როგორ ავლენენ ცივილიზებულ ქვეყნებში ჯაშუშებს

როგორ ავლენენ ცივილიზებულ ქვეყნებში ჯაშუშებს

ჯაშუშების თემა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობისასაც იყო აქტუალური და ახლაც დარჩა, თუმცა აქტუალობის მოტივები სხადასხვანაირია. როგორ უვლიან განვითარებულ ქვეყნებში ჯაშუშობის თემას, როგორ იყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, როდის ახმაურებენ ან რა შემხთვევაში არ ახმაურებენ, ეს მხოლოდ ჯაშუშის გამომვლენი ქვეყნის შიდა საქმეა თუ იმ ქვეყნისაც, ვისზეც ჯაშუშობდნენ, –  ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკისგან, ბესო ალადაშვილისგან შევეცდებით.

– თუ სამართლებრივად განვიხილავთ, ეს არის სახელმწიფო დანაშაული. რადგან მიმართულია არა პიროვნების, არამედ სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ. ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაულია. ისტორიკოსები და სპეციალისტები ბიბლიაშიც კი პოულობენ ამ დანაშაულის ნიშნებს და, ალბათ, რაც ადამიანი გაჩნდა და სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა დაიწყო, ეს დანაშაულიც არსებობს. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტი. მაგრამ არის ორი მიმართულება: არის სპეცსამსახურების საქმიანობა, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნის საიდუმლოების გასაგებად და მეორეა სპეცსამსახურები, რომლებიც ამ საიდუმლოების დასაცავადაა შექმნილი, ანუ კონტრდაზვერვა. მარტივად რომ ვთქვა, ერთი მუშაობს ქვეყნის გარეთ, მეორე  –  ქვეყნის შიგნით. მაგალითად, შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ეკრძალება ქვეყნის შიგნით ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა, თუმცა „პატრიოტის აქტმა“ ცოტა გაუფართოვა არეალი და იმავე შეერთებულ შტატებში კონტრდაზვერვის ფუნქციას ასრულებს გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელსაც ბოლო წლებამდე არ ჰქონდა ქვეყნის გარეთ საქმიანობის უფლება. ანუ ჩვეულებრივი საქმიანობაა: ვიცავ ჩემს საიდუმლოს და ამავდროულად მაინტერესებს, სხვაგან რა ხდება.

გლობალიზაციის პირობებში აგენტურული საქმიანობა საკმაოდ გავრცელებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქციაა დღეს, მასზე ნადირობენ.  ბოლო ათწლეულში ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა და დღე არ გავა, რომელიმე ქვეყანაში სხვა ქვეყნის ჯაშუში არ გამოავლინონ, მაგრამ ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დელიკატურობას და თამაშის დაუწერელი წესების დაცვას.

ჩვენ გვახსოვს 2006 წელს, თუ არ ვცდები, როგორ საზეიმოდ გადასცეს რუსეთს რუსეთის ჯაშუშები.

–  ეს არ იყო პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ბევრი რამ, რაც ვარდების რევოლუციიდან ხდება, არ ვიცით. ამასთან, არის განსხვავება მშვიდობიან პერიოდში და ომის დროს ჯაშუშობაში.

მეორე უფრო მძიმე იქნება.

– რა თქმა უნდა. ჩვენთან ჯაშუშობა  20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და რუსეთის კანონმდებლობითაც დაახლოებით იგივე სასჯელია ქონების კონფისკაციით. როგორც წესი, ქვეყნები, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ერიდებიან ჯაშუშების თემის გამჟღავნებასა და გაფიარებას, თუმცა ყველამ იცის, რომ ყველა შპიონობს ერთმანეთზე და ეს მოსულა.

გასაგებია, მოხერხებულობაზეა, ვინ ვის გააცურებს.

– მოხერხებულობაზე, პროფესიონალიზმზე, მიდის ათასნაირი თამაშები, არიან ორმაგი, სამმაგი აგენტები, ხდება დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით თვალის დახუჭვა. ხშირად იციან, რომ ადამიანი აგენტია, მაგრამ თვალს ხუჭავენ, რომ დეზინფორმაცია შეაჩეჩონ. მაგრამ აქ მთავარი რა არის: ცოდნა, რომ შენ გარშემო ჯაშუშები არიან, შეგიძლია, გამოიყენო. ესეც ხელოვნებაა, თუმცა შეგიძლია, დააკავო ისინი, პატრულის ფორმაში ლამაზად ჩაცმულ ვაჟებს და გოგონებს გადააცემინო და მსოფლიოში თავი მოჭრა რომელიმე სახელმწიფოს, აი, დავიჭირე შენი ჯაშუშებიო, მაგრამ მეორე საქმეა, რას მიიღებ აქედან.

