მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. გლდანში იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია, რადგან არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც აქ არის და რომლის სულისჩამდგმელიც არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი, – ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„მობილიზაციაა ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით, ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი დააკავეს. ჩვენ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. ეს არჩევნები დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.