ქვეყნის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, მაგრამ ახლა ვარდნის ტემპი ყოველთვიურად უფრო და უფრო ნაკლებია. არის მოსაზრება, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლოა, ქვეყანამ ნულოვან მაჩვენებელზე გასვლა მოახერხოს. ამის იმედს მთავრობას აძლევს სექტემბრის თვის წინასწარი მონაცემები, რომელიც -1,5%-ის ფარგლებში უნდა იყოს.
მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ეკონომიკამ ამუშავება დაიწყო და მდგომარეობა ეტაპობრივად გამოსწორდება. წლის ბოლოს კი ნამდვილად ჩამოყალიბდება დადებითი ტენდენცია.
„გარდა ზოგადი შეფასებებისა, ჩვენ თვედათვე მივყვებით სტატისტიკას. დავიწყეთ -17%-დან და აგვისტოს მაჩვენებელი იყო უკვე -5.1%, სექტემბრის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, იქნება-1.5%-ის მიდამოებში. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და თანდათან იწყება აღდგენის პროცესი. ეს ინდუსტრია (ტურიზმი) და მისი უარყოფითი შედეგები გადაძლია სხვა სექტორებმა. ცხადია, სრულად ამის დაბალანსება შესაძლებელი ვერ იქნება, მაგრამ დადებითი შედეგები სახეზეა“, - განაცხადა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა.
ფაქტია, რომ კორონავირუსმა ქართული ეკონომიკა ძალიან დააზარალა. პანდემიამდე ნიშნულზე დაბრუნება დროსა და რესურსს მოითხოვს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს და ვითარება ეტაპობრივად გამოსწორების გზას ადგას.
„პოზიტიური ცვლილებაა არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაში, არამედ - ექსპორტის დინამიკაშიც. შარშან საქართველოს ექსპორტი აღწევდა რეკორდულ ნიშნულს, წელს კი, მიუხედავად პანდემიისა, ეს რეკორდი მოიხსნა, ანუ ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 8.6%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი - 27%-ით. ეს შევძელით იმით, რომ პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან მივიღეთ მკაცრი ზომები.
ეპიდემიის სწორად მართვამ მოგვცა საშუალება, რომ სწრაფად აღგვედგინა ეკონომიკური საქმიანობა ბევრ სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში და სწორედ სოფლის მეურნეობაა ერთ-ერთი ლიდერი დღეს ექსპორტში. ავითვისეთ ახალი ბაზრები“, - განმარტა ნათია თურნავამ.
მთავრობის აღტკინება გასაგებია, მაგრამ ჯერჯერობით საქმე მთლად სატრაბახოდ არ არის. მით უფრო, რომ ანალიტიკოსები სულაც არ იზირებენ ნათელი პერსპექტივის მოტივებს. მაგალითად, „თიბისი კაპიტალმა“ მაკროეკონომიკური სექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. იქ პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეკონომიკის აღდგენა ნავარაუდევზე დაბალი ტემპით მოხდება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესებისა და დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი მშპ-ს ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს და შემცირების მიმართულებით გადახედვის ალბათობაც მეტია.
2020 წლის განახლებული პროგნოზის მიხედვით, ექსპორტი - 11%-ით, ტურიზმი - 84%-ით, პირდაპირი უცხოური ინვეატიციები კი 35%-ით შემცირდება. ფულადი გზავნილები კი, წელს 5%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება 2021 წლის პროგნოზს, „თიბისი კაპიტალი“ მთავარი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ელის, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორსაც მთავრობაში ვარაუდობენ. 2021 წელს ეკონომიკურ ზრდას ანალიტიკოსები 5%-დან 4-4,5%-მდე ამცირებენ და ამის მიზეზად ტურიზმის აღდგენის ტემპი და პანდემია სახელდება.
რაც შეეხება 2020 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს, „თიბისი კაპიტალი“ მიმოხილვაში წერს, რომ წელს ქვეყნის მშპ 5-5,5%-ით შემცირდება.