პირველი რანგის გუნდები, საქართველო და საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრები: რას აირჩევს მიქაუტაძე

პირველი რანგის გუნდები, საქართველო და საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრები: რას აირჩევს მიქაუტაძე

ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის მიმართ ინტერესი მატულობს, რაც გასაკვირი სულაც არ არის იმის ფონზე, როგორ სეზონსაც 19 წლის წარმოშობით ქართველი შემტევი ატარებს.

ცნობილი ბელგიური გამოცემა voetbalnieuws-ი წერს, რომ ბოლო პერიოდში მიქაუტაძით პირველი რანგის გუნდები - ბელგიის იუპილერ ლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბები და ასევე, ინგლისური გუნდები დანტერესდნენ. აღნიშნული წყარო იმასაც გვამცნობს, რომ მიქაუტაძეს საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახებენ...

„ამ დროისთვის ბელგიის 1B დივიზიონის აბსოლუტური აღმოჩენა ჟორჟ მიქაუტაძეა. „სერენის“ თავდამსხმელი გოლებს უწყვეტად იტანს და დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ მისი გუნდი ამჟამად პირველ ადგილზეა. ეს ბუნებრივად ქმნის ინტერესს. მიმდინარე სეზონში 19 წლის შემტევმა 14 გოლი გაიტანა, სამჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი და Foot Mercato-ს თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელგიის იუპილერ ლიგის ზოგიერთი კლუბი დაინტრესდა, ასევე არის ინტერესი ლიგა 1-დან და ინგლისიდან.

მიქაუტაძე „სერენს“ „მეცისგან“ ჰყავს ნათხოვარი, რომელთანაც მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ჟორჟს საერთაშორისო დონეზეც აკვირდებიან. მიქაუტაძე უკვე შეირჩა საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში, მაგრამ მისი გადაბირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც სურს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ ასაკობრივ ნაკრებებში თამაში ფეხბურთელებს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშში ხელს არ უშლის. ამდენად, 19-წლამდე ნაკრებში მისი გამოძახება ჯერჯერობით ჩვენთვის საგანგაშო და იმედის გადაწურვის საფუძველი არ იქნება.