გოგა ხაინდრავა: ბურჯანაძე, ბოკერია და უგულავა ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და ვერც შედიან , იმიტომ რომ მაჟორიტარული ოლქები წააგეს და გამსვლელ სიაში არ არიან

გოგა ხაინდრავა: ბურჯანაძე, ბოკერია და უგულავა ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და ვერც შედიან , იმიტომ რომ მაჟორიტარული ოლქები წააგეს და გამსვლელ სიაში არ არიან

დაანონსებული იყო რევოლუცია, იმიტომ რომ ერთადერთი გზა, რომლითაც სააკაშვილს შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება ან საზოგადოებრივი დაპირისპირება, ან რევოლუცია. ყველა სხვა შემთხვევაში იქ წავა, სადაც მისი ადგილია, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მისთვის ასევე გაუგებარი, რატომ არ აგრძელებს ოპოზიცია მანდატებისთვის ბრძოლას, როცა მეორე ტურის შედეგებით თეორიულად პარლამენტში უმრავლესობის მიღება შეუძლია.

„როდესაც შენ შეგიძლია, რომ ერთი ხმით მეტი გქონდეს, ვიდრე დღევანდელ მმართველ პარტიას და რეალურად პრაქტიკულად ჩამოართვა ის უფლებამოსილება, რომლისთვისაც იბრძვი. რატომ აანონსებ რევოლუციას? რატომ გადიხარ ქუჩაში? რატომ აწყობ მიტინგებს? რა გინდა საერთოდ? მარტივი კითხვაა, რა გინდათ? 21 ნოემბერი მოდის, 16 გაუნაწილებელი მანდატია. დღევანდელი მდგომარეობით ქართულ ოცნებას აქვს 75 მანდატი“, - განაცხადა რეჟისორმა.

მან ოპოზიციის ქმედებებს მასკარადი და აბსურდი უწოდა.

„ბურჯანაძე პროტესტის ნიშნად არ შედის პარლამენტში, როდესაც ვერ შედის. ისევე ბოკერია და უგულავა ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და ვერც შედიან პარლამენტში, იმიტომ რომ მაჟორიტარული ოლქები წააგეს და გამსვლელ სიაში არ არიან. ამიტომ სად არ შედიან? სრულ აბსურდში ვართ“, - ამბობს ხაინდრავა.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.