საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებისა და სამშობლოში დაკრძალვის დღეები თითქმის ერთმანეთს დაემთხვა. 31 მარტი და 1 აპრილი ის დღეებია, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი ადამიანი შესძინა და 14 წლის შემდეგ სამშობლოს მისი მრავალგზის ნაწამები ნეშტი დაუბრუნა. 18 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკული დღეებიდან, როდესაც ქართველი ქართველს არ ინდობდა, ჩვენივე ხელით ვხოცავდით ერთმანეთს და სახლ-კარს ვუწვავდით. ეს ის დროა, რომელმაც კიდევ ერთი თაობა უნდა გამოზარდოს. სწორედ ბოლო პერიოში გაზრდილი თაობისა და საქართველოს ისტორიისთვის ვთხოვეთ ჩვენს რესპონდენტს იმ მოვლენების გახსენება, რაც ძმათამკვლელ ომს უკავშირდება. აფხაზეთი და სამეგრელო... სამეგრელომ მოიშუშუა ჭრილობა. აფხაზეთი კი სამუდამო ტკივილში დარჩა.
ჩვენი გაზეთი ზვიად გამსახურდიას ყოფილ რწმუნებულს, ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, უპარტიოთა მოძრაობის წევრს, ოთარ უბილავას ესაუბრა.
- 1992 წლამდე, სანამ ზვიადი პრეზიდენტი გახდებოდა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, უნდა ყოფილიყო იმის მცდელობა, რომ შექმნილიყო დაცვის სამსახური, რომელიც შეიმუშავებდა წესდებას, ხელს მოაწერინებდა, ფიცს დაადებინებდა წევრებს და ისინიც შინაურსა და გარეულს, ყველას შეისწავლიდნენ, თუ ვინ-ვინ იყო. სამედიცინო შემოწმებას გაივლიდნენ, როგორი თვალი აქვს, როგორი ყური, როგორი სმენა, ცენზი დაწესდებოდა. დაცვის სამსახურში უნდა ყოფილიყო ექიმიც, იურისტიც, უცხო ენის მცოდნეც და მფრინავიც.
90-იან გვერდიანი სპეციალური პატაკი მქონდა დაწერილი ზვიადის წასვლის შემდეგ. მე არ ვიყავი ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ ასე რომ არ ვარგოდა, ის კი ვიცოდი. მივდივარ მე, ოთარ უბილავა, შედის კიდევ პეტრიაშვილი, ვიღაც ჭიჭაღუა ან ჩიბურდანიძე და არ ეკითხებიან, საიდან მოდიხარ, ვისთან მიდიხარ, რა დროს მოხვედი. პრეზიდენტთან თავისუფლად შედიხარ და გამოდიხარ. არც ჟურნალი წარმოებს და არც არაფერი. რა შემაქვს, ვინ იცის? ასე იყო გროზნოშიც. როდესაც შევდიოდი, გარემოცვას გარეთ ეძინა. შესაბამისი სამსახური არ არსებობდა. ახლა იძახის, მე დაცვის წევრი ვიყავიო. კი, ბატონო, იყავი, მაგრამ როგორ იცავდი პრეზიდენტს, კარგად თუ ცუდად? არა, ერთგული ვიყავიო. ვინ გეუბნება, რომ არ იყავი ერთგული, მაგრამ არ იცოდი, ეს ერთგულება როგორ გამოგეყენებინა. მარტო ერთგულებით შეიარაღებული ადამიანი პრეზიდენტს ვერ დაიცავდა. მე ყოველთვის ამას ვამტკიცებდი, მაგრამ ვერ მივაღწიე იმას, რომ დაცვის სამსახური შექმნილიყო.
