ლარის მომავალი უკვე იმდენად გაურკვეველია, რომ ქვეყანაში ყველა შეშფოთებლია - ბიზნესმენები, ეკონომისტები, ბანკირები და მთავრობის წევრებიც კი. ამჟამინდელი დევალვაციის მიზეზი მრავალგვარია, დაწყებული პანდემიით, საპროტესტო აქციებით დასრულებული. თანაც ეროვნული ვალუტის მერყობის ამპლიტუდა იმდენად დიდია, რომ ყველ საგონებელშია. მაგალითად, 4-5 ნოემბერს კურსი 10 პუნქტით გაუფასურდა და 3.40-იან ნიშნულს გადააბიჯა, 6 ნოემბერს კი ერთბაშად 9 პუნქტით გამყარდა და 3.31-მდე დაეშვა.
მთავრობა ვერანაირ ზომებს ვეღარ მიმართავს კურსის სტაბილურობისთვის, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას ადანაშაულებს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ლარის კურსზე აისახება არა მხოლოდ ის, რაც ხდება ქვეყანაში, არამედ ისიც, რაც ხდება საზღვარგარეთ. თუმცა კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად ვიცე-პრემიერი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს. მისი აზრით, მთავარი მიზეზი ოპოზიციური პარტიების ქმედებებია, რომელიც „სადღაც შევარდნებში, აქციებსა და მსგავს ქმედებებში გამოიხატება“.
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანიც ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს. მისი აზრით, პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს.
„ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ.
არავინ საუბრობს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არაა რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სავალუტო ბაზარზე იმდენად გაურკვევლობაა, რომ კომერციული ბანკების პირველი პირებიც კი ითხოვენ განმარტებებს ქვეყნის მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ პირდაპირ აღნიშნა, რომ უნდა გაკეთედეს განმარტებები არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ლარის გაცვლითი კურსის სისუსტე საკმაოდ დიდ გაურკვევლობას წარმოქმნის. ის განსაკუთრებულად აისახება მათზე, ვისი ბიზნესიც ლარში საქმიანობს ან ვინც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს. შესაბამისად, აუცილებელია, გასაგები და გამჭვირვალე პოლიტიკის არსებობა ლართან მიმართებით. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, სასურველია, რომ გაკეთდეს უფრო მეტი განმარტება მის შესახებ“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ქვეყნის მეორე უდიდეს ბანკში ფიქრობენ, რომ ლარი ამჟამად ზედმეტად არის გაუფასურებული და დროთა განმავლობაში თავის ნიშნულს დაუბრუნდება. „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტის დღევანდელი გაუფასურება ისევე დროებითია, როგორიც ეს პანდემიის პირველი ტალღის დროს იყო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია.
„არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ, სებ-ი აღარ გააგრძელებდა ინტერვენციებს და აუცილებლად გაუფასურდებოდა ლარი. ეს იყო არა ობიექტური რეალობა, არამედ განწყობები, რამაც ბუნებრივია იმოქმედა კურსზე.
ჩვენი შეფასებით, დღეს ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული და აუცილებლად დაიწევს წლის ბოლომდე 3.30-ის ნიშნულზე ან უფრო ქვევით, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზია. ვალუტის მიწოდება კი ბაზარზე აუცილებლად გაგრძელდება ეროვნული ბანკის მხრიდან“, - განაცხადა ნადარაიამ.
ბიზნესი გაუფასურებული ლარის გამო გაურკვევლობაშია და სასწრაფოდ ქმედით ზომებს ითხოვს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე მხარე ვეძებოთ, აუცილებელია მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა.
„ეკონომიკაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე პანდემია და პოლიტიკური დაძაბულობაც, რა თქმა უნდა, მოლოდინიც, მაგრამ ცალსახად ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ გამოსავალს დაბრალებაში. დაბრალება შედეგს ვერ მოგვიტანს. არასდროს არ ვეძებ წარუმატებელ თემაში ვინ რა „მიქარა“... ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს დღევანდელ სიტუაციაში რა გამოსავალი არსებობს - რა გამოსავალი გვაქვს, რომ დღეს კურსის ვარდნა მინიმუმ შეჩერდეს და ადამიანს გაუჩნდეს განწყობა, რომ მისი მომავალი იქნება სტაბილური და არ იქნება ასეთი მერყეობა და ცვლილებები, როგორიც დღეს გვაქვს... ცალსახად, რომ ეს ოპოზიციის ბრალია, ეს მიზეზის ძებნას უფრო ჰგავს, რომ გამართლდეს დღევანდელი მდგომარეობა“, - აღნიშნა „საქმის კურსში“ თემურ ჭყონიამ.