ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მარადონას პირადმა ექიმმა ლეოპოლდო ლუკემ განაცხადა, რომ დიეგომ ოპერაცია კარგად გადაიტანა და ახლა ის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 60 წლის დიეგოს ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. დიეგო მარადონა ლა პლატის კლინიკაში გამოკვლევებისთვის რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.
„დიეგომ ოპერაცია კარგად გადაიტანა, უკვე გამოფხიზლდა. იგი თავს კარგად გრძნობს,“ - განაცხადა მარადონას პირადმა ექიმმა ლეოპოლდო ლუკემ, სასწრაფოდ დანიშნული ოპერაციის შემდეგ, რომელიც საათი და 20 წუთი გაგრძელდა.
1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო დროს ხშირად ექმენება. როგორც ცნობილია ერთ დროს გენიალური „ათიანი“ მრავალი წელია კოკაინზე დამოკიდებულებას ებრძვის. ოჯახის ექიმის თქმით, ბოლო დროს მარადონა ზედმეტად ხშირად იღებს ალკოჰოლს და ასე ცდილობს დეპრესიისგან თავის არიდებას. მარადონა ანტიდეპრესანტებსაც იღებს და დაძინება უჭირს. დიეგომ წონაშიც საკმაოდ დაიკლო.
აღსანიშნავია, რომ დიეგო მარადონა გასულ პარასკევს 60 წლის გახდა.