ქართული სანაპირო დაცვის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ, რასაც სეპარატისტული აფხაზეთისკენ არალეგალურად მიმავალი გემების დაკავება მოჰყვა, რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების საპასუხო ნაბიჯი გამოიწვია.
მოსკოვმა განაცხადა ოჩამჩირის პორტში ათამდე სასაზღვრო-საპატრულო კატარღის განთავსების შესახებ, ხოლო 20 სექტემბერს საღამოს ოჩამჩირის სიახლოვეს გამოჩნდა სასაზღვრო-სადარაჯო ხომალდი ПСКР "ნოვოროსიისკი", საბორტე ნომრით 043.
"ნოვოროსიისკი" 1241 ПЭ" პროექტის მიხედვით სადამ ჰუსეინის რეჟიმის შეკვეთით აიგო და 1991 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ერაყისკენ გაეცურა. მაგრამ ამ დროისთვის ერაყს, ქუვეითში შეჭრის გამო, საერთაშორისო სანქციები ჰქონდა დადებული. ასე დარჩა სადამ ჰუსეინისთვის განკუთვნილი ხომალდი შავ ზღვაში რუსული სანაპირო დაცვის შემადგენლობაში და დღეს საქართველოს საწინააღმდეგოდ სეპარატისტების რეჟიმის გაძლიერებისთვის იღვწის.
"ნოვოროსიისკის" წყალწყვა 495 ტონაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 28 კვანძი. ეს სიჩქარე არ კმარა ქართული სანაპირო დაცვის სწრაფმავალი კატარღების, პირველ რიგში "სოხუმის" დასაწევად. სამაგიეროდ, მას უფრო მაღალბალიანი ღელვის გაძლება და გაშლილ ზღვაში რამდენიმე დღე-ღამე დრეიფი შეუძლია, რაც "ნოვოროსიისკის" ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, დაუდარაჯდეს ქართულ კატარღებს.
ქართველმა მეზღვაურებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსული "ნოვოროსიისკი" შეიარაღებულია ერთი 76 მმ-იანი ქვემეხით, ერთი ექვსლულიანი 30 მმ-იანი ავტომატით, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით, ოთხი 533 მმ-იანი სატორპედო აპარატით. მის გემბანზე დამონტაჟებულია ორი რეაქტიული ბომბსატყორცნი, თუმცა ეს რუს ოკუპანტებს ნამდვილად არ გამოადგებათ, რადგან საქართველოს წყალქვეშა ნავი არ ჰყავს.
სამაგიეროდ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაშია 247-ე ცალკეული წყალქვეშა ნავების დივიზიონში შემავალი ორი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი.
მათგან ერთ-ერთი, 1982 წლის ბოლოს შეიარაღებაში მიღებული 641Б პროექტის წყალქვეშა ნავი Б-380 1992 წლიდან არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო და სევასტოპოლში სარემონტოდ იდგა.
მეორე წყალქვეშა ნავი, 877В პროექტის Алроса კი საფრთხეს საქართველოსთვის მართლაც წარმოადგენს. მას ტრადიციული ხრახნების ნაცვლად ექსპერიმენტული, წყალსატყორცნი მამოძრავებელი მექანიზმი აქვს, გამოირჩევა მცირე ხმაურით და რუსულ დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავებში ყველაზე ძნელად აღმოსაჩენად ითვლება. ამიტომაც NAТO-ს სამხედრო სპეციალისტები მას "შავ ხვრელსაც" უწოდებენ.
"ალროსას" წყალქვეშა სრული წყალწყვა 3950 ტ-ს აღწევს, წყალქვეშ ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 17 კვანძია (1კვანძი - 1.852 კმ/სთ).
წყალქვეშ ეკონომიური 3 კვანძი სიჩქარით "ალროსას" 400 მილის გაცურვა შეუძლია, რაც სრულიად საკმარისია, რომ მისი ეკიპაჟი წყალქვეშ ჩაუსაფრდეს ბათუმისა და ფოთის პორტებიდან გამოსულ ქართული სანაპირო დაცვის კატარღებს.
