძრაობა არის ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, პროფესიონალების და პოლიტიკოსების ერთობა. მივმართავთ ყველას, ვინც პარლამენტშია და პარლამენტს გარეთ - სირცხვილია, რომ პროფესიონალებს არ ეთათბირებით და „ვიღაც“ ექსპერტებს ეძახით ადამიანებს, რომლებიც უდიდესი პროფესიონალები და ზნეობრივი ავტორიტეტები არიან“, - ამბობს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში დღეს არის დაახლოებით 30-მდე ადამიანი, რომელმაც 2010 წლის 25 ნოემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, მათ შორის, გუბაზ სანიკიძე, ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური და ა.შ. თემურ შაშიაშვილი კითხულობს, თუკი 2010 წლის 25 ნოემბერს ამ ადამიანებისთვის სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყო, დღეს იგი პრეზიდენტი გახდა? შაშიაშვილის თქმით, თუკი ეს დასავლეთის ზეწოლის შედეგია, საქართველოს დღეს არ სჭირდება, რომ ვინმესგან იმართებოდეს, ამერიკასა და ევროპასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.

„თეთრების“ ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პიროვნება, რომელსაც ქვეყნის გარედან მართავენ და არ შეიძლება მას საპრეზიდენტო ვადა გაუგრძელდეს, რადგან ეს ვადა მიმდინარე წლის 5 იანვარს შეწყდა. თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ მოძრაობა „ერთსულოვნება“ არ ეწინააღმდეგება საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბერში გამართვას, მაგრამ მისი თქმით, არსად წერია, რომ ოქტომბრამდე ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს.

შაშიაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ თავად სააკაშვილის ოჯახშიც თვლიან, რომ მას იანვარში გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა მისცეს საშუალება მას, რომ თუნდაც ერთი საათით მეტი დროით მიიტაცოს ძალაუფლება, რადგან ეს ღირსების საკითხია. თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ 25 იანვარს, როდესაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, „ერთსულოვნების“ ორგანიზებით მის რეზიდენციას ცოცხალ ჯაჭვს შემოარტყამენ. აქვე შაშიაშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა სააკაშვილმა მის გადაადგილებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს და ვთქვათ, 24 იანვარს ჩამოვიდეს, მაგრამ თუკი იგი რეზიდენციაში შევა, მაშინ ცოცხლი ჯაჭვი მეორე დღეს გაკეთდება და მას იქიდან გამოსვლის საშუალებას აღარ მისცემენ. შაშიაშვილის განმარტებით, ყველაფერი ეს იქნება კანონიერი, რადგან სააკაშვილი დღეს უკვე ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის.

„მინდა მივმართო ახალ ხელისუფლებას - თქვენ ვის ქმედებებზე იღებთ პასუხისმგებლობას, სააკაშვილის? მაშინ დაგვიკარგავს გონება და ეგაა. როგორ შეიძლება გაუწონასწორებელი, ქვეყნისთვის საშიში კაცის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ? ვინც მას პრეზიდენტად ჩათვლით, ის ავტომატურად აიღებს პასუხისმგებლობას მის ქმედებებზე. ეს კაცი გამოდის ეკონომიკური ამნისტიის ინიციატივით და ითხოვს მილიარდზე მეტი თანხა მის კეზერაშვილებს, კოდუებს და ვიღაცეებს ეპატიოთ. მე არ ვიცოდი და თურმე გამსახურდიასა და ყაზბეგის ქუჩების გადაკვეთაზე მდგარი მართვის ინსტიტუტის შენობა ბეჟუაშვილის ყოფილა. ეს შენობა ფართობით პრეზიდენტის რეზიდენციაზე ნაკლები არ არის და თბილისის ცენტრში კიდევ რამდენიმე ასეთ შენობას ფლობენ ბეჟუაშვილები და სააკაშვილის სხვა მეგობრები. სააკაშვილს შემოაქვს კანონ-პროექტი, რომ რაც მისმა მეგობრებმა კაპიკებად ჩაიგდეს ხელში, ყველაფერი დაუკანონდეთ“, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილი აპირებს, რომ მის მიერ დანიშნულმა მთავრობამ ჩაატაროს ქვეყანაში მომდევნო არჩევნები, რასაც დიდი სისხლისღვრა მოჰყვება და შაშიაშვილი კითხულობს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამაზე. აქვე იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ხალხში „ქართული ოცნების“ მიმართ უკმაყოფილება იზრდება, რასაც სააკაშვილი საზოგადოებისთვის კოალიციის მიერ დანაპირების შეუსრულებლობაზე საუბრით ამწვავებს. ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ისევ ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას დანერგავს. შაშიაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ სამოქმედო პროგრამა საუცხოოა და ასეთი პროგრამა ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

„მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ დღესაც გამოვა და იტყვის, რომ ამ პროგრამის შესრულება უნდოდა, მაგრამ ამაში მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუშალა ხელი. ქართველი ხალხის ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილს მოაცილოს ავანტიურისტი მიხეილ სააკაშვილი და მთელი ხალხი „ქართული ოცნების“ მიერ თავისი პროგრამის შესრულების კონტროლზე უნდა გადავიდეს“, - აღნიშნავს შაშიაშვილი.

