ვენეციის კომისიას ამოფარებულნი

ვენეციის კომისიას ამოფარებულნი

30 იანვარს საქართველოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ეწვევიან. აშკარაა, რომ ყოფილი ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას ებღაუჭება და, როგორც ჩანს, პირადი ნაცნობობის იმედიც აქვთ, რომ ვენეციის კომისიის წევრებს ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობენ.

მართალია, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ხელისუფლების ყველა შტოს შეხვდებიან, მაგრამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აპირებს,  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დაუფიქსიროს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს და იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისიის წევრები სწორედ მის მიერ წარმოდგენილ პოზიციას დაეთანხმებიან.

კოტე კუბლაშვილის ოპტიმიზმის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბოლო დროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომ სასამართლო რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივებით ზედიზედ გამოდის, ესეც ფაქტია. თუმცა მისი ინიციატივით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის დაუშვებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტიებს ეხება, რისი შელახვაც, საზოგადოების აზრით, სწორედ კუბლაშვილის სასამართლოს დროს ხდებოდა. ამიტომაც ახალი ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული იუსტიციის სამინისტრო უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საკითხები, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი საუბრობს, არა კონსტიტუციით, არამედ ორგანული კანონით უნდა რეგულირდებოდეს. უფრო მეტიც, „ის, რაც რეგულირდება ორგანული კანონით, არ არის საჭირო, რეგულირდებოდეს კონსტიტუციითაც“, - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.
ბარამიძის განმარტებით, თუ კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო, მაშინ უნდა შეიცვალოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, ანუ - კოტე კუბლაშვილი.
კოტე კუბლაშვილის ე.წ. „ინიციატივებს“ თვალის ახვევად მიიჩნევენ ექსპერტები. მათი აზრით, კუბლაშვილი ვენეციის კომისიის შეცდომაში შეყვანასაც შეეცდება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ვენეციის კომისია სიმართლის დანახვას.

For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა აქვს კოტე კუბლაშვილს, როგორც ხავსს ჩაჭიდებულ წყალწაღებულს. ამ ეტაპზე ვახტანგ ძაბირაძისთვის უცნობია, რამდენად ჩახედულია ვენეციის კომისია იმ ნაწილში, რაზეც კუბლაშვილი ლაპარაკობს, მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ, როცა აღნიშნული კომისია ჩამოვა, ის შეხვდება არა მარტო კუბლაშვილს, არამედ სხვებსაც, საპარლამენტო უმრავლესობასაც და ექსპერტებსაც. ამდენად, უცხოელებს ზუსტად გააცნობენ იმ ხიფათსა და არსს, რაც დღეს ჯერ კიდევ არსებობს კოტე კუბლაშვილის ხელში.

„ასეთ შემთხვევაში, მე არ ვიქნებოდი ისე იმედიანად, როგორც კუბლაშვილია. რატომღაც ჰგონია, ვენეციის კომისია უპირობოდ დაუჭერს მხარს. როდესაც საქმე ეხებოდა კონსტიტუციას, ვენეციის კომისია ნაციონალებს უპირობოდ მხარს არ უჭერდა. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც 2013 წელს უნდა შევიდეს მოქმედებაში, იყო უამრავი შენიშვნა და ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას მაშინდელმა, 2010 წლის დროინდელმა პარლამენტმა, არ მოუცადა, რადგან იცოდნენ, რომ იქიდან ცუდი დასკვნა მოვიდოდა. როდესაც საარჩევნო კოდექსზე იყო საუბარი, იქაც იყო შენიშვნები ვენეციის კომისიიდან. ასე რომ, რატომ ლაპარაკობენ ნაციონალები, რომ ვენეციის კომისია მათ ცალსახად უჭერდა მხარს რომელიმე კანონთან მიმართებით, ეს ნამდვილად არ ვიცი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ინიციატივები კუბლაშვილს მას შემდეგ გაახსენდა, რაც ახალმა ხელისუფლებამ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების შეცვლის საკითხი გადაწყვიტა. კერძოდ, დღის წესრიგში დადგა, თუ ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე. თუ ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პრეზიდენტი იყო, მოგვიანებით ეს საბჭო უზენაეს სასამართლოს ექვემდებარებოდა. თანაც, დაქვემდებარების წესი იყო ისეთი, რაც ხელს აძლევდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს. ამდენად, სწორედ მას არ აწყობდა, რიგითი მოსამართლეები გადაწყვეტილების მიმღებნი ყოფილიყვნენ. ამიტომ, თუ ეს ცვლილება შევა კონსტიტუციაში, მაშინ ძველი წესი გაუქმდება და შესაბამისად, ცუდ დღეში აღმოჩნდება კუბლაშვილს დაქვემდებარებული იუსტიციის საბჭო.

პოლიტიკური ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალებმა ძლიერი კონტაქტები გამოიყენეს და ვენეციის კომისიას სულ სხვანაირად წარმოუდგინეს, თუ რა სურს ახალ ხელისუფლებას და თურმე როგორ „ებრძვის“ ე.წ. დამოუკიდებელ სასამართლოს. ამიტომ, კახა კახიშვილის აზრით, ნაციონალები ახლა იმის იმედად არიან, რომ ვენეციის კომისია ჩამოვა და ახალ ხელისუფლებას ეტყვის, რომ უნდა გაიზიარონ სასამართლოს რეკომენდაციები. თუმცა, პოლიტიკური ექსპერტი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აუხსნიან ვენეციის კომისიას, როგორ იყენებდა მათ სახელს „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის პერიოდში, მათ შორის, ისეთ კანონებთან მიმართებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნების კანონმდებლობას და ახლაც ასეთივე განზრახვები აქვს ე.წ. დამოუკიდებელ სასამართლოს ამ კანონპროექტთან მიმართებით.

„მოსამართლის ხელშეუხებლობის შესახებ კოტე კუბლაშვილს ცხრა წლის წინ რომ გახსენებოდა, არ იქნებოდა ცუდი. მისი უპრინციპო პოზიციის გამო სასამართლო პროკურატურის დანამატად გადაიქცა. ასე რომ არ მომხდარიყო, დღეს შესაძლებელია, ასეთი ცვლილებები არც დაგვჭირებოდა. ასე რომ, ახლა კოტე კუბლაშვილი გადასულია სხვა რეჟიმზე - ვინაიდან ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა არ არის, ამიტომაც ცდილობს, ის სასამართლო, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობის სურვილებს ასრულებს, ისევ ნაცმოძრაობის სურვილების აღმსრულებელი იყოს. ჩვენ ქვეყანაში არ გვქონია სასამართლო, არამედ გვქონდა ნაცმოძრაობის სურვილების აღმსრულებელი“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ასე რომ, კუბლაშვილის დღევანდელი ინიციატივა კახა კახიშვილს მხოლოდ საკუთარი თავისა და ზოგიერთი დამნაშავე მოსამართლის გადარჩენის მცდელობად მიაჩნია.