თან, როგორც მივხვდი, ვერავის გააკვირვებ ჯაშუშების დაჭერით.

– უფრო ასეთი აფიშირებით გააკვირვებ, იმიტომ რომ ამ სფეროში ასეთი აფიშირება არ მოსულა. ეს არის ხელოვნური გაღიზიანება მეორე ქვეყნის, რომელსაც უნდა დაუტოვო შელახული პატივმოყვარეობის აღდგენის საშუალება. რაც მთავარია: ჯაშუშობის დამტკიცება ურთულესი საქმეა. შეიძლება, თვეობით და წლობით ხდებოდეს ფარული თვალთვალი, ინფორმაციის შეგროვება. ბუნებრივია, ჯაშუშის დაკავება დამაჯერებელია, როდესაც მას დააკავებ საიდუმლო დოკუმენტებით ხელში. როდესაც ქუჩაში იჭერ კაცს და ეუბნები, ჯაშუში ხარ და რაღაც „ფლეშკა“ მოგაქვსო, ჩნდება ეჭვი, რომ სამხილი ხელოვნურადაა შექმნილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ განგაშის ზარებს არისხებს, რომ ჯაშუშები გამოუშვეს პოლიტპატიმრობის მოტივითო, არადა, ჩვენ გვახსოვს, რომ მათაც გამოუშვეს მათ მიერვე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სიმონ კილაძე და სამი ფოტორეპორტიორი. ისინი, თუ ჯაშუშები იყვნენ, საშიშნი აღარ არიან? როგორ ხდება ხოლმე, ჯაშუშობისთვის დაკავებულებს რა შემთხვევაში უშვებენ, სიტყვაზე ენდობიან თუ მათგან გამოსწორების პირობას იღებენ?

– განსაკუთრებით ბატონ სიმონ კილაძის საქმე შევისწავლე დაწვრილებით. მასაც იგივე ბრალდება წაუყენეს, რაც ფოტორეპორტიორებს, რომ თითქოს იცოდა პრეზიდენტის ვიზიტის განრიგი, რაც სრული აბსურდია. შემდეგ იყო „ენვერის“ საქმე. რამდენიმე დღის წინათ შევხვდი სამ მფრინავს მათივე თხოვნით და დაწვრილებით მიამბეს ყველაფერი. ექვსი მფრინავი დაიჭირეს ჯაშუშობის ბრალდებით, სხვა ხუთი მფრინავი კი, არ დაუკავებიათ, მაგრამ გამოყარეს ჯარიდან.

ამდენი მფრინავი თუ ჯაშუში იყო, დავღუპულვართ და ესაა.

– ისმის კითხვა: ვისი ინტერესი იყო, რომ საქართველო, ფაქტობრივად, მფრინავების გარეშე დარჩენილიყო?! რომელთა მომზადებას სჭირდება წლები და ათასობით დოლარი?!

ლოგიკურია, ვივარაუდოთ, იმის ინტერესი იკვეთება, ვინც იმ დროს აშკარა მტრად მოიაზრებოდა.

– დასკვნა მკითხველმა გააკეთოს.

ერთია, რომ 11 მფრინავის გაუვნებელყოფით დასუსტდა საქართველოს მფრინავთა კორპუსი, მაგრამ მეორე პრობლემაა, თუ ისინი მართლაც ჯაშუშები იყვნენ, საერთოდ არ გვყოლია მფრინავები.

– საინტერესო საკითხები ირკვევა: ეს მფრინავები ომის დროს ასრულებდნენ საბრძოლო გაფრენებს, იცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებას, 2004 წლიდან იღებდნენ სახელმწიფო ჯილდოებს და მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, რომ ისინი არიან ჯაშუშები. თურმე მათ უთვალთვალებდნენ 2005 წლიდან. აპრიორი არასდროს ვამტკიცებ, ვინ მართალია და ვინ –  მტყუანი, მაგრამ ასეთ საქმეში სიჩქარე არ გამოდგება. სანამ არ დამტკიცდება დანაშაული, ადამიანი უდანაშაულოა და ისიც ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ჯაშუშია ჩვენთან.

