საქართველოში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ ბანკებშიც კი არ არის დაცული, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ამის მიზეზი უყურადღებობა და თავისდაუნებური გულგრილობაა, რასაც ისეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს, როგორიც ზუგდიდის ცნობილი ძარცვის შემთხვევაში.
კომერციული ბანკებისთვის არ არსებობს რეგულაციის სახით მკაცრად გაწერილი კონკრეტული მოთხოვნები, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები დაცული. საფინანსო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას თქმით, საფინანსო ინსტიტუტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თუმცა თვისით საზღვრავენ, როგორი უნდა იყოს და რა თანხა გამოიყოს დაცვაზე.
„ბუნებრივია, სადაც ფული ტრიალებს, იქ კრიმინალის ინტერესიც არის უფრო გაზრდილი და ყოველთვის იქნება მცდელობა დააყაჩაღონ ესა თუ ის ბანკი და მათი ფილიალი. საქმე ამაში არ არის. კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, მაგრამ წინ აღუდგე კრიმინალური ელემენტების ქმედებას, ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცოტა რამ თუ კეთდება საქართველოს საბანკო სექტორში.
ეროვნულ ბანკს ნაღდი ფულის მართვასთან დაკავშირებით არსებულ დებულებაში მხოლოდ ის უწერია, რომ ფილიალები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან ოპერაციებს, ვალდებულნი არიან ფიზიკური უსაფრთხოება ან დაცვა უზრუნველყონ თვითონ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სებ-ს ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებით მეტი არაფერი არ აქვს ნახსენები და არც რეგულირება აქვს კომერციული ბანკებისთვის დაწესებული.
გამოდის, რომ ყველა კომერციული ბანკი თვისით საზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს დაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და რა თანხა უნდა გამოიყოს ასეთი სიძლიერის დაცვაზე. ვინაიდან კომერციული ბანკი არის კომერციული სტრუქტურა, ორიენტირებულია მოგებაზე, ბუნებრივია, მათ გააჩნიათ მისწრაფება, რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯონ ასეთ ღონისძიებებზე. ვინაიდან, ზოგადად, დაცვა ჯდება ძვირი. ამიტომ, ყოველი ბანკის მხრიდან საკუთარი წარმოსახვის შესაბამისად, შენობების დაცვის პროცესი არის უმართავი.
ის თანხა, რაც არის წაღებული დამყაჩაღებლების მიერ, არის ბევრად მიზერული, იმასთან შედარებით, თუ რა უნდა დახარჯოს კომერციულმა ბანკმა ობიექტების დაცვისთვის. რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეაქციას, სებ-ი ნაკლებად ერევა კომერციული ბანკების საქმიანობაში. ის ფაქტობრივად, გახდა კომერციული ბანკების მომსახურების სააგენტო“, - განუცხადა ლია ელიავამ „ბიზნესპრესნიუსს“.
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეცგადაზიდვის სამმართველოს ყოფილ მთავარ ექსპერტს, მამუკა ხუციშვილს უამრავი კითხვა გაუჩინა შეიარაღებულმა თავდასხმამ.
„როგორც ექსპერტს, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის ინფორმაციის გახმაურებისთანავე ერთი კითხვა დამებადა: რატომ არ არსებობდა ბანკში უსაფრთხოების დაზღვევის მექანიზმები და თუ არსებობდა, რატომ არ იმუშავა არც ერთმა? წესით, ასეთ ობიექტში ყველაფერი სკრუპულოზურად უნდა იყოს გათვლილი, დაწყებული იმით, განგაშის ღილაკზე დაჭერიდან რამდენ წამში მივა დაცვის პოლიცია და დამთავრებული იმით, უნდა ჰქონდეს თუ არა ბანკის დაცვის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი.
მახსოვს, ინგლისის ცენტრალურ ბანკში გავოცდი, როცა ვერსად შევნიშნე უნიფორმაში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები, სანამ არ მიმითითეს, რომ ჩვენ გარშემო მოძრავი რამდენიმე კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა სინამდვილეში კბილებამდე შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი უსაფრთხოების თანამშრომელი იყო.
ბანკებს ყველგან ესხმიან თავს, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მაგრამ იქ შეცდომებზე მაინც სწავლობენ და დაცვის მექანიზმები მუდმივად იხვეწება. ჩვენთან კი წლებია ერთი და იგივე ხდება. ბანკებში უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები თუ უმოკლეს დროში არ დაიხვეწა, ამ შემთხვევებმა შესაძლოა სხვასაც უბიძგოს კრიმინალისკენ“, - განაცხადა მამუკა ხუციშვილმა.