ვლადიმერ ბოჟაძე: პარალელურ დათვლაში „ნაცმოძრაობამ“ 26% მიიღო, ცესკოს მონაცემებში კი 27% და ამას ისინი გაყალბებულ არჩევნებს უწოდებენ

ვლადიმერ ბოჟაძე: პარალელურ დათვლაში „ნაცმოძრაობამ“ 26% მიიღო, ცესკოს მონაცემებში კი 27% და ამას ისინი გაყალბებულ არჩევნებს უწოდებენ

ჩვენ გვაქვს პარალელური დათვლა, რომელშიც „ნაცმოძრაობამ“ 26% მიიღო, ცესკოს წინასწარ მონაცემებში კი 27% აღმოაჩნდა და ამას ისინი გაყალბებულ არჩევნებს უწოდებენ. „გირჩს“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლელოსაც“ ცესკოს შედეგებში უფრო მაღალი შედეგები აქვთ, ვიდრე პარალელურ დათვლაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ყველა ამომრჩეველს არ აქვს ხმის მიცემის უფლება, ამიტომ ეს ვერ დაბალანსდება. გარდა ამისა, 127 სპეცუბანი შეიქმნა, სადაც თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანები აძლევდნენ ხმას. შესაბამისად, თუ ადამიანი არაა იმ ოლქის ამომრჩეველი, სადაც ბიულეტენი მიიღო, მასზე მეორე ბიულეტენი ვერ გაიცემა. თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობაში ეს ადამიანი ფიქსირდება, ვინაიდან მან სიაში ხელი მოაწერა. 9000-მდე ოქმი შედგა ქვეყანაში, ვინაიდან აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იყო, რამდენიმე ქალაქში მერი და ადგილობრივი ხელისუფლება აირჩიეს. ახლა დავა მხოლოდ 200-მდე ოქმზე მიმდინარეობს, მაგალითად, 117 ოლქს ასაჩივრებს საია. ზოგიერთ შემთხვევაში არაა ბალანსი - მაგალითად 721 წერია და ჯამში 722 გამოდის. ოქმები, სადაც 5-იანი 8-ანად იყო გადაკეთებული და ა.შ., იყო მიზანმიმართული პროვოკაცია - რომელი უჭკუო ადამიანი შეადგენს ოქმს, გადასცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს სახლში და შემდეგ ორიგინალში რაღაცას ჩაასწორებს და გაგზავნის ცესკოში? სანამ ოქმი დაიწერება, უბანზე მყოფმა ადამიანებმა უკვე იციან, ვინ მოიგო და ვინ წააგო. როდესაც ოქმი შედგენილია, ოპოზიციის წარმომადგენელს შეუძლია, გადაუღოს მას ფოტო და გაგზავნოს პარტიაში. ამ დროს ადამიანი სოფლიდან უნდა გაიქცეს ოლქში, შემდეგ ოლქმა ეს ოქმი უნდა გაგზავნოს ცესკოში, სადაც ამ დოკუმენტს ისევ დაასკანირებენ და სისტემაში ატვირთავენ - აი ამიტომ აგვიანებს ოქმების ატვირთვა ცესკოში. ამით სპეკულირებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ თამარ ჟვანია სხვის შედგენილ ოქმში რაღაცას თვითონ აყალბებს. ჩვენ გვაქვს პარალელური დათვლა, რომელშიც „ნაცმოძრაობამ“ 26% მიიღო, ცესკოს წინასწარ მონაცემებში კი 27% აღმოაჩნდა და ამას ისინი გაყალბებულ არჩევნებს უწოდებენ. „გირჩს“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლელოსაც“ ცესკოს შედეგებში უფრო მაღალი შედეგები აქვთ, ვიდრე პარალელურ დათვლაში. მთელი კამპანიის განმავლობაში ისინი ამბობდნენ, რომ ოპოზიცია ჯამურად იგებს არჩევნებს და მათ მოიგეს კიდევაც - „ქართულ ოცნებას“ აქვს 48%. წარმოგიდგენიათ, რომ ვინმემ არჩევნები გააყალბობს, საკუთარი თავის გარდა კიდევ 8 პარტია შეიყვანოს პარლამენტში, თვითონ 48% დაიწეროს, სხვებს კი 52%? ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა“, - განაცხადა ბოჟაძემ.