პოლიტიკური ექსპერტები ხათუნა ლაგაზიძე და კახა კახიშვილი საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის ჩამოყალიბებას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით განცხადება ექსპერტებმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს.
„მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობამ გააკეთა განცხადება, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე სამუშაოდ იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც პარლამენტში მყოფი პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ფორმატით მომუშავე ჯგუფი სამართლებრივ საარჩევნო კოდექსს ვერ შეიმუშავებს, რადგან მასში მხოლოდ პარლამენტში დღეს მყოფი პარტიების ინტერესები იქნება წარმოდგენილი. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, რომ სამუშაო ჯგუფი, ამ ეტაპზე, პარლამენტის დაქვემდებარებიდან გამოვიდეს (თუმცა ბოლოს, რა თქმა უნდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ისევ პარლამენტის მისაღები იქნება) და ამ ტიპის სამუშაო ჯგუფი უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეიქმნას“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისი თქმით, ამ ჯგუფში პარიტეტულ საწყისებზე წარმოდგენილები უნდა იყვნენ, ერთი მხრივ, პარლამენტში მოღვაწე პარტიების წევრები, ხოლო მეორე მხრივ, ამ ჯგუფის ნახევარი უნდა დააკომპლექტონ ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ინიციატივის ავტორების მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ პარლამენტში დღეს წარმოდგენილი პარტიების რეიტინგები პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალების რეიტინგებისგან დიდად არ განსხვავდება, ხოლო პარლამენტში არსებული ვითარება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ხათუნა ლაგაზიძისა და კახა კახიშვილის შეფასებით, ივანიშვილი დღეს საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნა აწყობს და სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მასთან. მეორე მხრივ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალურად ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნის გარანტი არის სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ამიტომ, ეს სეგმენტი სამუშაო ჯგუფში რაც შეიძლება ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები აფიქრებინებს, რომ დღეს მოღვაწე პოლიტიკური პარტიები საკუთარი რეიტინგის სიმწირის შევსებას ადმინისტრაციული რესურსებით შეეცდებიან და ამის გამოც იბრძვიან ადგილობრივ დონეზე თანამდებობის პირების საკუთარი კადრებით ჩასანაცვლებლად. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფში მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას, თორემ თუ საარჩევნო კოდექსზე ამ ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ეს კოდექსი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე იქნება მორგებული.
კახა კახიშვილი ამბობს, რომ წარსულმა გამოცდილებამ ცხადყო, საარჩევნო კოდექსი მასზე მომუშავე პოლიტიკური პარტიების ვაჭრობის შედეგად მიღწეული რაღაც ნორმათა კრებული ხდება, რომელიც წინასაარჩევნოდ სწორედ ამ პარტიებს უწყობს ხელს. ამიტომაც, ვინაიდან არჩევნები მხოლოდ პარტიული ღირებულება არ არის, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობაში მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა.
„საჭიროა ამ ვითარებაში ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ წმინდა ზეპარტიული საარჩევნო კოდექსი, სადაც არ იკვეთება ვიწრო პარტიული ინტერესები. ძირითადად ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო სისტემებს და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემატიკას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იფიქრონ ცვლილებებზე არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსში, არამედ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რადგან 2011 წელს „ნაცმოძრაობამ“ ამ კანონზე იძალადა. ცვლილებები, რომლებიც ამ კანონში შევიდა და დღესაც მოქმედებს, არაადეკვატურია და საარჩევნო სუბიექტებს უბიძგებს, რომ საარჩევნო კამპანიის შავი ფულით დაფინანსებაზე გადავიდნენ“, - ამბობს კახიშვილი.
ამის მაგალითად მას მოჰყავს თავად „ნაცმოძრაობის“ მიერ შემუშავებული რამდენიმე სქემა, როდესაც იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისას გარკვეული პრობლემები ექმნებოდა ამ კანონთან, იძულებული იყო სხვადასხვა „შავი“ გზებით დაეფინანსებინა საკუთარი საარჩევნო კამპანია.
კიდევ ერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც ხათუნა ლაგაზიძესა და კახა კახიშვილს საკუთარი პოზიცია და ინიციატივა აქვთ, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები. კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაზე.
„ერთი მხრივ, ამაში ცუდი არაფერია, რადგან როგორც ჩანს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, მაგრამ ეს არის ძალიან საკამათო თემა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომლის ინიცირებაც უცებ შეიძლება მოხდეს და ერთ თვეში, ან თვენახევარში უკვე კონკრეტული რეგულაციები ვიხილოთ, რადგან კითხვა - საპარლამენტო რესპუბლიკა, თუ საპრეზიდენტო? დაახლოებით ისეთივეა, როგორც მანქანებზე რომ იკითხო, რომელი მანქანა ჯობია, ჯიპი, თუ სედანი. რა თქმა უნდა, ორივე კარგია, მაგრამ უნდა იცოდე, რისთვის იყენებ ამ მანქანას“, - აღნიშნავს კახა კახიშვილი.
მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ იქნება არჩეული, მისი ლეგიტიმაცია ნაკლები იქნება. კახიშვილი სვამს კითხვებს - აქვს თუ არა ამ პარლამენტს მორალური უფლება, აირჩიოს პრეზიდენტი? არიან თუ არა პარლამენტში არსებული პარტიები მოსახლეობის მხრიდან მათ მიმართ არსებული მხარდაჭერის პროცენტული მონაცემების შესაბამისად წარმოდგენილები? ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის, რადგან 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები იყო კონტრასტული არჩევნები - „მე მინდა მიშა, ან მე არ მინდა მიშა“ პრინციპით. კახიშვილის შეფასებით, კოალიციაში შემავალი სუბიექტებიც კი ბიძინა ივანიშვილზე იყვნენ მიბმულები და ამიტომ მათგან ასეთი ინიციატივის გაჟღერება დღეს უცნაურად ჟღერს.
„ერთი მხრივ, ხდება პოლიტიკური პროცესებისგან იმ პოლიტიკური სუბიექტების გამიჯვნა, რომლებიც ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ოთხწლიანი ვადა ძალიან დიდია იმისთვის, რომ ისინი ამას დაელოდონ. ჩვენ გვინდა სახელმწიფოს დემოკრატიული კუთხით განვითარება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ასეთი საკითხები მოსახლეობის ინფორმირების და რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ უნდა გადაწყდეს“, - აბობს ექსპერტი.
მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ერთი მოდელიდან მეორეზე გადავდივართ, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, თითოეული მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ სწორედ მოსახლეობამ (რეფერენდუმის გზით) უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოდელი ურჩევნია, და არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ. ამასთანავე, კახიშვილი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებშიც ხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, რის მაგალითადაც ავსტრია მოჰყავს, გერმანიაში კი, მართალია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა, მაგრამ ამისთვის იქმნება სპეციალური კრება, რომლის შემადგელობაშიც შედიან ლენდების, ბუნდესტაგის წარმოამდგენლები და სწორედ ისინი ირჩევენ პრეზიდენტს. საქართველოს პარლამენტი კი, ექსპერტების განცხადებით, არ არის სათანადო ლეგიტიმაციის მქონე, რადგან მასში პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი წარმოდგენილი არ არის.
კახა კახიშვილს მიუღებლად მიაჩნია ვახტანგ ხმალაძის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მისი არჩატარებით ქვეყანა სერიოზულ ეკონომიას გააკეთებს. ექსპერტი ამ განცხადებაზე თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან პარალელს ავლებს და ამბობს, მაშინ არჩევნებს სულ ნუ ჩავატარებთო. ამასთანავე, ექსპერტს არ ესმის, რატომ გახდა პრეზიდენტის არჩევის წესი ამ ეტაპზე ასე აქტუალური.
„სჯობს ვიფიქროთ საარჩევნო სისტემებზე, რომლებსაც სხვათაშორის, საპარლამენტო არჩევნებამდე სერიოზულად ვაკრიტიკებდით. ასევე ვიფიქროთ სხვადასხვა რეგულაციებზე, რომლებიც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს და პოლიტიკურ სუბიექტებს (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ხელისუფლებაში) თანაბარ სასტარტო პირობებს მისცემს, ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ ხმების ის რაოდენობა მიიღონ, როგორი მხარდაჭერაც აქვთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ, თუნდაც იმ წარმომადგენლობითი პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევაზე“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით კი, განვლილი ოცი წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ის მოდელი, რომელიც კონსტიტუციაში 2013 წლიდან არის ჩადებული, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანს საუკეთესოდ განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ იქნება არჩეული, მისი უფლებები ფაქტობრივად განულდება და იგი, როგორც ბალანსის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩადებული. ასეთ შემთხვევაში, ექპერტის თქმით, თუკი დღეს თავად ბიძინა ივანიშვილი არის იმის გარანტი, რომ მთელი ძალაუფლების ერთი პერსონის ხელში აკუმულირება არ მოხდება, ნულოვანი უფლებების მქონე პრეზიდენტის და ახალი პრემიერის არსებობის შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობა იქმნება იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის ხელში მოხდეს იმ ძალაუფლების აკუმულირება, რომელიც განვლილი ოცი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ხელში იყო.
„ნუ გავაკეთებთ კიდევ ერთხელ ისე, რომ კონსტიტუციური ცვლილებები პერსონებზე მორგებით განვახორციელოთ და სჯობს, პრეზიდენტი იმ უფლება-მოსილებებით დავტოვოთ, რომელსაც მას 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში ასამოქმედებელი ცვლილებები ანიჭებს“, - ამბობს ლაგაზიძე.