ვინმეს მოსწონს თუ არა, რეალობა სწორედ ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილია მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამის ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში მართლაც შეიტანოს გარკვეული ბზარი. თუმცა, ეს ერთობა რას ითვალისწინებს, ესეც საკითხავია, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, დიდ ოპოზიციურ ერთობაში მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება არჩევნების წინა დღესაც კი სრულიად განსხვავებული იყო.
„ვინმეს მოსწონს, თუ არ მოსწონს, რეალობა სწორედ ისაა, რომ მიშა არის მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამის ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში მართლაც შეიტანოს გარკვეული ბზარი. თუმცა, ეს ერთობა რას ითვალისწინებს, ესეც საკითხავია. ეს რა ერთობაა?! დავუშვათ თეორიულად, ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ასეთ დროს ეს ერთობა ერთბლოკად გამოდის?! ანუ პოლიტიკური ბლოკი ხდება?! თუ ისევ ცალ-ცალკე იყრიან კენჭს, როგორც იყო. მე ამ შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ იქნება ასეთი ბლოკის წევრი?! ან „ლელო“ ან „გირჩი!?! იმიტომ, რომ მათი ჯამური პროცენტი არის 10%. თუ მელია და სხვები მოიაზრებენ, რომ ერთ ბლოკში უნდა იყვნენ, მაშინ მიშას საკითხის წამოწევა ჯერჯერობით არ ჯდება ამ სტრატეგიაში, იმიტომ, რომ ეს ცოტა მოგვიანებით უნდა მოხდეს. ამიტომაც ვლაპარაკობ, დღეს რა ერთობაზეა საუბარი?! უნდა დადგინდეს, თუნდაც ის ხალხი ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდა, თავს ერთ ბლოკად მოიაზრებს?! თუ როგორც საარჩევნო კამპანიის დროს გაერთიანდნენ, ახლა ისე არიან გაერთიანებულები იდეის გარშემო - არჩევნები გაყალბდა - ეს არის ჯერ გასარკვევი. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით ვერ ჩამოვა, მაგრამ მეორეა საკითხია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების 90% სააკაშვილს მოაქვს. ესეც რეალობაა და ამ რეალობაში როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, ამაზე საუბარი ცოტა მიჭირს.
თეორიულად ვამბობ, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ეს ხალხი ისევ ცალ-ცალკე გამოვა?! ახლა ალბათ ამ თემაზე მიდის შიდა დისკუსიაც და ის განცხადებაც, რაც გუბაზ სანიკიძემ გააკეთა („მთავარი არხის“ ეთერში) სწორედ ამისკენ არის მიმართული. ალბათ, ნიკა მელია თვლის, რომ ეს ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა ვახტანბგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გუბაზ სანიკიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ამ განცხადებით ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს და „ბიძინას თამაშს თამაშობს“. „მართლა მოგზავნილი ხომ არა ხარ, რა გინდა რა, რას ემსახურება ეს?“-მიმართა ნიკა მელიამ სანიკიძეს.