არჩევნები დასრულდა, მაგრამ ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის რთული პერიოდი არ დამთავრებულა. მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ამ მხრივ სრული გაურკვევლობაა.
ამ დროს ბიზნესი სტაბილურ გარემოს ითხოვს, რადგან პანდემიამ ისედაც მძიმე დარტყმა მიაყენა. დარგის ექსპერტებს კი არსებულ რეალობაში ოპტიმიზმი ნაკლებად აქვთ შერჩენილი.
ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის აზრით, იმას თუ რა გავლენა ექნება საარჩევნო პროცესს ეკონომიკაზე, აქციების მასშტაბურობაზე და ხანგრძილივობაზეა დამოკიდებული.
„ყოველთვის, როცა არის პოლიტიკური არასტაბილურობა, ეს არის დამატებითი ნეგატიური ფაქტორი ეკონომიკისათვის. ახლა კი როცა ჯერ კიდევ საერთოდ არაფერია გარკვეული და პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადანაცვლებას ვხედავთ, ეს აისახება ყველაფერზე, მაგრამ რამე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, ჯერჯერობით ნაადრევია. ზოგადად კი იმას, თუ რა გავლენა ექნება საარჩევნო პროცესს ეკონომიკაზე, აქციების მასშტაბურობაზე და ხანგრძილივობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.
ეკონომისტი თვლის, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ პასუხობს კოვიდ19-ის შედეგად დამდგარ გამოწვევებს, შედეგებს კი მოსახლეობა მომავალი წლიდან მეტად იგრძნობს.
„სხვა ყველა ნეგატიური ფაქტორი რომ გვერდზე გადავდოთ, ძალიან დიდია პანდემიის დარტყმა ეკონომიკაზე, რაც სავარაუდოდ კიდევ მეტად გაღრმავდება, რადგან განვითარებული ევროპული ქვეყნები ახალი „ლოქდაუნის“ რეჟიმში არიან. მეტად სავარაუდოა, რომ შეზღუდვების დაწესება მოუწევს საქართველოსაც.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური ვარდნა მყისიერად არ აისახება მოსახლეობაზე. მაგალითად, 2008 წლის კრიზისის ასახვა 2010 წელს იყო ყველაზე მწვავედ. ასე რომ, ახალ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის კლებას ციფრებში, მაგრამ როგორ შეუმცირდა მოსახლეობას შემოსავალი პანდემიის გამო და რა დარტყმა მიიღეს ოჯახებმა, ამას 2021 წლიდან დავინახავთ. ამიტომ ახლა მთავარია, საერთაშორისო ნასესხები რესურსი, რომელიც 8 მლრდს შეადგენს, განკარგული იყოს სწორად, რაც ჩემი შეფასებით აქამდე არ მომხდარა“, - განუცხადა „ბიპიენს“ ეკონომისტმა.
ფინანსისტ დავით წიქარაძის შეფასებით კი, ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა ყველაზე მეტად ლარის კურსს აწვება. შესაბამისად, ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ ახლა სწორედ ეროვნული ვალუტაა.
„31 ოქტომბრის არჩევნებით დადგა მძიმე შედეგი ეკონომიკისთვის, როცა ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებისკენ არაფერი შეიცვლება. მძიმე პროცესების წინაშე აღმოვჩნდებით, რაც განსაკუთრებით ზამთარში გამოჩნდება, მაშინ უფრო ვიგრძნობთ. დიდი პრობლემაა მოსალოდნელი და ამ მთავრობას ეკონომიკის კოლაფსიდან გამოყვანის არანაირი გეგმა არ გააჩნია. ეკონომიკაში ბევრი პრობლემა გაჩნდება, მაგრამ ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად დაზარალდება. უკვე ეს მაშინებს, კატასტროფაა, მოქმედი პოლიტიკოსებიდან ამაზე არავინ ფიქრობს, ახალი მიდგომა, ახალი კადრი, გარდატეხა გვჭირდება, რაც ამ არჩევნებმა ვერ მოიტანა“, - აღნიშნა დავით წიქარიძემ.
სტაბილურობას ითხოვს ბიზნესიც. ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაძაბული პოლიტიკური გარემოა, ბიზნესს კი, მუდმივად ასეთ სტრესის ქვეშ მუშაობა დიდხანს არ შეუძლია.
კომპანია „დიოს“ მმართველ პარტნიორს თამაზ დაუშვილს იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა არსებული დაძაბულობის განტვირთვას შეძლებს.
„ბიზნესს არ შეუძლია იმუშაოს მუდმივად ასეთი სტრესის ქვეშ. ბიზნესი არ არის ცალკე აღებული ორგანიზმი, ეს არის უამრავი ადამიანის ერთობა, რომლებიც არიან დასაქმებულები და შესაბამისად, ასეთი არასტაბილური პოლიტიკური გარემო კერძო სექტორის განვითარებას ძალიან უშლის ხელს.
ამოსავალი წერტილი ქვეყნისთვის დასაქმება და შემოსავლების ზრდაა. შესაბამისად, ბიზნესს უნდა შევუქმნათ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო“, - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ მისი სურვილია, 4 წლის შემდეგ, მომდევნო არჩევნების დროს აღარ იყოს საუბარი არასამართლიან სასამართლოზე, ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და ბიუროკრატიაზე.