სახელმწიფო უწყებების შენობები არ იყიდება, მაგრამ მაინც აცარიელებენ. ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელიც ხელისუფლებამ გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ ვერ გაყიდა, „საქსტატის“ შენობა იყო. იგი ქობალიას უწყებამ 3,5 მილიონ ლარად შეაფასა და აუქციონზე 30 ნოემბერს გამოიტანა. როდის გაიმართება მომდევნო აუქციონი, უცნობია, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ ამ შენობას მყიდველის მოლოდინში ყოფნა კიდევ დიდხანს მოუწიოს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა, „საქართველოს ფოსტის“ შენობა, ფინანსთა სამინისტრო, „იმელის“ და ახლა „საქსტატის“ შენობა - ეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული იმ მცირე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალია, რომელიც ვერა ქობალიას უწყებამ საპრივატიზაციოდ გამოიტანა. ნაწილი ამ შენობების გაიყიდა, ნაწილი კი მიუხედავად რამდენჯერმე გამართული აუქციონისა, ისევ მყიდველს ელოდება.
როგორც ჩანს, მთავრობას საპრივატიზაციო მადა გაეხსნა და აუქციონზე შენობა-შენობაზე გამოაქვს.
უკანასკნელი, რომლის გაყიდვის გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მიიღო „საქსტატის“ შენობაა. ის 3 500 000 აშშ დოლარადაა შეფასებული. როგორც სამინისტროში განაცხადეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პეკინის N4-ში მდებარე შენობაზე საპრივატიზაციო ბანერი უკვე გაიკრა.
„პეკინის ქუჩაზე მდებარე შენობის საწყისი ფასი 3 500 000 ამერიკული დოლარია. შენობას ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს. ეს არის 6000-მდე კვადრატული მეტრი საოფისე და სავაჭრო ფართი საზოგადოებრივი და პარკირების ადგილებით. დედაქალაქის ბიზნეს და კულტურულ ცენტრებთან სიახლოვე შენობის მომავალი მყიდველის ბიზნესის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს წარმოადგენს“, - განმარტავდნენ ვერა ქობალიას უწყებაში და იმასაც აცხადებდნენ, რომ მომავალ მესაკუთრეს შენობა, ეტაპობრივად, 2011 წლის 1-ელ მაისამდე გადაეცემოდა.
რაც შეეხება იმას, თუ სად გადავა სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატის“ შენობის პრივატიზების შემდეგ, ამის შესახებ არც ქობალიას უწყებაში და არც „საქსტატში“ ჯერჯერობით არაფერი იციან.
საპრივატიზაციო ნუსხაში ისეთი შენობების შეტანა, რომელიც ცენტრში მდებარეობს, ცხადია, რომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა. „ვარდების რევოლუციიდან“ სულ ცოტა დრო იყო გასული, რომ მთავრობამ მის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების გაყიდვა დაიწყო.
გაიყიდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო, თუმცა დღემდე სოფლის მეურნეობის სამიტნისტროს ძველი შენობა ისევ უმოქმედოდ დგას. გაიყიდა ასევე „იმელის“ შენობა, სადაც ასევე სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, მაგრამ აქაც არაფერი გაკეთებულა.
საპრივატიზაციო ნუსხაში აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროს შენობაც, თუმცა ისიც ჯერ არ გაყიდულა, მყიდველს ან ტერიტორია არ მოსწონს, ან–მისი ფასი. ამასთან, საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა შპს „საქართველოს ფოსტაც“. „საქართველოს ფოსტა“ ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვ.მ. მიწას და შენობებს საერთო ფართით 100 000 კვ.მ.
გარდა ამ შენობებისა, მთავრობამ კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება გაასხვისა, მათ შორის გეოლოგიის ინსტიტუტი და ა.შ. დღეს კი გასხვისებულ თუ აუქციონზე გამოტანილ შენობებს კიდევ ერთი „საქსტატის“ შენობა შეემატა. ყველა ეს შენობა კი მთავრობამ მხოლოდ ერთი კრიტერიუმით შეარჩია, ყოველ შემთხვევაში, როგორც სამთავრობო წრეებში აცხადებენ, „ინვესტორისთვის მიმზიდველი სწორედ ცენტრში მდებარე შენობებია“.