ჩვენი საზრუნავია ჩვენი ხალხი და პანდემიის ფონზე გამოწვევა მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა. - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ბარიერგადალახული პარტიები შევლენ პარლამენტში, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ენახა, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს როგორი გუნდი ჰყავს.
„რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის სწორია და ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენი ინიციატივა იყო და ყველა პოლიტიკური სუბიექტის ინტერესი იყო, რომ პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო. დემოკრატიისთვის ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თვითონ უჭერდნენ მხარს მრავალფეროვნებას. ახლა თვითონვე უღალატეს საკუთარ მხარდამჭერებს, თუმცა ეს მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი მათ პარლამენტში ყოფნას, ეს არის ჯანსაღი კონკურენცია და პაექრობა. თქვენ გექნებოდათ შესაძლებლობა, გენახათ, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა გუნდი ჰყავს. ღმერთმა დაგვიფაროს „ნაციონალური მოძრაობა" თუ არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას. ჩვენი საზრუნავი ჩვენი ხალხია, პანდემიის ფონზე მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობაა, ამიტომ ჩვენ ხალხს ვერ შევაქცევთ ზურგს. ამ ჯგუფებმა, დაკომპლექსებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მის ტყვეობაში მყოფებმა, ზურგი აქციეს საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, ამიტომ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ბოლომდე გავაკეთებთ. თუ შემოვლენ ისინი პარლამენტში, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, ვინ რას წარმოადგენს, არ შემოვლენ და ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.