შანტაჟი ჰომოსექსუალობის გამო

შანტაჟი ჰომოსექსუალობის გამო

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეი ხართ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობა დომინირებს.

წარმოიდგინეთ, რომ სექსი გაქვთ საჯარო პირთან.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ ფარულად გადაგიღოთ ამ საჯარო პირთან სექსუალური კავშირის დროს.

წარმოიდგინეთ, რომ ამ მაკომპრომეტირებელ ჩანაწერს თქვენი და თქვენი პარტნიორის, საჯარო პირის წინააღმდეგ იყენებენ.

ალბათ, ყველაფერი ეს ძნელი წარმოსადგენია, თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ადამიანის უფლებები კარგადაა დაცული და პრივატულობა ძვირფასი რამაა.

ის, რაც სხვებისთვის დაუჯერებელია, საქართველოში ზოგიერთს საშინელ გამოცდილებად ექცა.

2013 წლის 14 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იწერდა საჯარო პირების ჰომოსექსუალურ სქესობრივ კონტაქტებს და ამ ჩანაწერებს მათი შანტაჟისათვის იყენებდა.

ცხადია, ამ ტიპის მუქარა, შანტაჟი და თავდასხმა ადამიანებზე ახალი რამ არ არის და ასეთი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა. გლდანის ციხეში სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში ეს ფაქტი აღარ გაკვირვებიათ. ბევრმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, მათ შორის – „LGBT საქართველომ“, ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ასეთი მასალის გადაცემა ტელევიზიით. მაგრამ, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ განაცხადა, ტელეარხებმა არ დაიცვეს მაუწყებლობის კოდექსი, რომლის თანახმად, ტელევიზიით არ უნდა გადაიცეს სექსუალური სცენები ღამის 12 საათამდე. 20-დან 23 საათამდე, სექსუალური ეპიზოდებისა და სექსზე დისკუსიის გადაცემა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და ამ შემთხვევაშიც მასალა სათანადოდ უნდა იყოს დამონტაჟებული. კოდექსში ასევე ნათქვამია, რომ როდესაც გადაიცემა ინფორმაცია დანაშაულზე, „მაუწყებელმა უნდა მოძებნოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და მოწმეთა პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემას შორის“.

ამ მოწოდების შემდეგ, 15 იანვარს, არჩილ კბილაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურას არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, როდესაც ვიდეოჩანაწერი გადასცა, რადგან შეუძლებელი იყო ფირზე ასახული პირების იდენტიფიცირება.

განმარტებას შვება არ მოუტანია და პირიქით, ასეთი მადისკრედიტირებელი ჩანაწერების არსებობა ყოველთვის არის და იქნება მუდმივი შიშის მიზეზი მათთვის, ვინც გადაიღეს და ვინც არ გადაუღიათ.

საქართველოს LGBT ორგანიზაციებმა ფეისბუქით პროკურატურის შენობასთან დაგეგმეს საპროტესტო ღონისძიება მათი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების შანტაჟის, პროვოკაციისა და დამცირების წინააღმდეგ.

ორგანიზაცია “იდენტობამ” წამოიწყო ონლაინ კამპანია “შემიტყუე ხაფანგში”.

foreignpress.ge