დაცვის წევრს რა უნდა მოსთხოვო? ის იტყვის, მე როგორც ვიცოდი და შემეძლო, ისე ვიცავდიო. გაჩნდა კითხვა, თუ თქვენ იცოდით, რომ თქვენი შესაძლებლობებითა და უნარით პრეზიდენტს ვერ დაიცავდით, რატომ არ მიატოვეთ იგი და არ წახვედით? თუ ისინი იტყვიან, რომ მათ ვიღაც ეუბნებოდა, არ წახვიდეთო, ხელი სწორედ იმ პიროვნებას უნდა მოჰკიდო და არა დაცვის ბიჭებს. იქ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ჯარშიც კი არ უმსახურიათ. ზვიადს რომ იქ სხვადასხვა ცენზით შერჩეული დაცვის წევრები ხლებოდა, იურისტი ფაქტსაც დააფიქსირებდა და საჭირო მასრასაც ამოიღებდა. არც ზეწარს დაწვავდა და არც მიცვალებულს დამარხავდა. არ ვიცი, რა აზრი ჰქონდა გარდაცვლილის დამალვას. მკვდარს რაღას უზამდნენ?! მე აქ დაცვის წევრების დანაშაულს კი არა, შეცდომას უფრო ვხედავ.
კონსტანტინე გამსახურდიას თავმჯდომარეობით შექმნილ საგამოძიებო კომისიას როგორ უყურებთ?
- ძალიან სკეპტიკურად, როგორ შეიძლება, კომისიაში დაუძახო ჯონდი ბაღათურიას, როდესაც მას შეეძლო, საშუალება რომ ჰქონოდა, 1993 წელს ზვიად გამსახურდიასთვის ტყვია ესროლა? მისი მეგობრებიც - ეროვნულ-დემოკრატები ზვიადს მოსაკლავად დასდევდნენ. ახლა იმას იტყვის, რასაც შევარდნაძე ამბობს, ზვიადის სიკვდილი იოსელიანის ბრალიაო და მკვდარს გადააბრალებს.
თქვენ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ზვიადის სიკვდილთან დაკავშირებით, რაც ჯერ არ გახმაურებულა?
- ისეთ ინფორმაციას არ ვფლობ, რაც ჯერ არ თქმულა, მაგრამ წაკითხულიდან ჩემი დაკვირვების შედეგად, ასევე, გადამდგარი, გადაყენებული თუ გალოთებული რუსი ოფიცრების მიერ გაჟღერებული ინფორმაციებიდან გამოჩნდა შემდეგი: 1992 წელს გაგრის დაცემის შემდეგ, როდესაც შეტევები დაიწყო სოხუმზე, რუსეთის გენერალურმა შტაბმა შეადგინა გეგმა, როლის მიხედვითაც სოხუმი უნდა დაცემულიყო მომავალი წლის ზამთრის დადგომამდე. იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას დავალებით მოლაპარაკებაზე ვიყავი წასული აფხაზებთან. ჩემთან ერთად იყვნენ პაატა ჩუხუა, სოსო ლაგვილავა, კოტე ფირცხალავა, ჯემალ გამახარია. მივედით მოლაპარაკებაზე სოჭში. ზვიადმა ასეთი გეგმით გაგვიშვა, დაწერონ მიმართვა ქართველი ერისადმი და ამას გროზნოში ვინმე გამოყვესო, იქნებოდა ის შამბა თუ სხვა მაღალი რანგის პიროვნება.
