უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის მთავრობა 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. წინ ძალიან რთული თვეებია და ბუნებრივია ხალხს ფინანსურად მხარდაჭერა კვლავაც დასჭირდება, მით უფრო, რომ ბიზნესიც და ეკონომიკაც კრიზისში რჩება.
ის, რომ დახმარების პროგრამა გაგრძელდება, ამის შესახებ ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენმა სოსო ფხაკაძემ ეს ინფორმაცია მედიასთან დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან და რამდენი ხნით მოხდება მისი გახანგრძლივება.
“თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა შეხვედრაზე ახსენა, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცა როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას აპირებს, არამედ იქნება ღონისძიებათა ახალი პაკეტიც. ყველას გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, მას განგრძობითი ხასიათი აქვს და ამიტომ ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ვფიქრობ, ეს ძალიან რაციონალური და სწორია”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ოქტომბერში უკვე სრულდება ექვსთვიანი პროგრამა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. კომპენსაციების 6-თვიანი პროგრამა აპრილში დამტკიცდა. მაშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, დახმარებებისთვის ბიუჯეტში 460 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:
მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა 18 263 000 ლარი.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, ხელისუფლებას აღარ ეყოფა საბიუჯეტო თანხა სოციალური პაკეტებისათვის, ამიტომ ისევ საგარეო რესურსის ძიება უნდა დაიწყოს.
“ავად თუ კარგად, პანდემიის პირველი ტალღისას ხელისუფლებისმიერ შეთავაზებულმა სოციალურმა დახმარებებმა იმუშავა და შეეხო ათიათასობით ადამიანს და ოჯახს. პანდემიის ზრდის ტემპი ახლა ისეთია, რომ შეუძლებელია, იგივე საბიუჯეტო რესურსი გასწვდეს მეორე ტალღას. აქ არაფერ შუაშია მთავრობის ნება, თანხა, უბრალოდ, შეზღუდულია.
ერთადერთი რესურსი არის გარე დახმარებები ან ვალები, რისი მოძიებაც რთული იქნება, თუმცა ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ. გაზაფხულზეც სწორედ ამით გახდა შესაძლებელი სოციალური პაკეტების დიდი ნაწილის დაფინანსება”, - აღნიშნა სილაგაძემ.
200-ლარიანი დახმარებების გაგრძელება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში საკმაოდ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება კიდევ სჭირდებათ. ეკონომისტი გიორგი პაპავას აზრით, გარკვეულ სექტორებში ადამიანებმა, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, სამუშაო ადგილები ვერაფრით დაიბრუნეს.
“პროგრამის გახანგრძლივება იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც კატეგორიას 200-ლარიანი დახმარება ისევ სჭირდება და ხელისუფლებაც სწორედ ამიტომ აგრძელებს. გაზაფხულზე რა ვითარებაც იყო, იგივე მდგომარეობა ახლა არ გვაქვს. იმის თქმა, რომ მოსახლეობას ახლა უფრო უჭირს, ვიდრე ადრე, სწორი არ იქნება, თუმცა ვინაიდან კრიზისი დაძლეული არ არის, ბუნებრივია, რომ გარკვეული პროგრამების გაგრძელება საჭიროა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა საბიუჯეტო რესურსი არსებობს”, - განაცხადა პაპავამ.