ეროვნულ ვალუტას უკვე პოლიტიკური დაძაბულობა არყევს. მთელი წლის განმავლობაში რაც ლარს პანდემიამ დააკლო, ახალ სამოქალაქო დაპირისპირების შიში „უვსებს“. არჩევნების დასრულებისთანავე გაცვლითმა კურსმა დაცემა დაიწყო და უკვე 3,31-ის ნიშნულს გადასცდა. ბიზნესი უკვე შეშფოთებულია, ლარს უკვე ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც ვერ შველის.
„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას, რა დროსაც სებ-მა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
„მოლოდინიც იყო, რომ არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდებოდა. სეზონურადაც დაემთხვა - წლის ბოლოს ენერგოიმპორტი იზრდება, ახალი წელიც ახლოვდება, მაგრამ ყველაზე მთავარი - კურსის მკვეთრი გაუფასურება უკავშირდება იმას, რაც ახლა ხდება, ანუ პოლიტიკურ არასტაბილურობას“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
მისი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება პოლიტიკური პროცესების დროს.
„ამ ეტაპზე ვალუტის კურსის დასტაბილურებისკენ არაფერი მიგვითითებს, მთავარია, ეს პოლიტიკური არასტაბილურობა ჩაქრეს და ნდობა გაჩნდეს, რისი ნიშნებიც ამ დროისთვის არ არის. როდესაც პანიკაა, არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ ხელი შეუწყოს კურსს. ამას არანაირი ინტერვენცია არ შველის. სებ-ის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციაც ამის დადასტურებაა. პანიკის დროს ინტერვენცია კურსის წამალი არ არის“, - განუცხადა „ბიემს“ ბოჭორიშვილმა.
ლარის მერყეობით შეშფოთებულია ბიზნესიც. ისინი მთავრობას სთხოვენ, ეროვნულ ვალუტას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, აუცილებელია, მთავრობამ ლარის კურსის გარშემო მდგომარეობა აკონტროლოს. ინფლაცია ისედაც კრიზისულ ზღვარზეა და გაუფასურება კიდევ უფრო გაართულებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
„პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ვიდრე პოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდება, ნომერი პირველი დავალება მათთვის არის ის, რომ ყურადღება მიაქციონ ლარს. ისედაც საკმაოდ კრიზისულ ზღვარზეა ინფლაცია და მოდის საკმაოდ მძიმე პერიოდი - ზამთარი. ამ დროს იზრდება იმპორტის წილი ქვეყანაში და საკმაოდ გაძვირდება პროდუქტებიც.
მნიშვნელოვანია, რომ იმ გუნდმა, რომელზეც დღეს არის ეკონომიკა დამოკიდებული, აქტიურად იმუშაოს და ქვეყნის ჩიხში შეყვანა არ დაუშვას. პოლიტიკური არასტაბილურობა გასაგებია, რაღაც პერიოდი იქნება, არაერთხელ გამოგვივლია, თუმცა იმიტომ არსებობს მთავრობა, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა ჭყონიამ.
იგივე მოსაზრებისაა კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. არსებული დაძაბული ვითარება არა მხოლოდ საფინანსო ბაზარზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ აფრთხობს ინვესტორებსაც.
„თუ ქვეყანაში კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა, ამ შემთხვევაში ინვესტორები აყოვნებენ გადაწყვეტილებების მიღებას, ვიდრე არ შეიცვლება სიტუაცია, რაც ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის პრაქტიკულად ის მოცემულობა, რომლითაც ინვესტორი პოტენციურად იღებს გადაწყვეტილებას.
დღევანდელი სიტუაცია ამის წინაპირობაა, სამწუხაროდ, კოვიდთან ერთად. შეიმჩნევა შენელება და ეს პირდაპირ აისახება ლარის კურსზეც, მიუხედავად ამხელა ინტერვენციისა, რომელიც 2 დღის წინ განხორციელდა სებ-ის მიერ.
ჩვენ, ბიზნესი უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შუალედური გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს, რადგან გვაქვს ქვეყანა, რომელზეც ვზრუნავთ და შესაბამისად, არ გვინდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი უმართავი პროცესები დაიწყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.