„ახალაია მართალიც რომ იყოს, ნაფიცი მსაჯულები დამნაშავის ვერდიქტს გამოუტანენ“

„ახალაია მართალიც რომ იყოს, ნაფიცი მსაჯულები დამნაშავის ვერდიქტს გამოუტანენ“

ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცი მსაჯულების განსჯადი გახდება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არელის გაფართოებას ყოფილი ხელისუფლება მიესალმება. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე თანამდებობის პირებთან დაკავშირებული საქმეების ნაფიც მსაჯულთა განსჯადად ქცევის ინიციატივას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

თუმცა საინტერესოა, რამდენად რეალისტურად განიხილავენ პროფესიით არაიურისტი ნაფიცი მსაჯულები ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, მით უფრო, რომ ყოფილი ხელისუფლება საზოგადოების მოტყუების შესანიშნავ ბერკეტებს ფლობდა. ამდენად, ხომ არ მოხდება ნაფიცი მსაჯულების მოტყუება მათ მიერ?!  

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ კონსტიტუციის 82-ე მუხლში შევიდა ცვლილება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების მიზნით საკონსტიტუციო დებულება ჩამოყალიბდა, იგი დიდად არ აღფრთოვანებულა ამ იდეით. დღესაც არ არის აღფრთოვანებული ამ ინსტიტუტით. თუმცა მიიჩნევს, რომ, თუ კონსტიტუციურად არსებობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მაშინ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია ამ ინსტიტუტის გამოყენება მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ერთი დანაშაულისთვის, ანუ განზრახი მკვლელობისთვის, ისიც დამამძიმებელ გარემოებაში.

მაგალითად, იმავე აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოთხოვნის უფლება ნებისმიერ ბრალდებულს აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წვრილმანი დანაშაულია ჩადენილი. ჩვენს სინამდვილეში კი, ვინაიდან დღევანდელი ოპოზიცია, ანუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ არ ენდობიან ახალ ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი არის უაღრესად დაბალი, ასეთ ვითარებაში, ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმეების განხილვა მნიშვნელოვანია.

უფრო მეტიც, მერაბ ტურავას განმარტებით, ყველა სახელმწიფოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიქმნა, ეს გარკვეულ ისტორიულ ცვლილებებს უკავშირდებოდა, რადგან სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა იქაც ნაკლები იყო.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მოხდება საჯარო რეესტრში ამომრჩეველთა სიის შემთხვევითობის პრინციპით, ლოტოტრონის მეშვეობით. სრულიად შემთხვევით აარჩევენ 50 კაცს, ანუ იმაზე გაცილებით მეტს, რაც საჭიროა. შემდეგ მათ შეკითხვებს დაუსვამენ და, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე მხარეს აქვს მიდრეკილება დაცვის ან ბრალდებისკენ და, თუ მიკერძოებულობას გამოხატავენ ცალკეული საკითხის მიმართ, მაშინ მათ ჟიურიდან გაცხრილავენ. საბოლოოდ, ამ 50-დან 12 ნაფიცი მსაჯული დარჩება.

„გამორიცხულია, ეს 12 ადამიანი პოლიტიკურად ერთ ან მეორე მხარეს არ იდგეს, მაგრამ მთავარია, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს  იჩენდნენ“, - აცხადებს ყოფილი მოსამართლე.

შეძლებენ თუ არა ტყუილში გაწაფული ყოფილი მაღალჩინოსნები ნაფიც მსაჯულთა მოტყუებას, ამის შესახებ მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა უპირატესობა სწორედ ისაა, რომ დაცვის მხარეს და ყოფილ მოხელეებს აქვთ კარგი შანსი, თავიანთი უცოდველობა ამტკიცონ და თავი უცოდველ კრავად  წარმოადგინონ. თუმცა პროკურატურას, ანუ ბრალდების მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სასამართლოს წინაშე ისინი მგლებად წარმოაჩინოს. რომელი პოზიციაც უფრო დამაჯერებელი იქნება საზოგადოებისთვის, სწორედ მის მხარეს გადაიხრება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი.