წარმოუდგენელია, რომ არ იყოს.

– მაგრამ ძალიან უსუსური იყო მტკიცებულებები და დოკუმენტური მასალა. მფრინავები სიმწრის სიცილით ყვებოდნენ, როგორ იღებდნენ 3-4 დუბლს ფილმ „ენვერისთვის“. ამის შემდეგ იყო ფოტოგრაფების საქმე. თუ რაღაც სცენარი იწერება, სასურველია, უფრო ნიჭიერად დაიწეროს. თან მიაქციეთ ყურადღება: ეს ხომ ფუჭი გასროლები იყო?!

თუმცა ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ რუსეთს ეყოლება აქ თავისი ჯაშუშები.

–  თითქოს ჯაშუშებს იჭერდნენ და ამ დროს ნამდვილი ჯაშუშები  აბსოლუტურად თავისუფლად მოქმედებდნენ.

კოკო გამსახურდიას თემა საერთოდ ანეკდოტურია: ჯერ ჯაშუშობაში ამხილეს, შემდეგ პარლამენტში მიიპატიჟეს, დახეული მანდატი შეუწებეს და, ბოლოს, საერთაშორისო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში დანიშნეს საქართველოს წარმომადგენლად. ჯაშუშების გაცვლის მეთოდი თუ გამოუყენებია ჩვენს ქვეყანას?

– არის ერთი ქართველი პატრიოტი კაცი ზაზა ხერკელაძე, რომელიც აგერ უკვე 5 წელია, დაპატიმრებულია რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას სააკაშვილმა თქვა, გაეცვალათ მაინც ჯაშუშებიო, არადა, თავად 5 წელია, არაფერს აკეთებდნენ ამისთვის. ძალიან საინტერესო თემაა: ორი ტყუპი შვილი ჰყავს, ჩვენი ოფიცერი ვაჟკაცურად მოიქცა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება  დღესაც არ აღიარებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და არ იცავენ, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია და „კანონი სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ პირდაპირ ავალებს სახელმწიფოს, რომ უნდა გამოიხსნას თავისი მოქალაქე. რაც შეეხება გაცვლას: იმიტომაც არ უნდა იქცეს ჯაშუშების გამოვლენის პროცესი მასკარადად, რომ ეს პოლიტიკური კაპიტალია. ამიტომ ქვეყნები არ ახმაურებენ საკმაო ხანს, რადგან იციან, რომ შესაძლოა, მათ ჯაშუშში გაცვალონ. გავიხსენოთ, რა გააკეთეს ამერიკელებმა 2010 წელს: მათი კონტრდაზვერვა რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდა რუს ჯაშუშებს, მაგრამ არ აკავებდნენ, იკვლევდნენ მათ კავშირებს, მათ შესაძლო გასვლებს ამერიკის მოქალაქეებზე. მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ნაღები მოხადეს, მათთვის საჭირო აღარ იყვნენ და გაცვალეს შეერთებული შტატებისა და ინგლისის მოქალაქეებში. ანუ მოხდა ურთიერთსასარგებლო გაცვლა. რუსეთში მათ დახვდნენ, როგორც გმირებს, პუტინმა ჩაიც მიირთვა მათთან ერთად. უფრო შორსაც შემიძლია, წავიდე და გავიხსენო აბელის გაცვლა პაუერსზე. აბელი ცნობილი საბჭოთა ჯაშუში იყო, რომელიც ამერიკაში მოქმედებდა, პაუერსი კი საბჭოთა კავშირში ჩამოგდებული თვითმფრინავის მფრინავი. ჯაშუშებს რომ თავი დავანებოთ, გასული საუკუნის 70-იან წლებში ბუკოვსკი გაცვალეს ლუის კორვალანზე. გაცვლა საერთაშორისო პრაქტიკაა  იმისთვის, რომ შენი მოქალაქე დაიცვა. ამას აქვს აღმზრდელობითი მნიშვნელობაც, რადგან ადამიანი ხვდება, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეზე.

ცნობილია, რომ არც ერთი ქვეყნის ჯარი არ ტოვებს ბრძოლის ველზე დაჭრილ და დაღუპულ თანამებრძოლებს, უკან ბრუნდება დატყვევებულების გამოსახსნელად, რაც სტიმული და მოტივია, რომ შენც დაგიცავს შენი ჯარი და ქვეყანა.

