რუსეთი კვლავ აგრძელებს მანიპულაციას მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესების მიმართულებით. ეს კი შესასყიდი პროდუქციის გაძვირებას იწვევს. არსებულ რთულ მდგომარეობაში დამნაშავეა არა მეზობელი ქვეყანა, არამედ კორონავირუსისგან გამოწვეული პანიკა, რომელიც ზამთრის წინ მთელ მსოფლიოს მოედო. საქართველო ამ რთულ ვითარებაში გამოსავალს უკვე ეძებს.
რუსული ხორბლის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა, როგორც შიდა, ასევე გლობალურ ბაზრებზე. ტერმინალებში შესასყიდმა ფასმა 1 ტონაზე უკვე 255 დოლარს მიაღწია. ეს ახალი მაქსიმუმია საექსპორტო კოტირებებზე მიმდინარე სეზონზე. თანაც ეს იმ დროს, როცა მსოფლიო ბაზარზე ბურღულეულზე ფასი განაგრძობს ზრდას. მაგალითად, სიმინდზე წინა კვირას ფასმა 4%-ით მოიმატა.
„მთავარი ფაქტორი კი ჩინეთის მხრიდან სიმინდზე გაზრდილი მოთხოვნა იყო. ტრეიდერების ინფორმაციით, ამ ქვეყანამ უკვე შეუკვეთა 17 მილიონი ტონა სიმინდი მიმდინარე სეზონზე, არადა მისი წლიური იმპორტის კვოტა 7,2 მილიონი ტონა იყო და ამ დრომდე ჩინეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, რომ ამ კვოტებს გადახედავენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამატებითი ფაქტორი, რომელიც სიმინდის ბაზარს აძვირებს, ეს არის შავი ზღვის რეგიონში დაბალი მოსავალი. „მოსალოდნელია, რომ უკრაინაში წელს მოსავალი 35,9 მილიონი ტონიდან შემცირდება 29,4 მილიონ ტონამდე, რუსეთში კი 14,3 მილიონიდან 13,7 მილიონ ტონამდე“, - აცხადებენ ექსპერტები.
მათი შეფასებით, ბურღულეულზე და განსაკუთრებით სიმინდზე ფასები მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზრდება.
მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის გაძვირება საქართველოს დიდ პრობლემებს უქმნის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მთლიანად რუსულ ხორბალზე გახდა დამოკიდებული. ამ დროს კი საფრთხე იზრდება მთავარ მომმარაგებელ სახელმწიფოში. იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე და მათ შორის რეგიონში ხორბალზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას განიხილავს.
რუსეთმა უკვე დაანონსა, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან კვოტირების მექანიზმს 6 თვით ისევ აამუშავებს, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის ვითარებაში ქვეყნები ცდილობენ მეტი მარაგი დაიტოვონ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს ხორბალი, პირიქით - მეტი მარაგი შეიქმნან. ეს იწვევს დაძაბულობას მსოფლიო ბაზრებზე.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ადასტურებს, რომ მთელ მსოფლიოში სერიოზული ტენდერებია გამოცხადებული. ყველა ქვეყანა დაახლოებით 30%-ით ზრდის თავის მარაგს.
„104 ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე. დღეს კონკურენტული ფასი რუსეთს აქვს სხვებთან შედარებით. ჩვენ გვაქვს წვდომა უკრაინის, ყაზახეთის, ევროკავშირის ბაზრებთან, თუმცა ყველა ამ ბაზარზე ფასი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის და სწორედ ამიტომ ხდება მეზობელი ქვეყნიდან შემოტანა, რადგან გადაზიდვის კომპონენტი უფრო იაფია“, - აცხადებს სილაგავა.
თავის მხრივ, ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი ქეთევან კუბლაშვილი „ბიზნეს-მედიასთან“ ამბობს, რომ კვოტების დაწესების თემას რუსეთი სპეკულაციის მიზნით იყენებს და მიუხედავად ამ განაცხადისა, ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნება და საქართველოს შეუძლია სტრატეგიული პროდუქტის იმპორტი სხვა ბაზრებიდან განახორციელოს, თუმცა ამასაც გარკვეული ფასი ექნება.
„გამოვრიცხავთ დეფიციტს ხორბლის ბაზარზე, რადგან დიდი მოსავალია მწარმოებელ ქვეყნებში და მათსავე ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდონ. რუსეთის ხრიკი, რომელსაც კვოტირების დაწესება ჰქვია, ეს არის მუდმივმოქმედი თემა, ის ყოველ წელს ამ თემით მანიპულირებს. კვოტები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს დეფიციტს და არ გამოწვევს ფასების ზრდას.
დეკემბერში ველოდებით 27 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემოვა ალტერნატიული ბაზრიდან. თავისუფალ ბაზარზე შეძენა პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, დეფიციტი არ შეიქმნება, თუნდაც აკრძალოს რუსეთმა და კვოტები დააწესოს. შესაძლებელია სხვა ქვეყნებში მოხდეს შესყიდვა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასით, მაგრამ ტრანსპორტირების ფასთაშორისი სხვაობის გამო ეს ჩვენთვის გაძვირებას გამოიწვევს“, - განაცხადა ქეთევან კუბლაშვილმა.