შეხვედრა ერთ-ერთი აფხაზის რესტორანში შედგა. იქ იყო ზურაბ შამბას მოადგილე ვალერი კვარჭია. შეხედა ჯემალს და თქვა, ეს შევარდნაძის კაცია და ამასთან არ დავსხდებითო. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, იმათ კი სცოდნიათ, ვინც იყო გამახარია და არ დასხდნენ. შემდეგ შეხვედრაზე გამახარია აღარ წაგვიყვანია. შეხვედრა გაგრაში გაიმართა, 10-კაციანი დელეგაციით წავედით, დაგვემატა ლოთი ქობალიაც და ვუცდით წერილს, რომელიც ზვიადს უნდა მივუტანოთ. იქით მხარეს აღმოჩნდა ლაგვილავა, მინისტრის მოადგილე, მე ვიცოდი ეს და სოსო ლაგვილავა სპეციალურად წავიყვანე. აფხაზებს ჯერ ერთმანეთში მოუვიდათ კამათი. შამბა იყო თამადა. კუჭუხიძე და შამბა კი ინსტიტუტში ერთად სწავლობდნენ. შამბამ ასწია ჭიქა და სადღეგრძელო თქვა, ზვიად გამსახურდიას გაუმარჯოსო. სათავეში ზვიადი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდაო. ახტა ჯინჯოლია და ეუბნება, "დურაკ, ტი!" ომი რომ არ ყოფილიყო, არც გამარჯვება იქნებოდაო. ეს იყო 1993 წლის აპრილი. გავიდა რამდენიმე საათი და ოზგანსა და გაგრის მერს იაზიჩბას ვეკითხები, წერილს როდის მომიტანენ-მეთქი? არძინბასთან წავიდნენ გუდაუთაში და მალე მოიტანენო.
გარკვეული ხნის შემდეგ მოვიდნენ და წერილი მაგიდაზე დადეს. იგი რომეო კუჭუხიძემ გახსნა და ეს რა ხდებაო, გაიკვირვა. წერილს დავხედე და წერია, "აბრაშენიე მენგრელსკომუ ნაროდუ". თან გვეკითხებიან, თქვენ მოლაპარაკებაზე მოდიხართ და ამ დროს ქართული მხარე სოხუმზე შეტევას ახორციელებს, რა, ერთმანეთთან შეთანხმებული არ ხართო? მერე გავიგეთ, ვიღაცას ჩავუშვივართ და რადგან მოლაპარაკებაში შევარდნაძის ხალხი არ მონაწილეობდა, მის ჩასაშლელად სოხუმზე შეტევა წამოიწყეს.
დიპლომატიურად მოვიქეცი და ვთქვი, როგორც ჩანს, არძინბა ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მას წერილი არ წაუკითხავს, ხელი ისე მოაწერა და იქნებ, წაიღოთ და გაასწოროთ-მეთქი. სამი დღე გვალოდინეს, მერე მითხრეს, ორ კვირაში პარლამენტის სხდომა იქნება და ასეთი სახის წერილს იქ დაამტკიცებენო. მივხვდი, რაც ხდებოდა. ბიჭები გავუშვი. მარტო მე და კოტე ფირცხალავა დავრჩით. ყველაზე სანდო კოტე მეგონა და რუსეთის გენერალი არ აღმოჩნდა? ფედერაციის საბჭოს წევრია, წარმოგიდგენიათ?!
მაშინ რა თანამდებობა ეკავა?
- ზვიადის დროს გენერალური პროკურორი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი გენპროკურორი შეუქმნის კი პრეზიდენტს ისეთ სამსახურს, რომელიც მას დაიცავს?
ზვიადის საქართველოში ჩამოსვლა რამ განაპირობა?
- როდესაც დაიგეგმა რუსეთის გენშტაბში, რომ სოხუმი აღებული უნდა ყოფილიყო 1993 წლის ზამთრამდე, ეს გეგმა საქართველოში თავის ხალხს, უშიშროების თანამშრომლებს მიაწოდეს. რუსეთის უშიშროებამ ამ გეგმის შესახებ აცნობა შევარდნაძის ხელისუფლებაში მომუშავე უშიშროების წევრებს. შევარდნაძე ისეთი შტერი არ არის, რომ არ იცოდეს, რუსი რასაც გადაწყვეტს, იმას შეასრულებს. მან იცოდა, რომ სოხუმი დაეცემოდა. იფიქრა, თუ სოხუმის დაცემის შემდეგ ჩამოვა ზვიადი, არ ივარგებსო და დაამთხვია ზვიადის ჩამოსვლა სოხუმის დაცემას. გამოძებნეს გზები - რაც შეიძლებოდა მეტი ხალხი მიეშვათ ზვიადთან, ბატონო ზვიად, უნდა ჩამოხვიდეთო.
