ბოლო დროს ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების და განსაკუთრებით ჰესების მშენებლობა შეფერხებულია. მოსახლეობისა და არასამთავრობოების მწვავე პროტესტის გამო, ინვესტიციების შემოდინება შეჩერდა. მართალია, წელს რამდენიმე ჰესი შევა ექსპლუატაციაში, მაგრამ მათი მოცულობა მცირეა. მთავარი ყურადღება ნამახვანჰესის მიმართულებითაა, რომლის მშენებლობაც 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.
წლის ბოლომდე დამატებით 3 ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. უკვე ექსპლუატაციაში შესული 6 ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 27,47 მგვტ-ია. წლის ბოლომდე იგეგმება სამი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 3,72 მგვტ.
ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი წელს მხოლოდ დაიწყება და 4 წელიწადში დასრულდება, მაგრამ იგი უმსხვილესი პროექტი იქნება ენერგეტიკისთვის. საქმე ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ნამახვანი ჰესის პროექტს, რომლის მიმდინარეობასაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პირადად გაეცნო. მას შემდეგ რაც ნამახვანი ჰესი ექსპლოატაციაში შევა, ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოხმარების 12%-ს დააკმაყოფილებს. მინისტრმა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტი უწოდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით 430 მგვტ. მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა“ ახორციელებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე - ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები. გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.
„გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები“, - დასძინა მინისტრმა.
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ჰესების მშენებლობას? საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ სხვა მიმართულებით ქვეყანა ვერ განვითარდება:
„ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი პოტენციალი რეზერვუარიანი ჰესების და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი არის მოდინებაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ძალიან შეზღუდულები ვართ ამ კუთხით.
რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია.
დღეს რომ ჩვენ ენგურჰესი არ გვქონოდა, მიბმული ვიქნებოდით მეზობელ ქვეყნებზე და არ გვექნებოდა არანაირი ენერგოდამოუკიდებლობა ელექტროენერგეტიკის კუთხით. ენგურის მოცულობის კაშხლები საქართველოში ვეღარ განხორციელდება, ვინაიდან ის ძალიან დიდია – არ არის ამის პოტენციალი. თუმცა, ისეთი ჰესების მშენებლობა, როგორებიცაა ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, აუცილებელია და მათ არანაირი კატასტროფა და ცუდი შედეგის გამოწვევა არ შეუძლიათ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.