არჩილ თალაკვაძე: არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას ნამდვილად ჰქონდა ადგილი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას ნამდვილად ჰქონდა ადგილი

7 საჩივრიდან, რომელიც შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, წინასწარი შედეგებით ცნობილია, რომ 5 სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ჩადენილი, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს პოლიტიკოსების სფერო არ არის და ამ საკითხებს სათანადო ორგანოების შესწავლის საგანი.

„რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს ამ არჩევნებში, თუნდაც მედიასაშუალებების ხშირ შემთხვევაში თავდასხმას მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე, თავისუფალ აზრზე, ამაზე საუბარი დღეს ჩვენ არ გვქონია. თუმცა ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების წინ თუნდაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას. იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.