– ისრაელმა ერთი ჯარისკაცის გამოსახსნელად ომი დაიწყო. ერთი სიტყვით, იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება უფრო მეტი სერიოზულობით შეხედავს ამ თემას. მხედველობაში მაქვს ეროვნული უსაფრთხოების ის კუთხე, რასაც ჰქვია კონტრდაზვერვითი მუშაობა.  მართალია, კუდი დაიშალა და ორად გაიყო, მაგრამ შსს-ს საიტზე არ არის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურების ფუნქცია-მოვალეობები, თუმცა არის, მაგალითად, ჯანდაცვის დეპარტამენტის, პოლიციის აკადემიის.

რაც შეეხება პოლიციის აკადემიას: მითითებული ყველა ტელეფონის ნომერი შეცდომითაა.

– შეგნებულად ხომ არ აკეთებენ?

არ ვიცი, მაგრამ ვის ემალებიან?!

– ზემოხსენებული ორი სააგენტოს გარდა, არსებობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. უკვე მეოთხე თვეა, ახალი ხელისუფლება მუშაობს, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება. ჩვენ იმიტომაც ვაკრიტიკებდით „ნაციონალების“ სისტემას, რომ იყო სრული სიბნელე და ჩაკეტილობა, საზოგადოებრივი კონტროლი კი –  ნულის ტოლი. დღესაც, ჩემი აზრით, ნაკლებია გამჭვირვალობა. უფრო მეტი აქტიურობა ჩანს თავდაცვის სამინისტროს მუშაობაში. ამ თემაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჯერ კიდევ გაერთიანებულია სამართალდაცვითი და კონტრდაზვერვის ფუნქციები. სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაშიც წერია, რომ შსს დაიშლება, სამართალდამცავი ორგანო ცალკე იქნება, კონტრდაზვერვითი –  ცალკე. რასაც ვაკვირდები, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გაკეთდა ძირითადად ამერიკელების რეკომენდაციებით, მაგრამ ისინი ხომ სიღრმეში აღარ ჩადიან?! ისინი ხომ არ არიან გარკვეული ჩვენს მენტალიტეტსა და რეგიონულ პრობლემებში?!

და, ალბათ, გარკვეული არიან თავიანთი ინტერესების კუთხით?

– რა თქმა უნდა და იმ არხისკენ გვიშვებენ, სადაც ძირითადად მათი ინტერესია.

თითქოს ითქვა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულთა საქმეები უნდა გასაჯაროვებულიყო, შემდეგ, ვერ მოხერხდება, რადგან გრიფისაიდუმლოდადევსო. ასე უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ არ არიან ჯაშუშები?

– მე მაქვს „ენვერის“ საქმეზე დაკავებულთა სასამართლო დადგენილება, ანუ ეს დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია, თან, როგორც ვიცი, მხოლოდ ორმა აღიარა ჯაშუშობა.

ძალიან მძიმე ბრალდებაა სამშობლოს მოღალატეობა, ამას შეიძლება, შეაკვდე.

– რა თქმა უნდა, კაცის კვლა მეორე-მესამე თაობამ შეიძლება, გაპატიოს, მაგრამ ჯაშუშობა მძიმე ბრალდებაა. ერეკლეს და შაჰ-აბასის დროიდან ვიცით, ვინ იყვნენ მოღალატეები. თუ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რატომ ვერ ხსნიან გრიფს „საიდუმლოდ“.

გარდა რუსეთისა, სხვა ქვეყნის ჯაშუშები თუ გამოვლენილა, რაც ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო?

– მე ისიც არ ვიცი, რამდენად იყვნენ დაკავებულები მართლაც რუსეთის აგენტები. ჩვენთან ნამდვილად ბევრი ქვეყნის ინტერესი იკვეთება, თან, არა მარტო ჩვენ მიმართ, არამედ ერთმანეთის მიმართ და საქართველო, ამ მხრივ, ერთგვარი პოლიგონია ქვეყნებისთვის ანგარიშსწორებისა და ურთიერთინფორმაციის მოპოვებისთვის. თუმცა მე ვერ ვიხსენებ, რომელიმე ქვეყნის აგენტი დაეჭიროთ.