„ვითას“ თურქეთში აფხაზეთის დროშა უფრიალეს

„ვითას“ თურქეთში აფხაზეთის დროშა უფრიალეს

ჩვენი მოგზაურობა შრომის სასახლიდან „ცისფერი მთების“ თანხლებით დაიწყო. სხვათა შორის, ფილმის ყველა დიალოგი ვატო ნაცვლიშვილს და რეზო ჩხეიძეს გაზეპირებული ჰქონიათ და გუნდიც გაერთო. შემდეგ ჯერი ვითელთა კაპიტნის, დუდუ დადიანის საყვარელ ფილმებზე, უფრო „ბოევიკებზე“ მიდგა და ტრაბზონისკენ ჩვენი მგზავრობაც „ბოევიკს“ თუ არა, მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს ნამდვილად დაემსგავსა.

ჯერ იყო და, სამტრედიის შესასვლელთან მდებარე საგუშაგოსთან ავტომატის დაქნევით გაგვაჩერეს, არც იმისთვის მიუქცევიათ ყურადღება, რომ „მერსედესის“ ავტობუსის წინა შუშაზე „ვითას“ დროშა იყო გამოფენილი. 10-15 წუთიანმა ამბების რკვევამ არ გვიშველა, პოლიციელები მაინც ამოვიდნენ ავტობუსში, „დაგვათვალიერეს“ და გაგვიშვეს. იგივე პროცედურა, ოღონდ უავტომატოდ აჭარის შესასვლელთან, ჩოლოქზე განმეორდა. მომდევნო გაჩერება კი, დაახლოებით 2 საათს რომ გასტანა, ბათუმის საბაჟოზე იყო. პირადად მე ამ ხნის მანძილზე ფეხის გაშლაც მოვახერხე, ყავის დალევაც და, რაც მთავარია, ერთმა აქაურმა ჭიქაშიც ჩამიხედა.

უფრო ხანგრძლივი და დამღლელი გამოდგა 4-საათიანი შესვენება სარფის საბაჟოზე. ჩემშიც და ვითელებშიც ამ ადგილმა საკმაოდ უსიამოვნო გრძნობა გამოიწვია. აბა, რა კარგი სანახავი ეს იყო - საშოვარზე მომავალი ქართველები... ჭუჭყიანები, დაღლილები... სარფის საბაჟოზე ძირითადად მათ ამოწმებდნენ, თუმცა, არამარტო მათ... და გუნდი, რომელიც მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა გაეტარებინათ, ტრაბზონში დაღლილი და დაქანცული ჩავიდა. ჩვენი ავტობუსის მშვიდმა და სტუმართმოყვარე თურქმა მძღოლებმა ალაჰი დაიფიცეს, ბათუმის გზით საქართველოში აღარ ჩამოვალთო. ერთადერთი, ვინც კეთილ მოგონებად დაგვრჩა ამ მგზავრობიდან, იყო საქართველოს კონსული ტრაბზონში გია ჯანჯღავა.

იგი რომ არა, შესაძლოა, თბილისამდე დღემდე ვერ ჩამოგვეღწია. მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ თბილისისკენ მომავლებს ტრაბზონის აეროპორტში ავტობუსი არ დაგვხვდა, გია ჯანჯღავას ძალისხმევით ავტობუსი 2 საათში მოვიდა, მაგრამ... იგი კარტოფილით დატვირთული აღმოჩნდა. შინ ამ ავტობუსით ხომ ვერ დავბრუნდებოდით, იძულებულნი გავხდით ტრაბზონის ავტოსადგურში გავმგზავრებულიყავით. საბაჟოებზე ისევ 5 საათი გვამოწმეს და სამშვიდობოს რომ დავიგულეთ თავი, ჩოლოქის პოლიციის საგუშაგოზე ერთმა პოლიციელმა ოფიციალურად მოგვთხოვა გადასახადი, თურქი მძღოლისაგან მიღებულ უარზე კი... მოკლედ, საბოლოოდ ყველაფერი რომ გაირკვა, გამოგვიშვეს და დაგეგმილი ვადის ნაცვლად ერთი დღით გვიან, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ თბილისში.

თამაშიდან რა დაგვამახსოვრდა? ალბათ ის, რომ „ათათურქის“ 5 000-იან დარბაზში 2-3 ათასამდე გულშემატკივარი ტრიბუნებზე ცეკვავდა, ხტუნავდა, მღეროდა, მოედნისკენ კი მხოლოდ მაშინ მოიხედავდა, როცა „ბოლტის“ ან „კოკა-კოლის“ სროლა მოეპრიანებოდათ. დავრწმუნდით კიდეც თურქი მსროლელების ოსტატობაში, მათი მიზნის სიზუსტე ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

ან იმას რა დაგვავიწყებს, ქართველებს ეროვნული და „ვითას“ დროშები რომ არ გაგვაშლევინეს. „ვითას“ ქომაგთა მცირერიცხოვან ჯგუფს კი, რომელსაც ძირითადად ანკარაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები რომ შეადგენდნენ, ხმის ამოღების საშუალებაც არ მისცეს. სამაგიეროდ, დარბაზში ამაყად ფრიალებდა აფხაზეთის დროშა.

