ბენდუქიძე დამიწერს აწი ლექსებს და რომანებს?!.

ბენდუქიძე დამიწერს აწი ლექსებს და რომანებს?!.

უზენაეს სასამართლოში 6 ივლისს დანიშნული პროცესი, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაესრულებინა მწერალთა კავშირის შენობის გამო ატეხილი ორწლიანი დავა, კვლავ გადაიდო. თითქმის საუკუნოვანი ნაგებობა, რომელიც ქართველ მწერლებს უანგარო მოღვაწეთა ანდერძით მემკვიდრეობით ერგოთ, ათწლეულების მანძილზე ერისა და ხალხის კუთვნილება იყო. თვით საბჭოთა პერიოდშიც კი არავის მოსვლია აზრად, ქართველ მწერალთა შენობა სხვადასხვა სამინისტროსთვის ბალანსიდან ბალანსზე ალავერდივით გადაელოცა.

უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს დავა იმის თაობაზე, ეს შენობა ჩამოერთვას თუ არა მწერალთა კავშირს და კულტურის სამინისტროს გადაეცეს. თუ მწერლები დღესდღეობით “არაფერს აკეთებენ”, საეჭვოა, რომ კულტურის სამინისტროს ხელში შენობის გადასვლისთანავე იქ ახალი “ვეფხისტყაოსანი” ან “გმირთა ვარამი” დაიწეროს, ხოლო თუ მუშაობენ და თავის საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან, მაშინ რატომ ართმევენ მათ იმ შენობას, რომელიც მემკვიდრეობით, სრულიად კანონიერად ერგოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მწერალთა კავშირის წევრები ერთსულოვანი არიან და მიიჩნევენ, რომ შენობის ჩამორთმევის უფლება (არც კანონიერი და არც ზნეობრივი) ხელისუფლებას არა აქვს. ამასთან დაკავშირებით, მწერალ ოტია იოსელიანს შევეხმიანეთ:

- შენობასთან ვის რა უნდა, მარტო მწერლებისა კი არაა ის სახლი, კაცო, ჟურნალისტებისაა, მკითხველისაა და, საერთოდ, ხალხის და ქვეყნისაა იგი. როგორც მხატვართა სახლი უნდა არსებობდეს ნორმალურ ქვეყანაში, ოპერა, თეატრი და კონსერვატორია, ასევე უნდა არსებობდეს მწერალთა სახლიც. მე და შენ, მწერლები რომ გვქვია, ხომ უნდა დავთქვათ სადმე შეხვედრის ადგილი და იქ შევხვდეთ. ესაა მწერალთა სახლი, მეტი კი არაფერი. შევხვდებით იქ, ჩემო ბატონო, განხილვა იქნება ახალი ლექსის, მოთხრობას წავიკითხავთ, ვიმსჯელებთ, ვიკამათებთ და მივალთ საერთო აზრამდე. ამისთვის მინდა მე მწერალთა სახლი, თვარა იმას კი არ ვამბობ, მანქანები დოურიგონ ყველას. ეს შენობა დამანებე-თქვა, მეტს ხომ არაფერს გთხოვ სახელმწიფოს და ამასაც მართმევ?!. ეს სახლი მემკვიდრეობით დაგვიტოვეს, ხომ? მე და შენ კი არ დაგვიტოვეს მარტო, ქვეყანას დოუტოვეს და ვის რა ხელი აქვს მასთან, გამაგებინეთ, ერთი...

მწერალთა ერთი ნაწილი თვლის, შენობის ჩამორთმევის შემდეგ მწერალთა კავშირსაც გააუქმებენო...

- სისულელეა ეგ, სად გაგონილა მასეთი რამ. ყველა ქვეყანას აქვს მწერალთა კავშირი და მაინცდამაინც ჩვენ უნდა გავაუქმოთ? ისიც საკითხავია, კიდო, ამ აწყობილ ქვეყნებს თუ ჰყავთ ისეთი მწერლები, როგორიც ამ პატარა საქართველოს და ამას მიუქმებ?.. ვინ მოგცა მაგის უფლება!..

არსებობს საშიშროება, რომ ეს შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში მოხვდეს და არადანიშნულებისამებრ გაიყიდოს?

- რაფერ უნდა გაყიდონ, მათი საკუთრებაა?

ვინ მოგცა უფლება, მემკვიდრეობას რომ მართმევ და ყიდი, მიბარებული მგელმა შეინახაო, კაცო...

იქნებ უკეთესობა უნდათ მწერლებისთვის, ბატონო ოტია?

რავა, ფაბრიკა და ქარხანაა მწერალთა სახლი, ჩარხები მიჟანგდება შიგ და ვინცხას მინდა მივყიდო, რომ წარმოება არ დაინგრეს და ხალხი უმუშევარი არ დამრჩეს, თუ რაშია საქმე... ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, თუ რამე ინგრევა და პატრონი რომ გამოჩნდება, არ მივცეთ და უპატრონობით ქვა-ქვაზე ნუღა დარჩენილაო. ასე ბრიყვულად რაფერ ვილაპარაკებთ, კაცო, მარა მწერალს თავისი საქმე აქვს და ეს საქმე თავის სახლში უნდა აკეთოს. დამაყენე მე ჩემ სახლში, რატომ უნდა წაიღოს კულტურის სამინისტრომ, ვერ გავიგე ვერაფრით და მომკალი, თუ გინდა. მუშაობენ მწერლები, ხომ? ხომ აკეთებენ მის საქმეს? მისი დანიშნულება რაც არის, იმას ქე ასრულებს და შენობა თუ ჩამოართვეს, ბენდუქიძე დამიწერს აწი ლექსებს და რომანებს, თუ რას იზამს, ესაა საკითხავი კიდო...