იმედი მაქვს, რომ ოპონენტები მიხვდებიან, რომ არ შეიძლება, საკუთარ ამომრჩეველსა და ქვეყანას გამოუცხადო ბოიკოტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ოპონენტები მიხვდებიან, რომ არ შეიძლება, საკუთარ ამომრჩეველსა და ქვეყანას გამოუცხადო ბოიკოტი. აქ არის ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი - სად არის სიმართლე. თუ ვინმე განზრახ ცდილობდა, არჩევნებში ვინმესთვის თავისი ხმა მოეპარა, ამ შემთხვევაში ყველა მათი მესიჯი იქნებოდა მართალი, მაგრამ როცა მათ პროტესტს საფუძველი არ აქვს და ისინი ტექნიკური ხარვეზების გამოყენებით, შესწორებების ოქმების დამალვით ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მათი ხმები მოიპარა ვიღაცამ. მაშინ იმ ვიღაცამ ჩვენი ხმებიც მოიპარა და ასეთი ვიღაც ბუნებაში არ არსებობს. ეს არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით იყო კონკურენტუნარიან და წინა არჩევნებთან შედარებით დაფიქსირდა პროგრესი. მსგავსი პრობლემები არც ერთ ობიექტურ დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია. მე ვფიქრობ, რომ ოპონენტებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ასეც მოიქცევიან - არ დაექვემდებარებიან „ნაცმოძრაობის“ ბულინგს და არ გამოუცხადებენ ბოიკოტს საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი ამ შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.