რაში „გადააგდო“ მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინი

რაში „გადააგდო“ მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინი

ათწლიანი დუმილის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტი დავით თევზაძე აცხადებს, რომ ვარდების რევოლუცია გარკვეული დათქმების შედეგია. კერძოდ, ათი წლისწინანდელ მოვლენებს შემდეგნაირად იხსენებს: „შემოვიდა გენერალი იმნაძე… როგორც თვითონ თქვა, გენერალური შტაბიდან დაუკავშირდნენ, ზუსტად არ მახსოვს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი თუ გენერალური შტაბის უფროსი. ჯერ სიტუაცია იკითხეს და მერე უთხრეს, რომ ყურადღება მიაქციეთ მინისტრ ივანოვის ვიზიტს, შეიძლება უკვე თქვენთან იყოს და იცოდეთ, რომ ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო.“ წესითა და რიგით, ეს ინფორმაცია უშიშროების იმჟამინდელ მინისტრ ვალერი ხაბურძანიასაც უნდა ჰქონოდა, ამიტომაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ, გაეხსენებინა 2003 წლის ნოემბრის მოვლენები.

ალბათ, გაეცანით დავით თევზაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ათი წლის წინათ გაიცვალა აფხაზეთზე. წაგიკითხავთ ზუსტ ციტატას.

– და რას ნიშნავს ეს განცხადება?!

მე ასე გავიგე: რუსეთის ფედერაცია ხელს არ შეუშლის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ გუნდს, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, თუკი მათ  ხელისუფლად გახდომის შემდეგ პრეტენზია არ ექნებათ აფხაზეთზე.

– მე არ ვიცი, დათომ რასთან დაკავშირებით თქვა ეს, მაგრამ, რაც წავიკითხე და თქვენ რის ციტირებაც მოახდინეთ, ვგრძნობ, რომ არის კენჭები ჩემს ბოსტანშიც. როგორც თვითონ ამბობს, ვერ ვხვდებოდი პრეზიდენტსო, მაგრამ მე ხომ მხვდებოდა?! მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მეორე – 2003 წლის 23 ნოემბერს, სანამ სააკაშვილი და ჟვანია შევარდნაძესთან მოლაპარაკებაზე მოვიდოდნენ, როდესაც შევარდნაძემ მოიკითხა თევზაძე, დათომ განაცხადა, ვერ მოვდივარ, ბევრი ხალხიაო, მაგრამ შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა შეიარაღებული დაცვით და შევარდნაძეს შეხვდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, არაფერი უთხრა, მე რატომ არ მითხრა ან შინაგან საქმეთა მინისტრს რატომ არ უთხრა?! ესე იგი, თვითონაც არასერიოზულ ზარად ჩათვალა. თავისთავად ამ ინფორმაციაში ვერაფერს ვხედავ: საშუალო დონის რუსმა ჩინოვნიკმა დარეკა საქართველოს საშუალო დონის ჩინოვნიკთან, ასეთი დამრეკი მილიონი გვყავდა და უამრავი ზარი შემოდიოდა.

ახლა თვითონ ზარი განვიხილოთ, რომელიც თითქოს რუსეთის გენერალური შტაბიდან განხორციელდა: ეს იმას ჰგავს, რამდენიმე კვირის წინათ რომ რეკავდნენ სხვადასხვა ადგილას და ამბობდნენ, ბომბიაო, რეალურად კი, ბომბი არ იყო. მეორე საკითხია, თუ ვინ დარეკა: რა დონის ჩინოვნიკმა დარეკა რუეთის გენერალური შტაბიდან, რატომ დაურეკა თავდაცვის სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკს. ვინ ეკითხებოდა და რა უფლებამოსილება ჰქონდა, რაღაცის გაცვლაზე ელაპარაკა?! თვითონ რატომ არ გახადა ეს საჯარო და განსახილველი საკითხი?! გამოდის, მე არ მენდობოდა. მე თუ არ მენდობოდა, ვიღაცას ხომ ენდობოდა?! შევარდნაძესაც ხომ შეხვდა, სანამ შევარდნაძე ჟვანია-სააკაშვილს შეხვდებოდა? მას რატომ არ უთხრა?!

თქვენ რა ვერსია გაქვთ, რატომ არ უთხრა?

