თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა განახევრდება. დედაქალაქში ნაცვლად 3 ათასი სამარშრუტო ტაქსისა, 1200-1500-მდე ერთეული მანქანა იმოძრავებს. სიახლეებია როგორც მგზავრებისთვის, ასევე დასაქმებული მძღოლებისთვისაც. სატრანსპორტო რეფორმა კი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ამიერიდან მიკროავტობუსებს ექნებათ სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დამაკავშირებლის ფუნქცია. თბილისში უკვე შემოყვანილია 200 ახალი მიკროავტობუსი, ხოლო მერია პირველ ეტაპზე სულ 300 ახალი ერთეულის შეძენას აპირებს.
რაც შეეხება ავტობუსების პარკის განახლებას, უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი, მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა. ასევე, 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.
24 ოქტომბრიდან თბილისში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება. ქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაა.
„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6-მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლეობისთვის ახლახან შეიძინა“, - განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, ვიცე-მერი ირწმუნება, რომ ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. „შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო“, - განაცხადა ხმალაძემ.
გარდა ამისა, იცვლება მგზავრობის საფასურის გადახდის წესი. ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე, ხოლო მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზები, რომლებიც ხვალიდან გაეშვება, იმუშავებს ზუსტად იგივე ტარიფებით, რომელიც დღემდე მოქმედებდა ტრანსპორტში. ასევე, საშეღავათო ტარიფები, რომელიც არსებობდა, იგივე იქნება ახალ ქსელშიც, თუმცა სიახლეა ის, რომ გადახდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებით მოხდება. ყველას შეუძლია შეავსოს ანაგრიში, ბანკომატები ბევრ ადგილას დგას.
ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქმედებს მიკროავტობუსების ბაზარზე სისტემა, სადაც მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ გაივლის მარშრუტს. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა. ყველას გვისარგებლია მიკროავტობუსით და მგზავრების რაოდენობა ყოველთვის გადაჭარბებულია. მიკროავტობუსებში, რომელიც ახალი სისტემით იმოძრავებს, მძღოლები ფიქსირებულ ხელფასს აიღებენ, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომასა და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთ მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით“, - განაცხადა ხმალაძემ.
ელექტრონული გადახდის სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იმოქმედებს, ხოლო ძველში იგივე დარჩება.
ახალმა წესმა, ბუნებრივია, გააჩინა კითხვა - ხომ არ შეუმცირდება მძღოლებს ანაზღაურება? „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ მძღოლების ფიქსირებული ხელფასის დასახელება არ შეუძლია, ვინაიდან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ირწმუნება, რომ ხელფასები „იმავე ფინანსურ ზოლში იქნება, რომელშიც აქამდე იყო“. მისივე თქმით, არც მძღოლების რაოდენობის შემცირება იგეგმება.
„მძღოლებს ხელფასები არ აკლდებათ და არც ერთი მძღოლი არ დარჩება უსამსახუროდ - ეს არის მთავარი. იქნება სარეზერვო ცვლები, ანუ მძღოლები ერთმანეთს შეენაცვლებიან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ის მძღოლი, რომელიც აქამდე დასაქმებული იყო, შევინარჩუნოთ კომპანიაში. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ფინანსური სისტემა აადვილებს მუშაობას, როგორც მძღოლისთვის, ისე - კომპანიისთვის, რადგან აღარ იქნება ის გადატვირთულობა, როგორიც აქამდე იყო“, - განუცხადა „ბიემს“ მიქიაშვილმა.
მასშტაბური სტარანსპორტო ცვლილება, რომელიც დედაქალაქში დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო 2021 წელს დასრულდება.