მიშა „დლინნი“ და ალ-ქაედასთან თანამშრომლობისთვის გასამართლებული ვახტანგ მაისაია

მიშა „დლინნი“ და ალ-ქაედასთან თანამშრომლობისთვის გასამართლებული ვახტანგ მაისაია

"მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი, მისი ბიძა თემურ ალასანია იყო საბჭოთა „კა-გე-ბე“-ს წარმომადგენელი და თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა კავშირები „კა-გე-ბე“-სთან, იგი იყო საბჭოთა „კა-გე-ბე“-ს მესამე მთავარი სამმართველოს სამხედრო კონტრ-დაზვერვის აგენტი. კერძოდ, თავისი ბიძის რეკომენდაციით მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს სასაზღვრო ჯარებში მოხვდა, რომელიც ელიტარული ჯარის სახეობა იყო და იქ მოხვედრა ძალიან შეზღუდული იყო. 1985-87 წლებში ბატონი მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა, სხვათაშორის, ის კიევის განსაკუთრებული სასაზღვრო ოლქის შტაბში იყო, რად საკმაოდ მაღალი თანამდებობაა და მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა მისი გადაბირება საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს მესამე მთავარი სამმართველოს სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ. ასევე ვიცი მისი სავარაუდო ფსევდონიმი - „დლინნი“ და მინდა მიხეილ სააკაშვილს დავუსვა კითხვა - რას აკეთებდა და რა ფუნქციას ასრულებდა 80-იანი წლების ბოლოს ბულგარეთში. თუ მას მეხსიერება არ ღალატობს, ალბათ გაიხსენებს, რას აკეთებდა ბულგარეთში“, - განაცხადა for.ge-ს პრეს-კლუბში სამხედრო ექსპერტმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ვახტანგ მაისაიამ.

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმს გადასარჩენად სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ თავისი ავტორიტარული რეჟიმის განსამტკიცებლად საბჭოთა მეთოდი, ე.წ. შპიონომანია გამოეყენებინა. სწორედ ამიტომ შეითხზა ე.წ. ენვერის საქმე, გულუას საქმე და ვახტანგ მაისაიას ვითომდა ჯაშუშური საქმე.

„მე ვიყავი 21-ე საუკუნის საბჭოთა იმპერიალისტის, მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლი, თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ, გადავრჩი. გაგაცნობთ ჩემს სპეციალურ მიმართვას ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სახელზე. ამ მიმართვით მე ვაცნობებ ბატონ რასმუსენს, რომ მსჯავრდებული ვიყავი ნატოს სპეც-სამსახურებთან (და არა რუსეთის სპეც-სამსახურებთან, როგორც ინფორმაცია იყო გავრცელებული) თანამშრომლობის ბრალდებით და მინდა ამ საქმეს ნათელი მოვფინო. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გამოტანა სააკაშვილის ციხის ჯურღმულებიდანაც ვცადე, მაგრამ ჩემი ეს მცდელობა დასრულდა ჩემზე ფიზიკური ზეწოლითა და ჩემი ლიკვიდაციის მცდელობით. ამასთანავე, საფრთხის წინაშე დადგა მთელი ის კონტიგენტი პატიმრებისა (3000 კაცი), რომლებიც რუსთავის N17-ე დაწესებულებაში ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს. რა თქმა უნდა, მე არ შემეძლო კიდევ უფრო დამემძიმებინა ის ისედაც აუტანელი პირობები, რომლებშიც ადამიანები ქართულ ციხეებში იმყოფებოდნენ“, - აცხადებს მაისაია.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავის მეგობრებთან დარეკვა და მათთვის ამ ინფორმაციის გადაცემა დააპირა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ასევე ვანო მერაბიშვილის სპეც-სამსახურებმა, მისი თქმით, გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, დაგეგმეს სპეც-ოპერაცია, რომელიც სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მასობრივ რეპრესიებს ისახავდა მიზნად. მაისაიას განცხადებით, საფრთხე რეალური იყო და ამიტომ მაშინ მან ამ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა. სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ მის საქმეში კონსტიტუცია დაირღვა, რადგან მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და მაისაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გრიფი საიდუმლო დაედო, რაც მსოფლიო პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა, რადგან განაჩენი საჯაროა. ამიტომ ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ასეთი უპრეცედენტო ღონისძიებები იმაზე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ინფორმაციის გავრცელების ძალიან ეშინოდა.

ყოფილი პოლიტპატიმარი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მისი უფლებების დაცვისთვის იბრძდნენ. მათ შორის არიან ადვოკატები ნათია კორკოტაძე და ნიკოლოზ ლეგაშვილი, ასევე უფლებადამცველები და პოლიტიკოსები (ეკა ბესელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, უჩა ნანუაშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ა.შ.).