– მგონია, რომ რაღაც ფრაგმენტულად გაახსენდა და აღარ იფიქრა, რა მოჰყვებოდა ამას.  მე განვიხილავ, როგორც არასერიოზულ განაცხადს.

და არის კიდეც ერთი მომენტი, დავით თევზაძე ამბობს: „დაზვერვის სამმართველოდან მივიღე ანგარიში, სადაც მოცემული იყო ელჩთან სააკაშვილის შეხვედრა. ერთი დეტალი იყო საინტერესო, სადაც ელჩი და სააკაშვილი განიხილავდნენ არსებული სიტუაციის შესაძლო განვითარებას და ბოლოს სააკაშვილს უთქვამს ასეთი ფრაზა - „ყველაფერი რომ ძალიან სწრაფად და კარგად დასრულდეს, სულ 10 გვამია საკმარისი“.

– მაშინ ბევრი ხმა, ინფორმაცია და ჭორი დადიოდა. ინფორმაცია ისეთი რამაა, რასაც უნდა ანალიზი და გაცხრილვა, დათო ფილოსოფოსი კაცია, მაგრამ მაინც სამხედროობამ გადასწონა. მათი დაზვერვის თანამშრომელი ამერიკის საელჩოზე მუშაობდა თუ რატომ არ გვქონდა ჩვენ ეს ანგარიში?! გამოდის, რომ საქართველოს დაზვერვის სამმართველო მუშაობდა ამერიკის საელჩოზე და ეს არის სენსაცია!

გამორიცხავთ, რომ დავით თევზაძეს, როგორც თავდაცვის მინისტრს, ასეთი ინფორმაცია ჰქონოდა?

– გამორიცხულია. ჩვენ მაშინ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით და არანაირი უფლება არ ჰქონდა დაზვერვის სამმართველოს, მით უმეტეს თევზაძეს, რომ ემუშავათ ამერიკის საელჩოზე. თუ ეს თვითონ ამერიკის საელჩოს ოფიციალური ანგარიში იყო, საინტერესოა, რატომ მიდიოდა ეს ანგარიში თევზაძესთან და არ მომდიოდა მე?!

ესე იგი, თქვენ არ მიგიღიათ მსგავსი ინფორმაცია?

– ინფორმაციას თავი დავანებოთ, აქ ყველაზე მთავარია ის, რომ ამერიკის საელჩოდან ინფორმაციის მოწოდებაზეა ლაპარაკი. გადავიდეთ თვითონ ინფორმაციის შინაარსზე: მე მქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის სხდომა უნდა ჩატარებულიყო, გამზადებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და, როდესაც მოხდებოდა შეტაკება შინაგან ჯართან, თუ შინაგანი ჯარი უკუაქცევდა ხალხს, უკან გამოქცეულებს წინიდან ესროდნენ, ანუ რამდენიმე დახოცილ ადამიანს ტყვია მოხვედრილი ექნებოდა წინიდან და იმ არეულ ჟამს, როდესაც ხელისუფლება მთლიანად გაკოტრებული იყო როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად, არავინ დაიწყებდა იმის გარკვევას,  ეს იყო თუ არა შინაგანი ჯარის ტყვია და ამას მოჰყვებოდა შემდგომი არეულობა. ასეთი განზრახვა არსებობდა და ინფორმაციაც გვქონდა. მე პრევენცია გავაკეთე იმით, რომ ამის შესახებ ვუთხარი ჟვანიას, მას დავუსახელე ის ხალხიც, რომლებსაც იარაღი ჰქონდათ.

ვინ იყვნენ?

– მათ შორის სახელდებოდნენ: გია ბარამიძე, ვასილ სანოძე, ახალაია. პრევენციის სხვა საშუალება არ მქონდა, იმიტომ რომ მხოლოდ ამ ინფორმაციით ამ ხალხის დაჭერა შეუძლებელი იყო.

რადგან ინფორმაცია ოპერატიული იყო?