"ალროსა" შეიარაღებულია 533 მმ კალიბრიანი ტორპედოების გასაშვები 6 აპარატით, ტორპედოების საერთო მარაგი კი 18 ერთეულია. ამასთან, ტორპედოების ნაცვლად "ალროსას" 24 საზღვაო ნაღმის წაღებაც შეუძლია. ამ ნაღმების ბათუმისა და ფოთის პორტების გასასვლელებში მალულად ჩაწყობის შემთხვევაში შეიძლება მთლიანად პარალიზებული იქნეს ნაოსნობა - საზღვაო ნაღმების შიშით უცხოური სავაჭრო გემების კაპიტნები ვეღარ გაბედავენ ქართულ პორტებში შემოსვლას.
"ალროსას" ეკიპაჟს სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების განხორციელებაც შეუძლია. "ალროსადან" გადმოსულმა მყვინთავ-დივერსანტებმა შეიძლება მექანიკურად გააფუჭონ ან დანაღმონ და ააფეთქონ სუფსის ნავთობტერმინალიდან ზღვაში დაახლოებით 3კმ-ზე შემავალი ნავთობსადენი და ის მოტივტივე ნავთობგამწყობი ტერმინალი, სადაც უცხოური ტანკერები ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობმაგისტრალიდან ნავთობს იღებენ.
იმედია, საქმე აქამდე არ მივა და რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს ასე აშკარად არ დაუპირისპირდება, მაგრამ გამორიცხული არ არის, ქართული სანაპირო დაცვის კატარღებს რუსმა "კოლეგებმა" გაშლილ ზღვაში ცეცხლი გაუხსნან.
იმ ათამდე სასაზღვრო კატარღას შორის, რომელთა ოჩამჩირის პორტში განთავსებას რუსი მესაზღვრე ოკუპანტები აპირებენ, რამდენიმე Мангуст-ისა და Соболь-ის ტიპისა იქნება. ისინი თანამედროვე კატარღების ტიპს განეკუთვნებიან.
"სობოლის" მაქსიმალური სიჩქარე 47 კვანძია, "მანგუსტისა" კი 53 კვანძი და მათ შეუძლიათ დაეწიონ ქართული სანაპირო დაცვის ყველაზე სწრაფმავალ "სოხუმს".
ჩვენმა მეზღვაურებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ოკუპანტები და სეპარატისტები ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს მთელ გაყოლებაზე რადიოლოკატორებს აყენებენ, რათა ზღვის სანაპიროს გასწვრივ შექმნან 100%-იანი რადიოლოკაციური ველი დიდი და საშუალო ზომის მცურავი საშუალებების აღმოსაჩენად.
ამ მიზნებისთვის ადლერის აეროპორტში გადმოისროლეს ил-20 ტიპის რადიოელექტრონული დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავიც. ადლერის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ამ თვითმფრინავს რამდენიმე საათი შეუძლია იფრინოს ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ, რომლის დროსაც მისი აპარატურა ფოთის პორტამდე (შეიძლება უფრო შორსაც) დააფიქსირებს ყველა მცურავ საშუალებას, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ ის პატარა ზომის ქართული სანაპირო დაცვის კატარღები, რომელთა აღმოჩენა "ნოვოროსიისკის" საბორტე რადიოლოკატორებს ისევე, როგორც სანაპირო რადიოლოკაციურ რადარებს, ძალიან უჭირთ.
ქართული კატარღების აღმოჩენისთანავე სადაზვერვო ил-20-ის ოპერატორები მათ ზუსტ კოორდინატებს გადასცემენ "ნოვოროსიისკის", "მანგუსტებისა" და "სობოლების" ეკიპაჟებს. ეს კი საგრძნობლად გააადვილებს ქართული კატარღების დასაკავებელ ოპერაციას ნეიტრალურ ან თვით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში...