ლარის გაუფასურების გამო პურ-პროდუქტების მწარმოებლებს მდგომარეობა გაურთულდათ. მათი მთავარი საფიქრალი ბოლო დროს საერთაშორისო ბირჟებზე, განსაკუთრებით კი რუსეთში მარცვლეულის მაღალი ფასი იყო და ახლა დევალვაციამ დამატებითი თავსატეხი გააჩინა. პურის თვითღირებულება უკვე ისეთ ზღვარზეა, რომ ნებისმიერი პატარა პრობლემის გადაფარვაც უკვე ძალიან ძნელი ხდება.
მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა, მეპურეები პურზე ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ახერხებენ, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი ჯერ არ გაზრდილა და 53-54 ლარია. შესაბამისად, ქარხნული პურის ღირებულება ნარჩუნდება, თუმცა ბაზარზე პურის ფასს გარდა დიდი მწარმოებლებისა, მცირე საცხობები და ქსელური მარკეტები განსაზღვრავენ.
„არიან მეწარმეები, რომლებიც ფქვილს ყიდულობენ და პატარა საცხობებზე ყიდიან, რა თქმა უნდა, ისინი 2-3 ლარს უმატებენ, რაც თონეების პურის ღირებულებაზე ან წონაზე აისახება.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ვაჭრობაა - ქსელურ მარკეტებში პურ-პროდუქტების მიწოდების დროს ღირებულების 5-7 თეთრით გაზრდის შემთხვევაში, მარკეტები ორმაგად ზრდიან პროდუქტის ღირებულებას. ამის დრო ახლა არ არის. თუ მეპურე ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და ფასს არ ზრდის, ეს ინტერესები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. პურის გაძვირების შემთხვევაში ჩანს მხოლოდ მეპურე და უკან არც დისტრიბუცია და არც ქსელური მარკეტები, არც ფქვილი და ხორბალი ჩანს, ამიტომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მეპურეები არიან“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.
პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში პურის მწარმოებლებს გარკვეულ შეღავათებს გაუკეთებს სუბსიდირების, ან საგადასახადო შეღავათების კუთხით.
„ბევრი მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია შეღავათის გაკეთება - დენი, წყალი, გაზი... ყველაფერი ძალიან ძვირია ჩვენთან და ენერგომატარებლების ხვედრითი წილი ფასთწარმოქმაში დაახლოებით 20%-ია, ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ავიღოთ ზეთი, რომლის ღირებულება 3 ლარი იყო, პურის მწარმოებლებიც ვხმარობთ ზეთს და ახლა 1 ლიტრის ღირებულება 5 ლარამდეა გაზრდილი, ეს ხომ მოქმედებს პროდუქტის ღირებულებაზე. გვაქვს ასევე შეფუთვის ხარჯები, რომელიც კორონავირუსის გამო სავალდებულო გახდა. 10 თეთრია თითოეული შეფუთვის ღირებულება“, - განუცხადა „ბიემ.ჯის“ დოლიძემ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაძვირების თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური გუნდის გააქტიურება ნოემბრის ბოლოდან იქნება საჭირო. ხორბალზე ფასის ზრდა ლარის კურსის მერყეობის გარდა, ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობის სიმცირით და მოთხოვნის ზრდითაც არის გამოწვეული.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტემბრის შემდეგ ხორბალი საშუალოდ 30%-ით გაძვირდა. მეხორბლეთა ასოციაციას პრემიერ-მინისტრთან უკვე ჰქონდა შეხვედრა. მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში პურზე ფასის მატება კვლავ დააზღვიოს.
„თუ მსოფლიოში ასეთი ტენდენცია გაგრძელდება და ხორბლის ფასი აიწევს, ეს შექმნის დაძაბულობას ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა პრემიერთანაც, რომელმაც გვითხრა, რომ თუ ზედა ზღვარი იქამდე მივიდა, რომ ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა და გადავიდა გაძვირების ტენდენცია ფქვილიდან პურში - აუცილებლად ჩაირთვება ფასების შენარჩუნების პროგრამა“, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.