პარლამენტმა გლეხებისკენ პირი იბრუნა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი არათუ უკან დაუბრუნა, საერთოდაც შეწყვიტა მისი განხილვა. ამ კვირაში კვეზერელის უწყების ეს უკვე მეორე საპარლამენტო მარცხია. პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თამბაქოს კანონპროექტთან დაკავშირებით წაიფორხილა.
სასაკლაოებთან და ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციით მოვაჭრეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა შეთანხმებების დარღვევის გამო შეწყვიტა. დეპუტატებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისგან ალეკო ცინცაძისგან მიიღეს პირობა, რომ კანონპროექტში მიღწეული შეთანხმებები აისახებოდა. მას შემდეგ კი, რაც ცინცაძემ საკითხი განსახილველად გაიტანა, აღმოჩნდა, რომ სადავო საკითხების უმეტესობა პროექტში უცვლელად იყო დატოვებული.
აღნიშნულმა ფაქტმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი საკმაოდ გააღიზიანა. იგი დაინტერესდა, „თუ რატომ ატყუებენ პარლამენტს“.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა კი მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ წარმოდგენილი პროექტი ბაზრებში კორუფციული სქემის ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა. პროექტით ინიცირებული საკითხები დაიწუნა საპარლამენტო ურმავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმაც, რომლის თქმითაც, „პროექტი შინაარსობრივადაც დასახვეწია და მასში ჯარიმების ოდენობაც, არაადექვატურად არის გაწერილი“.
უმრავლეობის წევრები კრიტიკის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ შეთანხმებების ასახვის გარეშე, პარლამენტი მის განხილვაზე საერთოდ უარს იტყვის.
საუბარია კანონპროექტზე, რომლის თანახმად, მთავარობა სასაკლაოებისა და სოფლის მეურნების პროდუქტზე კონტროლს ამკაცრებს. პარლამენტში შიშობენ, რომ პროექტი გლეხურ მეორნეობასა და რიგით გლეხებს სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.
პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება რომ აღარ არსებობს, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პირადად ალეკო ცინცაძეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რადაგნ ამ 3 კვირის წინათ უშუალოდ მან შეიტანა პარლამენტში ამ ვალდებულების გაუქმება. მაშინ ცინცაძემ ეს ყველაფერი სასაკლაოების არასათანადო ინფრასტრუქტურით ახსნა. „აღნიშნული დათქმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შემოღებული, რაც ქვეყანაში სასაკლაოების ინფრასტრუქტურა ფართოდ განვითარდება“, - აცხადებდა ცინცაძე.
ჯერჯერობით კი პირუტყვი შესაბამისი სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ დაიკვლება. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 6 სასაკლაო ფუნქციობს. წესით მოკლე ხანში კიდევ 6 უნდა გაიხსნას.
„არ არის აუცილებელი, რომ საქონელი მაინცდამაინც სასაკლაოებზე იყოს დაკლული, მაგრამ აუცილებელია ეს მოხდეს ისეთ, იზოლირებულ ადგილებში, რომ ადამიანებზე რამე დაავადების გავრცელება არ მოხდეს“, - განმარტავდა მინისტრის მოადგილე პარლამენტის სხდომაზე.
საერთოდაც პარლამენტში მთავრობას გლეხური მეურნეობისადმი ფრთხილ მიდგომას ურჩევენ. „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას, საპარლამენტო ოპოზიციამ გლეხური მერნეობისთვის შექმნილი საფრთხეები დაინახა. დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მთავრობისთვის იმის ახსნა სცადა, რომ პროექტით მემაწვნეებსაც კი პრობლემები ექმნებათ.
მაგალითად, კანონპროექტით იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვა ვეტერინარული მოწმობების გარეშე. ასეთი დანაშაულისთვის 1500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული. ჩახვაძის თქმით, ასეთი მიდგომებით ქუჩაში, შეასძლოა, მემაწვნეც გააჩერონ და დააჯარიმონ. „ალბათ ყველასთვის გასაგებია, რომ ბევრი გაუგებრობა შეიქმნება“, - აღნიშნა ჩახვაძემ.