პარლამენტში შესვლაზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელიც“ უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინზე განაცხადა.
მისი თქმით, კვირას, 3 საათზე ყველა უნდა შეიკრიბოს რუსთაველზე აქციაზე და ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს არ ყოფილა.
„ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს ახლა საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან, ქართული დემოკრატიის დასამარებასთან, უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მანდატებზე უარი უკვე ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“,„ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.