არჩევნების მოახლოების კვალობაზე პოლიტიკოსები კინემატოგრაფიულ გმირებს ემსგავსებიან ამერიკული ფილმიდან „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ სიმპათიასა და სიბრალულს უფრო მაყურებელი იწვევს, ვიდრე საფინიშო სწორზე გასული მოპაექრეები.
ამჟამად ქართულ პოლიტიკურ დოღზე მხოლოდ ორი პარტია ინარჩუნებს ენერგიას, ანუ ქართულად „არაქათს“! „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ორ პარტიას ეტყობა (სრული მარაზმის ფონზე) „პასიონარულობის იშტა“.
სანამ სოციუმის განყობასთან იმ „იშტას“ შესაბამისობაზე ვისაუბრებდეთ, უნდა ითქვას, რომ „ლეიბორისტებისა“ და „ნაციონალისტების“ ალერსი (თუნდაც, დროებითი) უაღრესად საინტერესო მოვლენა იყო. ამ პარტიებს ამსგავსებს ელექტორატის „შეკვეთა“ და შინაარსი, ორივე მათგანი იბრძვის „პროტესტული ამომრჩევლისთვის“, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას (და არა „მომხრედ“) უკვე 12 წელია. „მოხმრე“ მენტალიტეტის ამომრჩეველი სხვა ყაიდის პარტიებს უჭერს მხარს. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ან ერთი ან მეორე, განსაკუთრებით მაღალი ინტელექტით გამოირჩევა. გერმანელი სოციოლოგი ჰერბერტ მარკუზე ამბობდა: დემოკრატიული არჩევნებისას მოსახლეობა ირჩევს არა საუკეთესოს, არამედ თავის მსგავსს. ანუ „მითხარი ვინ არის შენი რჩეული და გეტყვი, რა ხარ შენ“.
თუმცა, ეს სულ სხვა საუბრის თემაა. ამჯერად კი საინტერესოა ის გარემოება, რომ ელექტორატის „განწყობით“ მსგავსების მიუხედავად, პოლიტიკური პერსპექტივისა და „მსოფლმხედველობრივი“ საფუძვლის თვალსაზრისით, ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ორგანიზაციაა. „ლეიბორისტული პარტია“ - ეროვნულ-სოციალისტური ყაიდის ორგანიზაციის კლასიკური ნიმუშია (ოღონდ ეს ყოველთვის ფაშიზმსა და ნაციზმს არ ნიშნავს – გასული საუკუნის გაგებით), ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ - ეროვნულ-ლიბერალურისა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი-ჟვანიას ყბადაღებული „გუნდი“ არის ზოგადად „ეროვნულ-ლიბერალური“ მოძრაობის უკანასკნელი შანსი. მათი დამარცხების შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკურ ოლიმპს სულ სხვა სოციალური და პოლიტიკური წარმომავლობის კატეგორია დაიპყრობს, თანაც სამუდამოდ. „მოძრაობის“ სხვა პარტიებსა და ლიდერებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება არა აქვთ და აღარც ექნებათ ოდესმე.
თუმცა, მათი პერსპექტივა, ნებისმიერ შემთხვევაში, ბუნდოვანია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, არ აპირებს რაიმე ალიანსის შექმნას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ერთადერთი შესაძლო პარტნიორი შეიძლება გახდეს ზურაბ ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატები“.
თვით მიხეილ სააკაშვილი კი მოქმედებს კლასიკური პოლიტიკური არსენალის გამოყენებით. ფაქტობრივად, იგი თბილისის ხელისუფლების სერიოზულ წილს ფლობს. მერიის თავზე „ნაციონალთა“ დროშას აღმართვა სიმბოლური, მაგრამ არცთუ ფორმალური აქტი იყო. ხოლო ის, ვინც ფლობს ხელისუფლების სერიოზულ წილს დედაქალაქში, ფლობს ხელისუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს მთელი ქვეყნის მაშსტაბითაც.
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მოქმედება ძალიან ჰგავს „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერთა ტაქტიკას 1989-90 წლებში, როდესაც ისინი ყველა ხერხითა და საშუალებებით ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ: ძალაუფლება სწორედ მათ „ცენტრშია“ კონცენტრირებული, ხოლო ფორმალური ხელისუფლება რეალურ ძალაუფლებას აღარ ფლობდა.
ასეთ ტაქტიკას თითქოს მოაქვს შედეგი, ვინაიდან თბილისში მნიშვნელოვანი საქმის „გასაკეთებლად“, დღეს უკვე ისევე დადიან მიხეილ სააკაშვილთან, როგორც 1989-90 წლებში დადიოდნენ არა გივი გუმბარიძესთან, არამედ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერებთან.
ისინი წყვეტდნენ ყველა მნიშვნელოვან საქმეს და მინისტრებს ტელეფონით „თავში უჩაჩქუნებდნენ“.
მაგრამ ამ ორ ვითარებას შორის ის თვისებრივი განსხვავებაა, რომ ედუარდ შევარდნაძე არ არის დედალმაშო გივი გუმბარიძე, რომელსაც არა მხოლოდ მაშინ არ ესმოდა ვინ იყო, რა იყო, სად იყო, არამედ, დღესაც არ ესმის – იმ „შატალინის ფონდში“ (მოსკოვში) სადაც ამჟამად მუშაობს.
ხელისუფლების ფიგურასა და რაობას აქ გადამწყვეტი მნივშნელობა აქვს. ქართული პოლიტიკის ბებერი მგელი და პოლიტიკური ხელოვნების დიდოსტატი არა მხოლოდ გუმბარიძეს არ დაემსგავსება, რომელმაც ხელისუფლება ლაჩრულად „ჩააბარა“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ არც ბორის ელცინს, ვინც ბოლო წლებში პროცესებს საერთოდ ვერ მართავდა.
გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის – იგი 2003 წლის შემოდგომაზე გაიმართება, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, ტაქტიკურად რამდენად სწორადაც არ უნდა ირჯებოდეს, სტრატეგიულად არ ითვალისწინებს ტექტონიკურ ძვრებს, რომლებიც ბოლო წლებში ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა: ქარიზმატულ ლიდერს (დავუშვათ, ამის თვისებები სააკაშვილს აქვს და შესაბამის ტექნოლოგიასაც ფლობს) სჭირდება მოსახლეობის პასიონარული ენერგია, ამ ენერგიის გარეშე ქარიზმატული ლიდერი იმ ავტომრბოლელს ჰგავს, რომელსაც საწვავი გაუთავდა, პასიონარული ენერგია კი გასული „თხუთმეტწლეულის“ ბობოქარმა მოვლენებმა ამოწურა.
მოსახლეობას ელემენტარულად „ქანცი“ აღარ აქვს პასიონარულობისათვის, ამიტომ არაფრის დიდებით მხარს არ დაუჭერს არათუ „რევოლუციას“, არამედ რადიკალურ ცვლილებებს.
მომავალ არჩევნებში არაქარიზმატული პრაგმატიკოსები გაიმარჯვებენ.