– დიახ, ეს არ იყო მტკიცებულება, მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჟვანიასთვის თქმამ პრევენციის როლი შეასრულა. თუმცა კორდონი პირველივე შეტაკებისთანავე გაირღვა, შინაგანმა ჯარმა დაყარა ხელკეტები და გაიქცა,  იმიტომ რომ შინაგანი ჯარი ვერ იყო იმ ამოცანის შემსრულებელი, რაც დააკისრეს და მე ვფიქრობ, რომ ამოცანაც არასწორად დააკისრეს. არაფერი ესაქმებოდა შინაგან ჯარს პარლამენტის დასაცავად და არაფერი გვჭირდა პარლამენტის დასაცავი. შეჭრილიყო ის ხალხი პარლამენტში, ხელისუფლება უფრო დადებითად გამოჩნდებოდა, ვიდრე, როდესაც შინაგანი ჯარი პარლამენტს შემოვარტყით და ვიცავდით მას ხელკეტიანი მშიერი ჯარით.

თავი დავანებოთ კონკრეტიკას. თქვენ გამორიცხავთ იმ ტიპის გარიგებას, რაზეც დავით თევზაძე საუბრობს?

– ნუ ფილოსოფოსობენ: ეს არის სუფთა ფილოსფოსობა, რადგან პოლიტიკაში ყველაფერი ძალზე მარტივად ხდება. შემდეგ რთულდება პროცესები. თევზაძე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და, როდესაც ასეთ რამეს ამბობს, ხალხი ფიქრობს, აი, თურმე, რა ყოფილა ჩაფიქრებული. არადა, რეალურად, ივანოვი იმიტომ ჩამოვიდა, რომ პროცესებს არ ჩამორჩენილიყვნენ. ივანოვი იყო რესტორანში და დაურეკეს, რაღაც ხდება საქართველოში და, რადგან ქართული წარმოშობის ხარ, წადი, სასწრაფოდ გაიგე რა ხდებაო. ჩამოვიდა, შეხვდა შევარდნაძეს, ვითომ რაღაც შუამავლობა უნდოდა, მაგრამ გზაში იყო, როდესაც შევარდნაძე გადადგა და დარჩა ხახამშრალი.

თუმცა სწორედ ივანოვს გაატანეს აბაშიძე?

– შემდეგ ისევ ჩამოვიდა, მეორედ რომ გართულდა პროცესი, იცნობდა აბაშიძეს და გაატანეს.

თავისით რატომ არ წავიდა? ტყვესავით გაცვალეს? რაში გაცვალეს?

– ეს საერთოდ ასე ხდება, როდესაც არ გინდა, მოსწყდე პროცესებს, ერთვები და აქტიურდები. ჩათვალეს, დადებით როლს შევასრულებთო, რაც უფრო მეტად ჩაერთვები მოლაპარაკებებში, მით უფრო მეტი ვალდებულებები ჩნდება. შეიძლება, რაღაც ამ ტიპის ვალდებულება შექმნეს იმით, რომ, მოდი, ასლან აბაშიძეს წავიყვანთ და სიმშვიდე იქნებაო. შეიძლება, ასეთი მოლაპარაკება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს მიუღებელ მოლაპარაკებას. მეც ვვარაუდობ, რადგან არავინ იცის, ზუსტად რა მოლაპარაკება იყო. მაგრამ ზღაპარია, მაშინ გაეთვალათ, ტრიუმვირატი მოვა ხელისუფლებაში 2003 წელს, 2008 წელს თქვენ შემოიჭრებით ცხინვალში და ასე შემდეგ. ასეთი გათვლები არ ხდება. ეს არის ხალხის თეორიული ვარაუდები. ხანდახან ისეთ რაღაცას ჩაახუჭუჭებენ და ჩემს შესახებაც ისეთი რაღაცეები გამიგია, მიფიქრია, ნუთუ ასეთი სულელი ვიყავი და ბრმა იარაღად მიყენებდნენ-მეთქი?! ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება პოლიტიკაში და მერე რთულდება. გჯერათ, რომ საშუალო დონის ჩინოვნიკმა თევზაძე გააფრთხილა?! მე უფრო მაღალი რანგის ხალხთან მქონდა ურთიერთობა, დათო თევზაძეს კი არასდროს ჰქონია ურთიერთობა თავის რუს კოლეგასთან და მაინცდამაინც სასიამოვნო ურთიერთობა არც ჰქონიათ, რაც მე ძალიან დიდ მინუსად მიმაჩნია. ერთადერთი მინისტრი ვიყავი, რომელსაც თავის რუს კოლეგასთან ურთიერთობა მქონდა.