დაგვამახსოვრდნენ მსაჯებიც და ტაბლოც. ბუნებრივია, მათ მხარი მატჩის კომისარმაც აუბა. მატჩის არც ტექნიკური ოქმი მოგვცეს და არც პრეს-კონფერეცია ჩატარებულა. მოკლედ „ვითამ“ წააგო 80:92 .

პრეს-კონფერენცია „ვითამ“ გზად, ავტობუსში გამართა.

ბესიკ ლიპარტელიანი, „ვითას“ მთავარი მწვრთნელი:

„თავდაპირველად იმას გეტყვით, რომ მატჩი სტაბილურად ჩაატარეს სანაძემ და ქარაბაკმა. უსტიაშვილმა მთლიანად დაალაგა გუნდის ტაქტიკა. ბრწყინვალედ ითამაშა პირველ ტაიმში დუდუ დადიანმა. ვერ გამიგია, რა მოსდის ჩხეიძეს, რომელმაც წელს მხოლოდ პირველ შეხვედრაში ითამაშა კარგად, დანარჩენ სამში კი...

საუკეთესო იყო ვატო ნაცვლიშვილი, მის ანგარიშზე 26 ქულაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წელს პირველად დავინახე გუნდი, გასვლაზე კი, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ახლა როდესაც ყველაფერი დამთავრებულია, ადვილია იმის თქმა, რა მოხდა და რა გადავიტანეთ. ჯერ მგზავრობაზე ვიტყვით. საბაჟოებზე დატვირთულ მანქანებს უფრო ადვილად ატარებდნენ, ვიდრე ჩვენ, „პერანგის ამარა“ კალათბურთელებს, 4 საათი აქ და უკან გზაზე 5 საათი გაგვაჩერეს. გუნდი დაღლილ-დაქანცული გავიდა მოედანზე. ზედ ბურთის აგდების წინ შევამჩნიეთ, რომ ფარი არ იყო სათანადო სიმაღლეზე (5 სმ-ით მაღლა იყო ჩვეულებრივზე). მსაჯებმა და კომისარმა ჯერ ეს გაასწორეს, შემდეგ... მოკლედ, იცით, ერთადერთი რაც აღნიშვნის და დაფასების ღირსია, ტრაბზონში საქართველოს კონსულის გია ჯანჯღავას და ანკარაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის მხარდაჭერა და შემწეობაა.“

დუდუ დადიანი, გუნდის კაპიტანი:

„საბაჟოებზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ვითას“ ბედით საქართველოში არავინაა დაინტერესებული. თვითონ მატჩი კი არ იყო იმ დონის ფიბა-ს რომ შეეფერება. ჯერ ერთი, არ მოგვცეს საშუალება, ეროვნული დროშა გაგვეშალა, მერე იყო და, რკინის საგნებს გვესროდნენ, ქულებსაც მხოლოდ გაპროტესტების შემდეგ გვითვლიდნენ. რაც შეეხება ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი. მოედანზე ის დუდუ არ იყო, რომ უნდა ყოფილიყო.“

თემურ დათიკაშვილი, „ვითას“ პრეზიდენტი:

„გაკვირვებულები ვართ, ნამდვილად არ ველოდით, თუ თურქეთის მხარე ასე უპასუხისმგებლოდ მიგვიღებდა. საერთოდ, არ გვეგონა, რომ ფიბა-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე შესაძლოა მსგავსი რამ მოხდეს. დავიწყოთ თავიდან, ანუ იქიდან, რომ არ მოგვცეს ვარჯიშის საშუალება. თამაშზე მისულებს პოლიციელებმა გამოგვიცხადეს, თქვენს უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ ვაგებთ, ამიტომ დარბაზში არც საქართველოს და არც თქვენი გუნდის დროშა არ უნდა იყოსო. სამაგიეროდ, ათათურქის სახელობის სპორტის სასახლის დარბაზში 200 კაციანი ჯგუფი ამაყად აფრიალებდა აფხაზეთის დროშას. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, წააგეს და ახლა თავს იმართლებენო, მაგრამ მსაჯები რომ უკიდურესად არაობიექტურნი იყვნენ, ფაქტია - ამის დასტურად ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა: ანგარიშში სხვაობა 7 ქულაა, წინ თურქული გუნდია. გია სანაძემ სამქულიანი ისროლა და ჩააგდო, მაგრამ სამი ქულა... მასპინძლებს ჩაუთვალეს. ბუნებრივია, გაპროტესტება არ დავაყოვნე და კომისარმაც ვითომ „შეცდომა“ გამოასწორა, თუმცა, ეს კიდევ ორჯერ რომ განმეორდა, „ვითას“ ხელმძღვანელობა გაგვაფრთხილეს, პროტესტს მივიღებთ კი არა, თუ არ გაჩუმდებით, დაგაჯარიმებთო.“

ტრაბზონში იძულებითი შესვენება მოგვიხდა. დრო ტყუილად არ დავკარგე, კონსულის გია ჯანჯღავას დახმარებით ვისარგებლე და ქალაქიდან 20 კმ-ის მოშორებით მცხოვრებ არჩილ არველაძეს და გია ნემსაძეს დავუკავშირდი ტელეფონით. თუმცა, მხოლოდ შოთას და გიას მეუღლეებს ვესაუბრე. ყველა მოუთმენლად ველით გიას თამაშს იტალიაშიო, მითხრეს.