ვაჭრობა ტერმინით - „ოკუპაცია“

ვაჭრობა ტერმინით - „ოკუპაცია“

ევროსაბჭომ შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რეზოლუციის ტექსტი შეარბილოს. ტექსტის პროექტზე ქართული და რუსული დელეგაციების წარმომადგენლები და საბჭოს წევრები მუშაობენ. ქართული მედია-საშუალებების ცნობით, ერთიანი პოზიცია ქართულ დელეგაციაშიც არ არსებობს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ტერმინ „ოკუპაციის“ და სხვა ტერმინების შენარჩუნება, რომლებიც წინა რეზოლუციებში იყო.

„ძალიან გაუგებარია, ასეთი მიდგომა. როდესაც საუბარია ტერმინზე, ეს ტერმინი კონკრეტულ შინაარსშია გამოხატული და ეს კონკრეტული შინაარსი რუსეთის ტანკები და რუსეთის სამხედრო ბაზებია, რომელიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დგას. ეს ნიშნავს ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელიც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში და მათ არ იციან, როდის ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ახლობლების საფლავი მოინახულონ. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ტერმინი და სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ, რათა არცერთი უკან დახევა არ იყოს წინა წლებში მიღებულ რეზოლუციებთან შედარებით. ეს უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ტერმინის გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე დამკვიდრდა, დევნილების უკან დაბრუნების მკაცრ მოთხოვნას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მნიშვნელოვანია, ასევე, ყურადღება გავამახვილოთ, შუა საუკუნეების ქართული კულტურული ძეგლების აღდგენასა და შენარჩუნებაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრები კი თვლიან, რომ ტერმინებით ზეწოლა აუცილებელი სულაც არ არის და არც კონკრეტულ ტერმინებს და არც შინაარს ახალ რეზოლუციებში საფრთხე არ ემუქრება.

„აქ ტერმინებში არ არის საქმე. საქმე დოკუმენტების კონტექსტშია და რაც უფრო მალე გამოვალთ იმ მითებიდან, რომ მთავარი არა ტერმინები, არამედ შინაარსია, მით უფრო სწრაფი განვითარების გზაზე დავდგებით. წლიდან წლამდე ეს რეზოლუციები ფუჭდებოდა. თუ 2008 წლიდან მოვყვებით, პირველი რეზოლუცია იყო ძალიან კარგი, მერე კი, სულ უფრო და უფრო არასასურველი ხდებოდა ჩვენთვის. ის ტექსტი, რომელიც ახლა არის შეტანილი მომხსენებლის მიერ, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო, თუმცა არც იქაა რაიმე ტრაგიკული. ჩვენ ჩამოვიტანეთ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ მომზადებული რეზოლუციის პაკეტი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ტექსტში აისახოს“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი.

რუსული დელეგაციის წარმომადგენლები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან, რომ რეზოლუციაში ტერმინი „ოკუპაცია“ ჩაიწეროს.

„ვფიქრობთ, რომ ქართული დელეგაციის ახლანდელი შემადგენლობა გაცილებით კონსტრუქციულია, ისევე როგორც ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი. ჩვენ ვისაუბრებთ არა რეზოლუციაზე, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. როდესაც გაირკვა, რომ ორ ქვეყანას შორის კონფრონტაცია სააკაშვილის მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი, აღარ არის მნიშვნელოვანი რეზოლუციებსა და ტერმინებზე საუბარი“, - განაცხადა  ევროპის საბჭოს საპარალემნტო დელეგაციის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ.

რამდენად მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს რეზოლუციაში სადავო ტერმინების გამოყენება და მათი არ გამოყენებით დეოკუპაციას რეალური სართხე ექმნება თუ არა, ამასთან დაკავშირებით for.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ თუ გვინდა დიალოგის ფორმა და ზეწოლის მექანიზმები შეიქმნას, ოკუპაციის იდეა არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ შეგვიძლია ტერმინებთან დაკავშირებით ერთგვარად შემსუბუქებული ფორმა შემოვიღოთ. არეშიძე ვერ აკონკრეტებს, როგორი შეიძლება ეს ფორმა იყოს, მაგრამ ფიქრობს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამ თვალსაზრისით უფრო მომზადებული იქნება.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) ოკუპაციის იდეის თემის შეცვლა, რადგან ეს არის ევროსტრუქტურების კონტექსტში რუსეთზე ზემოქმედების ძალიან სერიოზული მექანიზმი. ამიტომ, ეს თემა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. უბრალოდ, შესაძლოა ტერმინები იყოს უფრო შემსუბუქებული“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში ტერმინებსაც დიდი ყურადღება ექცევა. ამიტომ ვერ იტყვი, რომ ეს უმნიშვნელო დეტალებია.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ეს თემა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი იარაღია. კერძოდ, რამდენად გაამახვილებს ყურადღებას მმართველი გუნდი ოკუპაციაზე, მაგრამ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ეს არის ბერკეტი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გააქტიურონ ახალი ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ საკითხი უკომპრომისოდ დაისვას, არამედ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებულ ურთულეს დიალოგში დაბრკოლების შექმნისკენ მიმართული ქმედებაა.

„რაც უფრო უკომპრომისო, წინა პერიოდის მსგავს პოზიციას გაატარებს ახალი ხელისუფლება, მით უფრო ცივი წყლის გადასხმა იქნება ეს ამ ურთულესი დიალოგისთვის. ამიტომ საჭიროა გარკვეული გონივრული კომპრომისის მოძებნა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ არა მაინცდამაინც სააკაშვილის ტერმინებით ილაპარაკოს, არამედ ჩამოყალიბდეს ქვეყნის მართლაც მტკიცე პოზიცია, იმ საკითხებში, რომლებიც მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს, ყოველგვარი დათმობების გარეშე. მაგრამ ამავე დროს, ისეთი მესიჯები არ გაიგზავნოს, რომ კონკრეტული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით ჩვენ თავს ვიკეტავთ“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

მისი თქმით, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი იცვლება და არც სხვა რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმა, რომ ევროპის საბჭომ ეს ტერმინი რაც შეიძლება ხშირად უნდა იმეოროს, ამ სიტუაციას არ შეესაბამება. ხუციშვილის თქმით, საქართველოს პოზიციის დაფიქსირება უკვე მოხდა და ახლა ეს პოზიცია რომ უფრო გამკაცრდეს, ეს შეიძლება ისე იყოს გაგებული, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთთან იმ საკითხებზე საუბარს, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს და საქართველო უნდა ჩაიკეტოს იმ კატეგორიულად იზოლაციურ პოზიციაში, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია „ქართული ოცნების“ მიმართ ასეთია - თუ თქვენ ამ ტერმინ „ოკუპაციას“ რაც შეიძლება ხშირად არ გაიმეორებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოღალატეები ყოფილხართ. „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, მას მოღალატეს მაინც უწოდებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გონივრული პოზიციის ჩამოყალიბება არის საჭირო, რაც ახალ ხელისუფლებას უკვე გაკეთებული აქვს და იგი ამ გონივრულ პოზიციას მიჰყვება“, - აღნიშნავს ექსპერტი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტი არ წაუკითხავს და ამიტომ ზუსტი შეფასების გაკეთება გაუჭირდება. თუმცა ზოგადად ტერმინებს რაც შეეხება, ხოშტარია ამბობს, რომ ტერმინი ფორმის ნაწილი არ არის, ეს არის შინაარსობრივად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

„ტერმინ „ოკუპაციის“ საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ჯამში, სწორედ ის განსაზღვრავს ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივას. თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ ოკუპაციას დავანებებთ თავს, რუსეთზე ეგრევე შემცირდება წნეხი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ოკუპანტია და ჯარები უნდა გაიყვანოს. შესაბამისად, რუსეთს აღარ ექნება მოტივაცია იმისთვის, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ის, რომ ტერმინებს მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის მცდარი პოზიცია. თუმცა აქვე იგი აზუსტებს, რომ მისთვის ეს საეჭვო პოზიციაც არის, რადგან ლეგიტიმურს ხდის იმ კითხვებს, რომლებიც ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გაჩნდა, რადგან საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს. ხოშტარიას თქმით, საქართველო რუსეთს ვერც დიალოგში მოუგებს და ვერც ბრძოლაში, რადგან ეს არათანაზომადი ძალებია. ამიტომ საქართველოს ერთადერთი სიძლიერე საერთაშორისო თანამეგობრობის გაძლიერება და საბოლოო ჯამში, ნატოში გაწევრიანებაა. ტერმინებზე ასე საუბარი კი არ არის მხოლოდ უმნიშვნელო ნიუანსი, ეს საგარეო პოლიტიკური კურსის ინდიკატორია.

„ტერმინი „ოკუპაცია“ არ არის უმნიშვნელო ნიუანსი. ამასთანავე, სრულიად მიუღებელია, რომ საგარეო კურსის ასეთ რადიკალურ ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია არ მიეწოდება. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი გრძელდება, რომ ვმუშაობთ დეოკუპაციაზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვაგრძელებთ. თუ ჩვენ ასეთ პრინციპულ საკითხებზე ინფორმაციას ვიგებთ ევროსაბჭოში დელეგაციებს შორის წარმოქმნილ კამათში, ეს უკვე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მმართველი ძალის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმის პრობლემაა“, - აღნიშნავს ხოშტარია.