მე და გურამ ლაკია ვართ ფრონტზე ტყვარჩელის მიმართულებით, კუჭუხიძე და ჯომიდავა კი სოხუმის მიმართულებით დგანან. ესენი კი აგროვებენ ადამიანთა ჯგუფს, სვამენ შვეულმფრენში და აგზავნიან ზვიადთან. ეს ის პერიოდია, როცა შვეულმფრენი სანთლითაა საძებარი, ჭირს. ამ დროს მათ აჰყავთ შვეულმფრენი და გროზნოში ზვიადთან მიფრინავენ. მათ შორის არიან ბადრი ზარანდია, ჯამბულ ბოკუჩავა, სოსო ჟღენტი, ლოთი ქობალია.
შვეულმფრენის მოპოვების შესაძლებლობა ვის გააჩნდა?
- ოთარ ფაცაციას. აზრზე არ იყვნენ, რას აკეთებდნენ, წავიდნენ და ხელი შეუწყვეს იმას, რომ ზვიადი საქართველოში ჩამოსულიყო. მანამდე სესია ჩატარდა, სადაც ზვიადის ჩამოსვლა გადაწყდა. გავიგე გროზნოში მათი გამგზავრების ამბავი და გამიკვირდა. მე რატომ არ წამიყვანეს-მეთქი, შეიძლება, პრეტენზია არ გამჩენოდა, მაგრამ გურამ ლაკია იყო იქ, პროფესიონალი ოფიცერი დ ის ეტყოდა პრეზიდენტს, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ შენს უსაფრთხოებას და არ უნდა ჩამოხვიდეო. ამასთანავე, პრესა რატომღაც დიდ ადგილს უთმობდა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომ ლოთი ქობალიას, გურამ ლაკიას და ა.შ. ჰყავთ 20.000-იანი ჯარი. ეს იყო ტყუილი. 1000-კაცზე მეტი არ გვყავდა. სპეციალურად ატყუებდნენ ხალხს.
ბატალიონი ერქვა თუ არა, რა ბატალიონი იყო? შემიძლია, წარმოგიდგინოთ საბუთები, სადაც ბატალიონის უფროსი მწერს, მომეცი 20 კაცის საკვებიო, რადგან მეტი არ ჰყავდა. ტამიშში 500 კაცი შევედით, მეტი კი არა. სპეციალურად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს, რომ თითქოს ზვიადს 20.000 კაციანი არმია ჰყავდა. ისე აეწყო ყველაფერი, რომ ზვიადი ჩამოვიდა. გაუხარდა შევარდნაძეს, ხელში ჩავიგდებო. სოხუმი დაეცემა და ეს ზვიად გამსახურდიას დაბრალდება, 20.000-იანი ჯარი რომ ჰყავდა, საბრძოლველად რატომ არ გამოიყვანაო. შევარდნაძემ ეს აზრი ახლახან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, სადაც ამბობს, ჯარის ნაწილებმა ფრონტი მიატოვეს და ზვიადთან ოჩამჩირეში გაიქცნენო.
ზვიადი რომ მარტო დარჩა დაცვის წევრების ამარა, თუ გქონდათ ინფორმაცია, სად გადაადგილდებოდნენ ისინი?
- 5 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრში ჩავედი ილორში, სადაც ზვიად გამსახურდია თავის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. დავალება მივიღე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღები გვქონდა გადამალული, მოგვენახა და წამოგვეღო. ასეთი დავალება გვქონდა, რომ რუსული ტანკები შეგვეჩერებინა. ამ ხანში დესანტი გადმოსხეს და წალენჯიხის მხარეს წავიდნენ. როგორც გაირკვა, 5-ში გვიან ღამეს, ჩვენი წამოსვლის შემდეგ აფხაზები მისულან ზვიადთან ილორში, ტუჟბას ოჯახში და წაუყენეს შემდეგი წინადადება, შენ დაგაბრუნებთ თბილისში, ოღონდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადეო. შევარდნაძეს კი ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. მან ამ შეთავაზების შესახებაც იცოდა და ისიც, რომ გამსახურდია ამაზე უარს იტყოდა და აფხაზები მას უკან გამოაბრუნებდნენ.
