ჰორეკა ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია. რასაკვირველია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ სექტორისთვის გაზაფხულამდე არაფერი შეიცვლება, იქამდე კი რამდენი კომპანია მიატანს, ძნელი სათქმელია. შეიძლება რესტორნებისა და სასტუმროების ნახევარზე მეტი გაკოტრდეს, ხოლო ტურისტული სააგენტოები უკვე დიდი ხანია ამ გზას ადგას.
გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლის ქეთევან კვიჭიძის განცხადებით, არსებულ კრიზისულ სიტუაციაში სარესტორნო სექტორის მხოლოდ 50% გადარჩება. შედარებით უკეთესი მდგომარეობის შენარჩუნება დღეს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
„დღეს ერთადერთი გამოსავალი, რასაც ვხედავ, არის ის, რომ სარესტორნო ბიზნესზე ის შეღავათები გაგრძელდეს, რაც აქამდე იყო, ასევე დღგ-ს პოლიტიკაა გადასახედი. ახლა ისევ პრობლემის წინაშე ვდგებით. მეორე გამოსავალი არის ის, რომ რესტორნებმა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაცია თავად მოახდინონ.
ჩვენი ბიზნესის უმეტესობა ბანკებზეა დამოკიდებული. გარკვეული პერიოდი, როდესაც შემსუბუქდა და გადახდა გაჩერდა, ეს ბიზნესისთვის შეღავათი იყო. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც, რის გამო ფასები გაძვირდა და ეს რესტორნების მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოხდა“, - განაცხადა კვიჭიძემ.
მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციას სარესტორნო სექტორის მხოლოდ 50% გაუძლებს.
„სარესტორნო სექტორის 50% გადარჩება, დანარჩენებს ვერ დავაიმედებ. პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ კარგი მოლოდინი გვქონდა, რომ ყველაფერი გაიხსნებოდა და კარგად იქნებოდა. სახელმწიფოში და ბიზნესში კრიზის მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს. ბიზნესები არ მოემზადნენ და ამას რეალურად უნდა შევხედოთ, რომ სარესტორნო ბიზნესში გადარჩევა მოხდება“, აღნიშნა „საქმიან დილაში“ კვიჭიძემ.
მდგომარეობა მთელ სექტორში მართლაც რთულია. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში რეგულაციებზე, დახმარებების გაგრძელების აუცილებლობაზე და ბიზნესისთვის დაგროვილი გადასახადების სრულად ჩამოწერაზე საუბრობენ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ჰორეკა სექტორი დაგროვილ დავალიანებას ვერ გადაიხდის და ეს თანხა ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოსაწერია.
„მთავარი პრობლემა, რაც ბიზნესს აქვს, არის ნაღდ ფულზე ხელმისაწვდომობა. უნდა ვიფიქროთ კომპანიებისთვის იმ შეღავათების გაგრძელებაზე, რაც აქამდე იყო. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით. პრობლემა, რომელიც ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის და კვების ინდუსტრიაში გვაქვს, უკავშირდება გადავადებულ საშემოსავლო ვალდებულებებს. იგი 4 თვით გადაუვადეს და ახლა უჩნდებათ ვალდებულება, რომ პირველი დეკემბრიდან პირველ იანვრამდე დაფარონ.
თავის დროზე ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს სექტორი გაცოცხლდებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ მოხდა. შესაბამისად, დაგროვილ დავალიანებას მით უფრო ვერ გადაიხდიან და ეს თანხა ნებისმიერ შემთხვევაში არის ჩამოსაწერი, რაც ახალმა პარლამენტმა უნდა განიხილოს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
ფაქტია, რომ ბიზნესს მთავრობის დახმარება არ ჰყოფნის. მათთვის ახლა სხვა გზების გამოძებნაა სააჭიო, რადგან დახურული და გაკოტრებული კომპანიების რაოდენობამ არ მოიმატოს. როგორც ტურისტული კომპანია „კაუკასუს თრეველის“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ აღნიშნა, ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადი უნდა განულდეს.
„ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სახელმწიფო წინმსწრებად უნდა ფიქრობდეს. ტურიზმის სექტორი კი არ უნდა ითხოვდეს გადასახადების გადავადებას, არამედ სახელმწიფო უნდა ასწრებდეს მას. თუ ეს არ მოხდა, ბევრი კომპანია აღმოჩნდება არაადეკვატურ მდგომარეობაში, დაიწყებს ფიქრს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლაზე და მივიღებთ უკუეფექტს - ბევრი გაკოტრდება, ბევრი გადავა ჩრდილში და საერთოდ, ნიჰილიზმი დაისადგურებს ამ სფეროში.
ამიტომ სახელმწიფოს ვალია, რაც შეიძლება ბრძნულად გადაწყვიტოს ეს საკითხი, ნაკლები საგადასახადო ტვირთი დაადოს ამ სექტორს. ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადები უნდა განულდეს, მთელი იმ სტაგნაციის პერიოდში, რომელიც გვექნება. ამაზე მეტი ფორსმაჟორი საქართველოს უახლოეს ისტორიაში შესაძლოა, არც დადგეს“, - განაცხადა კიკნაძემ.