მერაბ ტურავას თქმით, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ყოველთვის არ არის სამართლიანობის უზენაესი გამოვლინება. რა თქმა უნდა, ნაფიცი მსაჯულებიც იხრებიან ერთ ან მეორე მხარეს და ზოგჯერ ეს გადახრა შეიძლება არც იყოს მთლად სამართლიანი, მაგრამ იმიტომ არის მოგონილი ეს ინსტიტუტი, რომ, როდესაც საზოგადოება არ ენდობა სასამართლო ხელისუფლებას, მაშინ საკითხი დგება ასე - შენმა ტოლმა და სწორმა გაგასამართლოს. შესაბამისად, მათ გამოაქვთ ისეთი ვერდიქტი, რომელიც წინასწარ არ არის ცნობილი.

„მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ ბრალდებულს აძლევენ უფლებას და ეკითხებიან, გინდა თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს შენი საქმე, მაგრამ, თუკი იგი უარზეა, გამორიცხული არ არის, საქმე ბრალდებულის ნების საწინაღმდეგოდაც განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ჩვენი პარლამენტი რომელ მოდელს აირჩევს, ეს მომავლის საქმეა. მთავარია, რომ ხალხი არ ენდობა სასამართლო ხელისუფლებას, ამიტომ უნდა მოვძებნოთ ალტერნატიული მექანიზმი“, - გვითხრა მერაბ ტურავამ.

ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე აცხადებს, რომ ნაფიცი მსაჯული კონკრეტულად არაფერს იძიებს, უბრალოდ, ნაფიცი მსაჯული არის სასამართლოზე მიწვეული ნეიტრალური პირი, რომელიც პროცესს ესწრება და მისი თანდასწრებით ხდება საქმის წარმოდგენა. თუ ნაფიცი მსაჯული იტყვის, რომ ესა თუ ის პირი დამნაშავეა, შემდეგ უკვე მოსამართლე შეუფარდებს დამნაშავეს მსჯავრის ნაწილში წლებს.

„ნაფიც მსაჯულთა განსაჯადობას აზრი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იურისტები არ არიან. პირველ რიგში, მოთხოვნაა, რომ ნაფიცი მსაჯული არ იყოს იურისტი, ექიმი, მღვდელი, ფსიქოლოგი, ანუ ისეთი ადამიანი, რომელსაც, ლოგიკური აზროვნებით, შეუძლია კანონის ცნობიერება გამოიყენოს გადაწყვეტილებებში. ხომ შეიძლება, ადამიანი ლოგიკურად კანონს იცნობდეს და კანონი გამოიყენოს, ან კანონის ფორმით იმოქმედოს და არა შინაგანი ხედვით. მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანი როდესაც კინოს უყურებს, ის აფასებს არა ისე, რომ კანონი ასე იმოქმედებდა, არამედ შინაგანი ხედვით, ანუ ამა თუ იმ პერსონაჟის მოქმედების გამო რა შედეგი დადგებოდა. ზუსტად ეს პრინციპია ნაფიც მსაჯულებში“, - აღნიშნა ბესარიონ ქარცივაძემ.

მისი თქმით, მაგალითად, თეა თუთბერიძეს ეს იდეა არ მოსწონს და აცხადებს, ბაჩო ახალაიას საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა რომ განსაჯონ, ხალხს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ იმდენი აგრესია აქვს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად დაგროვილი, რომ ბაჩო ახალაია მართალიც რომ იყოს, მას დამნაშავის ვერდიქტს გამოუტანენ.    

თუმცა ერთიცაა, ნაფიცი მსაჯულობისთვის თავის არიდება კანონით ისჯება, ამისთვის შეიძლება პირს ჯარიმაც გადაახდევინონ.