6 ნოემბერს უკვე "მხედრიონი" ზუგდიდში შევიდა. მე ენგურთან ვიდექი და მეკავშირეს ველოდებოდი, რათა დავალება შემესრულებინა. არავინ გამოჩნდა. იმავე დღეს, დღის მეორე ნახევრისთვის რუხის ციხისკენ ფეხით წამოვედი, სასწაული არეულობა იყო, ვინ სად გარბოდა. შემხვდა ორი ნაცნობი მანქანა, ვხედავ შიგნით სხედან ლოთი ქობალია და გურამ ლაკია თავისი ოჯახით. მანქანაში ჩავჯექი. მეგონა, ესენი პრეზიდენტთან მიდიან ილორში-მეთქი. ხიდს რომ მივუახლოვდით, მარჯვენა მხარეს ნაღმები იყო დალაგებული, გაწიეს ისინი და გაგვიშვეს. ამ დროს ორმა თვითმფრინავმა "სუ-25"-მა თავზე გადაგვიფრინა, მივხვდი, რომ ჩვენ დაგვდევდნენ. აფხაზებმა განგაში გამოაცხადეს, მაგრამ თვითმფრინავებს არ ესროლეს. თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო ხელის რაკეტები ჰქონდათ. გავიხედე, ჯვარისკენ მიდის ჩვენი მატარებელი, რომელზეც ქვემეხები იდგა. ერთი აფხაზი ვნახე იქ დაურ კირთაძე, ვთხოვე, საბერიოსკენ წამიყვანე და გზაში დამტოვე-მეთქი.
მიმიყვანეს საბერიოს საზღვრამდე. ვხედავთ, სახლებს ცეცხლი უკიდია. მითხრა, მე შენ იქ ვერ დაგიცავო და ისევ უკან წამიყვანა. ჩემთან ერთად იყო გურამ ლაკია თავისი ცოლ-შვილით. ქობალია კი გალისკენ წავიდა და მას მერე წამოვეწიეთ. ორი მანქანით მივედით ილორში, იქ, სადაც პრეზიდენტი დავტოვეთ. ტუჟბას სახლში არავინ დაგვხვდა. მეზობლად ცხოვრობდნენ დები თარბები, ერთს მეუღლე ქართველი ჰყოლია, გვარად კიკვაძე, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო. მათგან გავიგეთ, რომ პრეზიდენტი იქიდან წასულა. გამიკვირდა, სად წაიყვანეს-მეთქი, მაგრამ ვხედავ, რომ ჩვენ ტყვეობაში ვართ, ორი მანქანა მოვიდა აფხაზების და, ფაქტობრივად, დაგვაპატიმრეს.
იქ 3 დღე ვიყავით. სახლში არ გაგიშვებთ, მაგრამ სადაც გინდათ, იქ წადითო, გვეუბნებოდნენ. არ ვიცოდი, სად იყო პრეზიდენტი, თან ვფიქრობდი, იქით რომ გადავიდე, ვაითუ, პრეზიდენტი ჩრდილოეთში იყოს-მეთქი, რადგან ისინი ასე გვეუბნებოდნენ. ოჩამჩირეში სამჯერ ჩავედით, მაგრამ შტორმი იყო და ზღვაზე არაფერი მოძრაობდა. გვინდოდა, როგორმე ბათუმამდე ჩაგვეღწია. თარბების ოჯახში მოვიდა რუსლან ქიშმარია. დაცვის მიზნით ორი კაცი დაგვიტოვა, ზუხბა და კირთაძე. მესამე დღეს სწორედ კირთაძემ გადაგვიყვანა ფსოუზე. ბოლო-ბოლო მოვახერხეთ რუსეთში გადასვლა. იქედან გავაგზავნე ორი წერილი, ერთი ზუგდიდში, მეორე - გროზნოში. პრეზიდენტს ვეძებდი.