„ქართული აკადემიის“ განცხადება

„ქართული აკადემიის“ განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები თუ ქმედებები აშკარად დესტრუქციული, პროვოკაციული ხასიათისაა და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ.

სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა და ამჟამად ოპოზიციაში მყოფმა ნაცმოძრაობამ ვერ დააფასა შემწყნარებლობა ქართველი ხალხისა, რომელმაც რადიკალური მეთოდებით არ მოსთხოვა პასუხი იმ უბედურებებისათვის, ქვეყანასა და ხალხს თავს რომ დაატეხა ამ ნეობოლშევიკურმა, თავისი ბუნებით კაცთმოძულე რეჟიმმა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სკამსა და ძალაუფლების ნარჩენებს ჩაბღაუჭებულ სააკაშვილს მიმდინარე წლის 20 იანვარს უმთავრდება ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა. ჩვენ გვესმის ის იურიდიული სირთულე, რომელიც შექმნა წინანდელი, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტის მანკიერმა საკონსტიტუციო ცვლილებამ, კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ოქტომბრის გამოცხადებამ.

თავი რომ დავანებოთ იურიდიულ შეუსაბამობას, მიხეილ სააკაშვილს კარგა ხანია, ამოწურული აქვს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პოლიტიკური და მორალური რესურსები, რაც საბოლოოდ დაადასტურა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა და იმ გამანადგურებულმა მარცხმა, რომელიც ამ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად სააკაშვილმა იწვნიეს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს ჯერ კიდევ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონოდ მიტაცებული თანამდებობა.

პირადად სააკაშვილს ვურჩევთ, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის მოთმინებას და ნუ დაიმძიმებს სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით თავის ისედაც კატასტროფულად დამძიმებულ მდგომარეობას.