ევროპის ეკონომიკა უმძიმეს გამოცდას გადის, ხოლო საქართველოს ეკონომიკა - ბეწვის ხიდს. კორონავირუსის ცოტა კიდევ გაძლიერება ან რაიმე არასწორი ნაბიჯი დომინოს ეფექტის ნგრევას გამოიწვევს. გადამწყვეტი მომდევნო ორი თვე იქნება, როდესაც ყველგან ინფიცირების პიკს ელოდებიან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და დიდ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით. ამიტომ აცილებელია, რომ წესები დავიცვათ და ის პოზიტიური ტენდენცია შევინარჩუნოთ, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს. ქვეყანა და მისი ეკონომიკა ახლა ბეწვის ხიდზე გადის.
„გაცილებით იოლია პირბადის გამოყენება და სხვა წესების დაცვა, ესაა მინიმალური დისკომფორტი, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავდივართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პანდემიის შემდეგ ყველა ქვეყანა ორი მთავარი კრიტერიუმით შეფასდება: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება. მაჭავარიანის თქმით, ამ მიმართულებებით საქართველო ლიდერობს და ყველა წინაპირობაა, რომ საუკეთესო იყოს.
უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგი „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებშიც ჩანს. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 0.7%-ით შემცირდა. ამ ტემპით თუ გაგრძელდა სვლა, გამორიცხული არ არის, ნოემბერ-დეკემებერში მშპ-ს ზრდაც დაფიქსირდეს.
ამ დროს ვითარება ძალიან იძაბება ევროპაში. გერმანიაში ინდექსი „დაქსი“ - გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით დაეცა, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი კი 3,3%-ით შემცირდა და 2020 წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა. საერთოდ კი საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.
ევროზონა პანდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრშია და ეკონომიკური ზარალი პირველ ტალღაზე ბევრად უფრო მძიმე იქნება.
საფრანგეთში ყოველდღიურმა ინფიცირებამ 50 000-ს მიაღწია, გავრცელება სრულიად უკონტროლო გახდა და შესაბამისად, ემანუელ მაკრონს მკაცრი შეზღუდვების შემოღება მოუწია. გერმანიამ პანდემიის პირველი ტალღა შედარებით რბილად გადაიტანა, თუმცა მეორე ტალღამ მას მთელი ძალით დაარტყა, შესაბამისად, ქვეყანაში იკეტება რესტორნები და ბარები.
ესპანეთი და იტალიაც სერიოზულად დაზარალდნენ, ხოლო ცენტრალურ ევროპაში, სადაც პირველმა ტალღამ ძალიან რბილად ჩაირა, დღეს ვითარება გაცილებით უფრო რთულია. კორონავირუსი ჩეხეთში და პოლონეთშიც ბობოქრობს.
პანდემიის გავლენა წარმოების შემცირებაზე და უმუშევრობის ზრდაზე საშინელი იქნება და ამას 3 ძირითადი მიზეზი აქვს. გერმანია ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივია და ის სრულ თვითიზოლაციას უახლოვდება. როდესაც ქარხნები გაჩერდება, ეს ძრავიც გაჩერდება. იგივე გზით მიდის საფრანგეთი, ევროზონის მეორე ეკონომიკა, ხოლო ესპანეთი - რიგით მე-4 ეკონომიკა, უკვე ფსკერზეა.
ასევე დაზარალდებიან საბერძნეთი, პორტუგალია და იტალია, რომელთა ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია ტურიზმზე. მაგალითად, ტურიზმზე ესპანეთის მშპ-ს - 18%, ხოლო ესპანეთის 15% მოდის.
ღრმა რეცესიის მოლოდინში პოლიტიკური ცხოვრებაც თითქმის პარალიზებულია. საბოლოოდ ამის შედეგი იქნება ის, რომ პანდემიის მეორე ტალღა მსოფლიო ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს, და ყველაზე მეტად სწორედ ევროპა დაზარალდება.