კონსტიტუციონალისტი პაატა ცნობილაძე (მოძრაობა „ერეთსულოვნების“ წევრი) იურისტების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას გამოხერმაურა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამასთანავე, კონსტიტუციონალისტი დასძენს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე (1013 წლის 5 იანვრიდან) მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შეიძლება, რადგან იგი უკვე ხელშეუვალი აღარ არის და მის მიმართ საქმე არა სხვა რამის გამო, არამედ პრეზიდენტის თანამდებობის უკანონოდ მითვისების ბრალდებით უნდა აღიძრას.

„ის, რაც სტრასბურგში მოხდა, ეს საკუთარი ქვეყნის მიმართ გალაშქრება იყო და ამას მე სხვას ვერაფერს დავარქმევ. ამის შემდეგ კაკაბეთიდან, ადიგენიდან და სხვადასხვა რაიონებიდან ხალხი ჩამოდის იმისთვის, რომ უბრალოდ ხელის მოწერა დააფიქსიროს და ამ იდეას მიუერთდეს. მათი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენის შემდეგ, უბრალოდ ვალდებულად ჩათვალეს თავი, რომ ეს ხელმოწერები გაკეთებინათ. მე თუ მკითხავთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე იმის ღირსია, რომ საერთოდ ქვეყანაშიც კი აღარ შემოუშვა“, - ამბობს პაატა ცნობილაძე.

მისი თქმით, ხელმოწერების გასაკეთებლად მისული ადამიანები აღშფოთებულები არიან და პრეტენზიას გამოთქვამენ ახალი მმართველი გუნდის მიმართ იმის გამო, რომ ის სააკაშვილის გადაყენების პროცედურებს არ იწყებს. კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მოძრაობა „ერთსულოვნების“ წარმომადგენლები პარლამენტის წევრებთან შეხვედრებს გამართავენ და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტიდან არავინ წავა იმაზე, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა იანვრიდან ოქტომბრამდე უკანონოდ გაუგრძელდეს. პაატა ცნობილაძე ამბობს, რომ მოსახლეობას ამ მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლა სურს, მაგრამ ამ ეტაპზე „ერთსულოვნებამ“ მორატორიუმი გამოაცხადა, რათა ახალ ხელისუფლებას ყველაფრის კარგად გაანალიზების და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცეს.

„უკვე უბრალო, რიგითი მოქალაქეებისთვისაც ნათელია, რომ გაზაფხულიდან ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილს ქვეყნისათვის კიდევ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ამიტომ გაუგებარია რა ძალა ადგას ამ ხელისუფლებას, რომ ამ რისკების გათვალისწინებით კიდევ ცხრა თვე უყუროს ამ ადამიანს, როცა შეიძლება ქვეყანა ძალიან მარტივად ჩადგეს ნორმალურ კალაპოტში და დაიწყოს განვითარება“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება, ან თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ეს ცხრა თვის შემდეგ მოხდება. ამიტომ ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც სააკაშვილის გადაყენება შეიძლება, ეს არის პარლამენტის მიერ შესაბამისი პროცედურის დაწყება. კერძოდ, ცნობილაძის განცხადებით, ხელმოწერები, რომლებსაც „ერთსულოვნება“ აგროვებს, საკმარისია იმისთვის, რომ დაახლოებით ათ დღეში ეს საკითხი სარეფერენდუმოდ მომზადდეს. რეფერენდუმის ჩასატარებლად 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საკმარისი, „ერთსულოვნებას“ კი მილიონზე მეტი ხელმოწერა აქვს.

„შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ რეფერენდუმის ჩატარებას თანხა სჭირდება, მაგრამ ეს თანხა სახელმწიფომ უნდა გაიღოს, რადგან გარწმუნებთ, რეფერენდუმის ჩატარება გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე 9 თვის განმავლობაში ამ აღვირახსნილი კაცის შენახვა. ეს თანხები კი უკეთესი იქნება მოხმარდეს იმ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას ასე სჭირდება“, - ამბობს პაატა ცნობილაძე.

მისი თქმით, პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება ვადაგასული პრეზიდენტის უფლება-მოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.