ვახტანგ მაისაიას ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა, დააპატიმრა ადამიანი, რომელიც ამ ინტეგრაციის კურსის არათუ მომხრე, არამედ უშუალოდ შემსრულებელი და გამტარებელი იყო. სააკაშვილის რეჟიმმა მას ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ნატოს სპეც-სამსახურების ჯაშუშობის ბრალდება მიუყენა. მიმართვაში დასახელებულია ნატოს წევრი ქვეყნის სპეც-სამსახური - სლოვაკეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვა, რომლის ჯაშუშობაც ედებოდა ბრალად მაისაიას. სამხედრო ექსპერტი მოითხოვს, რომ რასმუსენი დაინტერესდეს ამ ფაქტით და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს.

მაისაია ტყუილს უწოდებს წინა ხელისუფლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით იყო გასამართლებული. მისი თქმით, მის საქმეში რუსეთის სპეც-სამსახური მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები.

„ჩემი ადვოკატებისგან გასხვავებით, მე არანაირი დასტური არ მიმიცია არავისთვის, რომ ჩემი საქმის დეტალებს არ გავამხელდი. მე თვითონ 2002-2004 წლებში ნატოს საიდუმლო ინფორმაციის რეგისტრის ხელმძღვანელი ვიყავი და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საიდუმლო დოკუმენტაციასთან მუშაობა. ამასთანავე, 2004-2008 წლებში უშუალოს ნატო-ს სტრუქტურებში ვმუშაობდი და ამ დოკუმენტაციასთან მქონდა შეხება. შესაბამისად, მე ეს პასუხისმგებლობა კარგად მესმის.

ჩემს საქმეში ნახსენებია, რუსული სპეც-სამსახური - რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახური, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. თუმცა, პირველად დაფიქსირებულია ნატოს სპეც-სამსახური. კერძოდ, თურმე, მე ვყოფილვარ სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუში და ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს კი ურთიერთობა ჰქონიათ რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან. ამდენად, გამოდის, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ნატოს სტრუქტურებში ორმაგი ჯაშუშები, ანუ თხუნელები გამოააშკარავეს და, რაც ყველაზე მთავარია, ამის შესახებ ნატოს შტაბ-ბინას არც კი შეატყობინეს. მაშინ, ვის ინტერესებს იცავდნენ ქართველი სამართალდამცავები და პირადად ვანო მერაბიშვილი?“, - კითხულობს მაისაია.

მისი თქმით, იგი იცნობდა იმ ადამიანს, რომელიც თითქოსდა ორმაგი ჯაშუში იყო და უფრო მეტიც - მასთან მეგობრობდა. ეს იყო სლოვაკეთის მოქალაქე დოდო დოლეჟანი, რომელიც ვახტანგ მაისაიას სტუდენტი იყო. მაისაია ამბობს, რომ წლების განმავლობაში სლოვაკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, წელიწადში ორჯერ ჩადიოდა იქ და ლექციებს კითხულობდა და ერთ-ერთი მისი სტუდენტი იყო დოდო დოლეჟანი. მაისაიას ხელმძღვანელი კი იყო სლოვაკი პოლიტოლოგი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის მეგობარი, ლუდმილა მალიკოვა. მაიასაიას განცხადებით, ქართველმა სამართალდამცავებმა ერთი პერიოდი დააპირეს, რომ მალიკოვაც რუსეთის ჯაშუშობაში დაედანაშაულებინათ, მაგრამ ვინაიდან იგი სლოვაკეთში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან საერთაშორისო სკანდალის შეეშინდათ. დანარჩენი ორი პიროვნება კი, რომელიც მაისაიას საქმეში ორმაგი ჯაშუშობის სტატუსით ფიგურირებს, ვინმე იანი და ტომი, სამხედრო ექსპერტისთვის უცნობია.

„ამ ადამიანებს „ბრატისლაველი გივი“ დავარქვი, ცნობილი ქართული კომედიიდან გამომდინარე, რადგან საქმის მასალებითაც კი არ ირკვევა, ვინ არიან ეს ადამიანები. არც მათი სახელები და გვარებია დაფიქსირებული, არც მათი კავშირი სლოვაკეთის სპეც-სამსახურებთან, არც ჩემთან მათი კონტაქტი, ანუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ჩემი გადაბირება. არ არსებობს გადაბირების აქტი და ა.შ. უბრალოდ ნათქვამია, რომ ეს ადამიანები შემხვდნენ, გადამიბირეს და ამით მთავრდება ყველაფერი. ასე მეც შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს მესამე სამმართველოს მიერ იყო გადაბირებული“, - აღნიშნავს მაისაია.

