ქვეყანაში ყველა ფასები ზრდაზე ლაპარაკობს, მაგრამ პარალელურად ინფლაცია მცირდება. ასეთი გაუგებრობის მიზეზი ისაა, რომ სურსათსა და სხვა აუცილებელი მნიშვნელობის საქონელის ღირებულება მატულობს, ხოლო მეორე და მესამეხაროსხოვანი პროდუქციისა თუ მომსახურების ფასი კრიზისის გამო მცირდება. საბოლოო ჯამში, ეს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე ახდენს გავლენას, მაგრამ მოსახლეობისთვის ვერაფერი შეღავათია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზრო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციის კლებაზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ახდენს გავლენას. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება.
„ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცედენტოდ ძლიერი რეცესიისა და ჩაკეტვების შედეგად, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკამ მძლავრი დარტყმა მიიღო. მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის წლიურად 12.3% ვარდნის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, კლებამ მესამე კვარტალში შედარებით ნაკლები - დაახლოებით 3.8 პროცენტი შეადგინა, თუმცა შოკიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს აღდგენას დაიწყებს და დაახლოებით 5 პროცენტით გაიზრდება. გასათვალისწინებელია, რომ გაურკვევლობა გლობალური მასშტაბითაც დიდია.
ბუნებრივია, კოვიდ-19-ისგან გამოწვეულმა მოვლენებმა გავლენა იქონია ინფლაციაზეც. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეტწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და პანდემიის გამო გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას უკავშირდება.
მეორე მხრივ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს შენელებული ერთობლივი მოთხოვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სებ-ის პათოსს არ იზიარებენ სპეციალისტები. ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის აზრით, რეალური ინფლაცია გაცილებით მეტია, რადგან ძვირდება ძირითადი სამომხმარებლო საქონელი, რასაც აბალანსებს ამჟამად ნაკლებად მოთხოვნად მომსახურებაზე დამუხრუჭებული ფასები.
„ინფლაცია 4%-ზე ნაკლებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი რეალობას ასახავს. კრიზისის გამო, მაგალითად, ტრანსპორტზე, დასვენებაზე და გართობაზე ფასები შემცირებულია, მაგრამ ძვირდება სურსათი, ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია, რაც თავისთავად პრობლემაა საქართველოს მოსახლეობისთვის.
ლარის გაუფასურება კი, რა თქმა უნდა, იწვევს ძირითადი მოხმარების საქონლის გაძვირებას და ეს საყურადღებო ფაქტორია. ახლა გაცვლითი კურსის დასტაბილურება მნიშვნელოვანია. პოლიტიკური ვითარების გამოსწორება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.