FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ევროპის პრემიერლიგის ორგანიზების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო. 50 წლის ინფანტინომ აღნიშნა, რომ მას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აინტერესებს ვიდრე სუპერლიგა.
„როგორც ფიფას პრეზიდენტს, მე მაინტერესებს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და არა სუპერლიგა. ჩემთვის პრიორიტეტულია არა „ბაიერნსა” და „ლივერპულს“ შორის მატჩი, არამედ შეხვედრა „ბაიერნსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის. „ლივერპულს” 180 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. აქედან ხუთი მილიონია ინგლისში და 175 მილიონი მსოფლიოში. და პირიქით, „ფლამენგოს“ 40 მილიონი ფანი ჰყავს, მათგან 39 მილიონი ბრაზილიიდანაა“, – განაცხადა ინფანტინომ.
რამდენიმე დღის წინ ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, შესაძლოა პრემიერლიგა დაარსდეს, სადაც ევროპის კონტინენტის 18 საუკეთესო კლუბი ითამაშებს. გაირკვა, რომ ინვესტორთა გარკვეული ჯგუფიც მზადაა ეს პროექტი 5 მილიარდი ევროთი დააფინანსოს.
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს, ჩინეთში 17 ივნისიდან 4 ივლისამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიტანეს.