პირველი ნოემბრიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი იწყება. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 4 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს შეეხება.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ჯერ კიდევ პირველ აპრილს გამოაცხადა. რამდენადაც გაზაფხულის შემდეგ არც პანდემიას დასრულდა და არც ეკონომიკური კრიზისი, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამა ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს.
„ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ისე დახმარებას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს ეტაპი იწყება 1-ლი ნოემბრიდან და მოიცავს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას 4 თვის განმავლობაში. ანაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი იმ ოჯახისთვის, რომელსაც მოხმარებული აქვს 200 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზი. ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს მთავრობას შეუძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს და მათ შემთხვევაში კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.
საყურადღებოა, რომ გაზაფხულის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 600-მა მოქალაქემ განაცხადა. სპეციალური პლატფორმა ფუნქციობას სუბსიდირების მეორე ეტაპზეც გააგრძელებს.
სემეკის ინფორმაციით, აპრილ-ივნისში კომუნალური სუბსიდიით სამივე სექტორში 7.6 მილიონმა აბონენტმა ისარგებლა, მათ შორის, ელექტროენერგიის ნაწილში - 3.4 მილიონმა, ხოლო გაზის ნაწილში - 2.3 მილიონმა, ხოლო წყლის ნაწილში 2 მილიონამდე აბონენტმა. სულ პირველი ეტაპის 3 თვეში 167 694 134 ლარის ოდენობის სუბსიდირება განხორციელდა.
ბიუჯეტის პროექტში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის“, – აღნიშნულია ფინანსურ დოკუმენტში.
ისევე როგორც პირველ ეტაპზე, შეღავათები ამჯერადაც შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ დენს და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. სხვადასხვა გამანაწილებლების შემთხვევაში, თანხობრივად შეღავათი ასე აისახება: „თბილისი ენერჯის“ შემთხვევაში (თბილისი) შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი იქნება მაქსიმუმ 92.2 ლარი, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაში (რეგიონები) - მაქსიმუმ 113.8 ლარი, ხოლო სს „საქორგგაზის“ შემთხვევაში - 113.9 ლარი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, თბილისელ აბონენტებს თვეში 37 ლარის გადასახადი დაუფინანსდებათ, ხოლო რეგიონებში კი - 26.42 ლარის.