საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1%-იანი ზღვარი გადალახეს, ცესკოს უნდობლობას უცხადებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს ითხოვენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, ისინი საპარლამენტო საქმიანობას არ განახორციელებენ.
საინტერესოა, ბოიკოტის გათვალისწინებით, მაინც მიიღებენ თუ არა საარჩევნო ბარიერგალახული, თუმცა პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი “პრაიმტაიმთან” საუბრისას განმარტავს, მიუხედავად პოლიტიკური ბოიკოტისა, პარტიების გადასაწყვეტია, აიღებენ თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
“პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი არ არის მიბმული მანდატებზე, ანუ დაფინანსების საკითხი არ არის დამოკიდებული იმაზე, შევა თუ არა პარლამენტში რომელიმე პარტია. კანონით გათვალისწინებულია ორი პირობა იმისთვის, რომ უფლება, რომელიც პოლიტკურ პარტიებს აქვთ, შესრულდეს.
პირველი, ეს გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირებული იქნება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში, ანუ რამდენმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი ამა თუ იმ პარტიას. მეორე, ყოველწლიურად ამ პარტიების თანხმობის გარეშე ეს თანხა არც ერთ პარტიას არ მიეცემა.
ეს არის ფორმულა, 50 ათასამდე ხმა ნიშნავს 15 ლარს ამომრჩევლისგან მიღებულ თითო ხმაზე, ხოლო 50 000 ხმის შემდეგომ ყოველ მომდევნო ხმაზე 5 ლარს. ამ შემთხვევაში, პარტიამ უნდა თქვას, უნდა თუ არა დაფინანსების მიღება. ჩემი უხეში გაანგარიშებით, 280 თასიდან 3 მილიონ 100 თასამდე არის 9 პარტიისთვის მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციული დაფინანსება“,- განაცხადა ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ქვეყანაში იგივე სცენარი 2008 წელს განვითარდა, როცა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გამო, არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.