ISFED-ის მონაცემებში „ქართული ოცნება“ ერთადერთია, რომლის მონაცემებიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისგან განსხვავდება. გარკვეულწილად ეს შეიძლება ბევრი ხმით აიხსნას, მაგრამ 2%-იანი სხვაობა პარალელურ დათვლაში ძალიან ბევრია. ამიტომ მოვუწოდებთ ISFED-ს, დაასახელონ უბნები, რომელთა პარალელური დათვლის დროსაც მიიღეს ეს მონაცემები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვაწყდებით უამრავ არასწორ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ჩვენი ოპონენტებისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. ყველას მოვუწოდებ, რომ ყველამ გადადგას თითო ნაბიჯი სიმართლისთვის, და არა საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის. თუ ვინმე გამოაჩენს ოქმს, მისი შესწორების ოქმიც იქვე, ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული, და ისიც გამოაქვეყნოს. თუ ვინმე ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაქცია და გამოვაქვეყნებთ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ დამალეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოქმი განზრახ არის არასწორად შევსებული, ამისთვის არსებობს სამართლებრივი მექანიზმები. ISFED-ის მონაცემებში „ქართული ოცნება“ ერთადერთია, რომლის მონაცემებიც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისგან განსხვავდება. გარკვეულწილად ეს შეიძლება ბევრი ხმით აიხსნას, მაგრამ 2%-იანი სხვაობა პარალელურ დათვლაში ძალიან ბევრია. ამიტომ მოვუწოდებთ ISFED-ს, დაასახელონ უბნები, რომელთა პარალელური დათვლის დროსაც მიიღეს ეს მონაცემები. შევადაროთ, დეტალურად გავყვეთ თითოეული უბნის ოქმს და მონაცემებს. ვიღაც იტყვის, რომ 2%-იანი ცდომილება ბევრს არაფერს ცვლის ამ ვითარებაში, მაგრამ საჭიროა გავარკვიოთ, რატომ დაფიქსირდა ეს უზუსტობა პარალელური დათვლის შედეგად“, - განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი ამ შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.