მისი თქმით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები მისგან ოპოზიციისა და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წარმომადგენლების რუსეთის ჯაშუშებად დასახელებას ითხოვდნენ. ესენი იყვნენ ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი. ასევე, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, მაისაიას განცხადებით, მისგან ითხოვდნენ შოთა უტიაშვილის, ბათუ ქუთელიას, დავით ბაქრაძის, კახა ლომაიას და   გელა ბეჟუაშვილის რუსეთის ჯაშუშებად გასაღებას. მაისაია აცხადებს, რომ ეს იმ შიდა კლანური ბრძოლის გამოხატულება იყო, რაც წინა ხელისუფლებაში ხდებოდა. კერძოდ, მაისაიას თქმით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანაშრომლები მასთან საუბარში არ მალავდნენ, რომ ანალიტიკური დეპარტამენტთან ჰქონდათ მტრული ურთიერთობა და ცდილობდნენ, შოთა უტიაშვილი როგორმე მოეცილებინათ.

„ასევე, მითხრეს რამდენიმე უცხოელ დიპლომატზე, რომ ისინი ამერიკისა და ბრიტანეთის სპეც-სამსახურების თანამშრომლები იყვნენ და მათთან თანამშრომლობა უნდა გამეგრძელებინა. ფაქტობრივად, მთავაზობდნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ მუშაობას და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გადაცემას ითხოვდნენ“, - აცხადებს მაისაია.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ 2009 წლის 7 მაისიდან 22 ივნისამდე მის მიმართ საშინელი ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც ღამისეულ დაკითხვებში გამოიხატებოდა. ამის შესახებ მისმა თანამესაკნემ, ზაზა მჭედლიშვილმა ჯერ კიდევ 2009 წლის ივლისში ამის შესახებ ახსნა-განმარტება მაშინდელ სახალდო დამცველს, სოზარ სუბარს მისცა, რასაც მაისაია სამოქალაქო გმირობას უწოდებს და ამისთვის მჭედლიშვილს მადლობას უხდის.

მაისაიას განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი დაკითხვის დროს, გლდანის ციხის დირექტორის, თამაზ მელაძის კაბინეტში შევიდა კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, დათაშვილი და ჯაოშვილი, რომლებმაც კიდევ ერთი პირი შეიყვანეს და ვახტანგ მაისაიას ეს პიროვნება წარუდგინეს, როგორც რუსული „ფე-ეს-ბე“-ს წარმომადგენელი, ვინმე სპარტაკი და უთხრეს, რომ დაკითხვას ის ჩაატარებდა. მაისაია ამბობს, რომ ამ სპარტაკმა სწორედ ისეთი კითხვები დაუსვა, რომლებიც მართლაც მხოლოდ „ფე-ეს-ბე“-სთვის შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო, თუმცა მან ამ კითხვებს პასუხი არ გასცა, რის შემდეგაც იგი ჩაიყვანეს კარცერში და სასტიკად გაუსწორდნენ.

და, ბოლოს, მაისაია აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მას „ალ-ქაიდასთან“ თანამშრომლობაშიც კი ედებოდა ბრალი. კერძოდ, ამაზე თითქოს საუბარი იყო მისი და მისი ე.წ. აგენტის დოდო დოლეჟანის პირად მიმოწერაში, რასთან დაკავშირებითაც მაისაია ქართული სპეც-სამსახურების კვალიფიკაციას აკრიტიკებს. მისი თქმით, მიმოწერაში, რომელიც მის საქმეს დაურთეს, მაისაია და დოლეჟანი თითქოს სახელებით მიმართავდნენ ერთმანეთს. ამ დროს, მაისაიას განცხადებით, თუკი აგენტებს შორის ფარული მიმოწერა ხორციელდება, ეს აუცილებლად ფსევდონიმებით ხდება, მაგრამ ქართულმა სპეც-სამსახურებმა ესეც კი არ იცოდნენ.

„ეს მიმოწერა, თურმე, აგვისტოს ომამდე ხორციელდებოდა და მე მთხოვეს, რომ დამეგეგმა სპეც-ოპერაცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დივერსიული აქტების ჩატარებას უზრუნველყოფდა. მე, ვითომ, დავუკავშირდი დოკუ უმაროვის დაჯგუფების სპეც-სამსახურს, რომელსაც თურმე ჩრდილო კავკასიაში ალ-ქაიდას წარმომადგენლობა იყო და ვითომ მე, სამხედრო დაზვევრის ხელმძღვანელმა გაბუნიამ და ალ-ქაიდას წარმომადგენლებმა ერთად დავგეგმეთ დივერსიული აქტების სერია რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ. მოგვიანებით, 10 აგვისტოს თურმე მე დოლეჟანს ვწერ, რომ ამ დივერსიული აქტების ნაწილი წარმატებით განხორციელდა და ორი რუსული სამხედრო ბაზა აფეთქებულია, ხოლო 12 აგვისტოს ვწერ, რომ ეს ჯგუფი „გრუ“-ს და „ფე-ეს-ბე“-ს ჩაუვარდა ხელში. აი ასეთი მასალები არის ჩემი სისხლის სამართლის საქმები“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.