ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ უფლებას, რომელსაც გამოიყენებენ ოპოზიციური ჯგუფები, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თუმცა ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ მანდატების დათმობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი მიატოვა. „მათ საკუთარი ამომრჩეველიც კი არ აინტერესებთ და ისინი პანდემიის დროს მიატოვეს ისე, რომ გადაწყვიტეს მათი მომხრეების ხმა არ ისმოდეს პარლამენტში, ამას საზოგადოება განსჯის. დარწმუნებული ვარ ოპოზიცოა კარგავს ამ ამომრჩეველს, თურმე აღმოჩნდა რომ მათ მომხრეებსაც ხმა „ნაცმოძრაობისთვის“ მიუციათ“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
დღეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
მანდატებზე უარი 2 ნოემბერს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“,„ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.