ზუგდიდელებმა სააკაშვილის ცოცხლად დამარხვის სცენა განასახიერეს

ზუგდიდელებმა სააკაშვილის ცოცხლად დამარხვის სცენა განასახიერეს

ზუგდიდის ცენტრში თეატრალიზებული შოუ მოეწყო. პერფორმანსი, სახელწოდებით „ცოცხალ-მკვდარი მიშა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ფიტული ქალაქის ქუჩებში მოატარეს, ასევე, აქციაზე კუბო მიიტანეს, რითაც „სააკაშვილის ცოცხლად დამარხვა“ განასახიერეს. „პროცესიას“ კახა მიქაია მიუძღოდა.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ სამეგრელოს ყველა კუთხიდან 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრება. ისინი პრეზიდენტისა და ახლად დანიშნული გუბერნატორის თენგიზ გუნავას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს ნაციონალური რეჟიმის სიმბოლო - ცოცხები გამოეტანათ, რომლებზეც მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიების, ჩიორა თაქთაქიშვილის სურათები იყო განთავსებული.

„დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია აცხადებს, რომ ის ფაქტი, რომ სამეგრელოში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, არ ნიშნავს, რომ სამეგრელო მიხეილ სააკაშვილისაა, პირიქით, „მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში დასრულდა“.

„თელო-ღურელი“ მეგრულად ნიშნავს ცოცხალ-მკვდარს, ამდენად, მეგრელებმა დავიტირეთ სააკაშვილი“, - აღნიშნა კახა მიქაიამ For.ge-სთან  საუბარში. ამასთან, თენგიზ გუნავას თემასაც შეეხო.

„ბრალდებული გუნავა, მთავარი ზონდერი და კრიმინალი გუბერნატორად რომ დაგვინიშნეს, რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა. პროკურატურა უფრო საფუძვლიანად უნდა დაინტერესდეს გუნავას საქმით. გარდა ამისა, ზუგდიდში ჩამოსული აკაკი ბობოხიძის გამოხტომებმა მეგრელების გაღიზიანება  გამოიწვია. ბობოხიძემ ქალებს უთხრა, ცოცხს გაგიკეთებთ უკანო. ამიტომ ბობოხიძის, წიკლაურისა და მინაშვილის ჩამოსვლა ზუგდიდში გამაღიზიანებელია. საბედნიეროდ, სამეგრელომ უკვე გაიღვიძა, შიშის დაძლევის პროცესი გაგრძელდება. ეს შესამჩნევია, თავისუფლების სიომ ზუგდიდშიც დაჰბერა. ნამდვილად ვერ შევეგუებით გუნავებს და სააკაშვილებს. ვფიქრობ, სამეგრელოს საზოგადოება ჩამოირეცხავს იმ სირცხვილს, რასაც ჰქვია 1-ელ ოქტომბერს ნაციონალების გამარჯვება არჩევნებში“, - აცხადებს კახა მიქაია.

მანვე მირაჟად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სააკაშვილი, თითქოს, ბოლომდე ენდობა მეგრელებს და ზუგდიდშიც აპირებს გადასვლას. მისი აზრით, ზუგდიდში ყველაფერი საპირისპიროდაა და ამიერიდან სააკაშვილი მეგრელებს ვეღარ ენდობა. უფრო მეტიც, მეგრელები შეურაცხყოფილნი არიან სააკაშვილის ქმედებით, რაც მან მიაყენა სამეგრელოს, რადგან სამეგრელოში საბოლოოდ დასრულდა შიშიც, შეურაცხყოფაც და ტერორიც სააკაშვილის მხრიდან.  

აქვე კახა მიაქიამ სამეგრელოს „პირველი ზონდერის“ - თენგიზ გუნავას საქმის გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართა. კერძოდ, მისი თქმით, ნათელი უნდა მოეფინოს 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, როცა მესტიაში თენგიზ გუნავა, ზაზა გოროზიასთან ერთად, მაჟორიტარ დეპუტატებს იარაღის მუქარით აიძულებდა, მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ. მაშინ თენგიზ გუნავას ერთადერთი ქალბატონი ნელი ნავერიანი შეეწინააღმდეგა, რის გამოც ნელი ნავერიანს საქმე „შეუკერეს“ და ციხეში ჩასვეს.
კერძოდ, მისი თქმით, 2010 წლის 3 მაისს მესტიაში ჩატარდა წინასაარჩევნო სპეცოპერაცია, სადაც გვიან ღამით ავიდნენ თენგიზ გუნავა, როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი და ზაზა გოროზია. მათ აიყვანეს პოლიციელებით სავსე 40 მანქანა, მესტიაში გათიშეს ელექტროენერგია. ამის შემდეგ საქმეში პირადად ნელი ნავერიანი ჩაერია, მოხერხდა ჟურნალისტებთან და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირება და იმ ღამით როგორღაც დაიცვეს თავი. ამის შემდეგ ნავერიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მოტივი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფური გამოძალვა იყო. ამით გააჩუმეს ადამიანი, რომელიც მესტიაში ადგილობრივ ხელისუფლებას მიწების გასხვისების უფლებას არ აძლევდა.

„ძალადობის ეს ფაქტი გადაიღო 14 წლის ბავშვმა, ჯაფარიძემ. კადრებში ფიქსირდება, თუ როგორ გამოდის იარაღით სპეცნაზით შემორტყმული გუნავა გამგეობის შენობიდან, ეს კადრები „მაესტრომაც“ გაავრცელა, ყველაფერი აშკარაა და არ ვიცი, რატომ არ იწყება გამოძიება“.