პუტინი ხშირად იმეორებდა სააკაშვილის მისამართით, რომ ვალდებულებებს შესრულება უნდა და ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტიგადააგდო“. იცით, რას დაჰპირდა ასეთს?

– ეს იყო ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის საფუძველზე.

მე მახსოვს, რომ იყო ლაპარაკი ქართულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული ბაზის შექმნაზე ბათუმში.

– შეთანხმდნენ, მაგრამ, როდესაც რუსეთის სამხედრო ნაწილები გავიდნენ საქართველოდან, სააკაშვილმა, მარტივი ენით რომ ვთქვა, „გადააგდო“ რუსები, რამაც ისინი ძალიან გააბრაზა.

სულ ეს იყო? ამ ერთი ანტიტერორისტული ცენტრის გამო დავინაყეთ და დავიშალეთ?!

– ანტიტერორისტული ცენტრის გამო იმიტომ დავინაყეთ, რომ ეს ანტირეტორისტული ცენტრი რუსეთისთვის სუფთა ფსიქოლოგიურად ანაცვლებდა სამხედრო ბაზას. ამის გარდა სხვა „გადაგდებებიც“ იქნებოდა, როდესაც სააკაშვილი რუსებთან ერთს თამაშობდა, სხვებთან – მეორეს. რუსეთი არ არის ის ქვეყანა და არც საქართველოა იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ რუსეთი ათამაშოს. დიდ ქვეყანას შეუძლია, ჰქონდეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტები, მაგრამ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც ამგვარი რესურსი არ გააჩნია, მაინც ორმაგი სტანდარტებით თამაში ყოველთვის დამღუპველია.

ვთქვათ, ეს ანტიტერორისტული ცენტრი იყო დაპირება აქეთა მხრიდან, მაგრამ რაღაცის სანაცვლოდ ხომ დაჰპირდა, რის სანაცვლოდ?

– რუსეთმა ძალიან სწრაფად გაიყვანა ბაზები საქართველოდან.

ეს 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტის გადაწყვეტილება იყო და იმიტომაც გაიყვანა.

– გაყვანა იყო ეუთოს სამიტის გადაწყვეტილება, მაგრამ იქ იყო მითითებული ვადები. რუსებმა ეს პროცესები დააჩქარეს.

რამდენი წლით დააჩქარეს?

– დაახლოებით, სამი წლით. წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს სამი წელი?!

თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, ნეტავ არ დაეჩქარებინათ გასვლა, ჯანდაბას ის სამი წელი.

– ნეტავ სააკაშვილს არ მოეტყუებინა პუტინი; ნეტავ სააკაშვილი არ აერჩია ხალხს; ნეტავ შევარდნაძეს შეცდომები არ დაეშვა; ნეტავ მეც არ დამეშვა შეცდომები… „ნეტავ“ ძალიან შორს წაგვიყვანს.

როდესაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება, გამორიცხავთ, რომ ამ პატარა ქვეყნის ხელისუფლების მსურველი დიდ ქვეყანას, რომელსაც პატარა ქვეყანაში ინტერესი აქვს, ევაჭრებოდეს, მხარი დამიჭირეთ და ამას და ამას გაგიკეთებთ. ასე ხომ ხდება?

– ასეთი პირდაპირი ტექსტით არ ხდება. ალბათ, ნებისმიერი ხელისუფალი ძალიან გარეწარი და გახრწნილი უნდა იყოს, იმაზე მეტს დაჰპირდეს, რის საშუალებაც აქვს. არც იძლევა პოლიტიკა ამდენის დაპირების საშუალებას. თავზეხელაღებული კაციც ვერ მისცემს ვერავის გარანტიებს, მე მოვალ და ამას და ამას გაგიკეთებთ. მით უმეტეს, რომ დახმარებაც არ შეიძლება, იყოს ასპროცენტიანი. ამერიკელებსაც კი არ შეუძლიათ ასეთი დაპირების მიცემა. მით უმეტეს, რუსეთს რა გავლენა ჰქონდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებაზე?! მაშინ რუსეთის გავლენა ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ამერიკული.