ბიზნესისთვის დიზელის ახალ სტანდარტზე გადასვლა დიდი პრობლემა იქნება, რომელიც მალევე მომხმარებელს დააწვება ტვირთად. თუკი აზერბაიჯანული იაფი დიზელი ახალი წლიდან ქვეყანაში ვერ შემოვიდა, ეს გააძვირებს როგორც იმპორტირებულ საქონელს, ასევე ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. შესაბამისად, ბიზნესმენები მთავრობას სტანდარტის გადავადებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ მიმდინარე და მომდევნო წელს ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევა, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, იქნება პანდემია და მისგან გამომდინარე ეკონომიკაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები.
„ყველა თანხმდება, რომ ეკონომიკის ვარდნა საკმაოდ უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ფინანსურ მდგომარეობაზე. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება ინფლაცია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასი იყოს მეტ-ნაკლებად სტაბილური და პროგნოზირებადი. მათ შორის უნდა გამოვყო ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, როგორიცაა დიზელის საწვავი, რომლის ფასიც დიდ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობაში წარმოებული თუ პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის განსაზღვრაში.
მართებული იქნება თუკი 2021 წელს ასამოქმედებელი მთავრობის დადგენილების ამოქმედების ვადა გადაიწევს 1 წლით, რაც მისცემს საშუალებას, ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის საწვავი, რომელიც ყოველთვის 10-15 თეთრით ნაკლებია, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით.
აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უახლოესი ისტორიის ყველა ძნელბედობის ჟამს გვერდით ედგა“, - განაცხადა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
მისი აზრით, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, რომლის შემცირებასაც ემსახურება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის შემოღება, შესაძლებელია არც შეიცვალოს. საქმე ისაა, რომ საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 48%-ს შეადგენს 20 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა მოძველებული ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, გამონაბოლქვი აირის ზემოქმედება გარემოზე თითქმის იდენტურია ევრო-4 და ევრო-5-ის სტანდარტის დიზელის საწვავის შემთხვევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესიც მხარს უჭერს ახალი სტანდარტის გადავადებას, რათა შენარჩუნდეს იაფი საწვავის შემოტანის შესაძლებლობა. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ვარაუდით, მწარმოებლებს ხარჯი გაეზრდებათ, რაც შეიძლება საბოლოოდ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზეც აისახოს.
„შესწავლილი გვაქვს ყველა დეტალი, რაც საწვავის სტანდარტის შემოღებას უკავშირდება. ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნავთობპროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად მონაწილეობს კალკულაციაში. როდესაც ხორბალი შემოდის და სამანქანო გზით წისქვილებში ნაწილდება, ტრანსპორტირების ხარჯი თვითღირებულებაში გარკვეულ ადგილს იკავებს. ეს ხარჯი მოიცავს ასევე უკვე მზა პროდუქტის დისტრიბუციას წისქვილიდან საცხობებში. მოკლედ, მთელი ციკლია. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება დიზელის საწვავის ღირებულება.
თუკი აზერბაიჯანი შეაჩერებს დიზელის შემოტანას საქართველოში, ცხადია, მას რუსეთი ჩაანაცვლებს და სანაცვლოდ ქართველი მომხმარებელი გაძვირებულ პროდუქტს მიიღებს, რაც ჩვენი აზრით, შემდეგ დიდ პრობლემას შეგვიქმნის. მნიშვნელოვანია, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული ბალანსი დავიცვათ ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის და, თავისთავად, მომწოდებელი ქვეყნის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, რომ ევრო 5-ის სტანდარტის დაწესება კიდევ ერთხელ გადავადდეს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო იაფად შემოვიდეს დიზელის საწვავი აზერბაიჯანიდან და ფასი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სილაგავამ და დასძინა, რომ საეჭვოა, ახალი სტანდარტის შემოღებამ ეკოლოგიურად დიდი ეფექტი მოიტანოს, რადგან ავტოპარკის განახლება ვერ ხერხდება, რაც ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა.
დიზელის სტანდარტთან დაკავშირებით ანალოგიური პოზიცისაა დისტრიბუტორთა ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში სტანდარტის დაწესება დისტრიბუციას შეუქმნის პრობლემას, რადგან დიზელის გაძვირებას გამოიწვევს და საბოლოოდ როგორც დისტრიბუციის ხარჯის ზრდას, ასევე რიგი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.