ხორბლის გაძვირების ტემპმა იმატა, პურის ფასის დაჭერა შეიძლება ვეღარ მოხერხდეს

ხორბლის გაძვირების ტემპმა იმატა, პურის ფასის დაჭერა შეიძლება ვეღარ მოხერხდეს

საერთშორისო ბირჟებზე ხორბალი საგრძნობლად ძვირდება და რაც ყველაზე მთავარია მატულობს რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, რომელზეც მთლიანად არის დამოკიდებული საქართველო. ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი რასაკვირველია გაძვირდება საქართველოშიც.

მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს, მაგრამ რამდენად და რამდენ ხანს იქნება ეს საკმარისი, გაურკვეველია.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებობს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა წინაზე უფრო ძვირია. ამის მიუხედავად, საშუალო შეწონილი ფასით, ჯერჯერობით ფასი სტაბილურია. 

“რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ვგულისხმობ ხორბლის გაძვირებას, ეს განპირობებულია ქვეყნების მხრიდან მარაგის გაზრდის სურვილით, რაზეც ცალსახად, პანდემიამ იქონია გავლენა. არადა, წელს შარშანდელთან შედარებით, მოსავლის რაოდენობა საკმაოდ კარგია და ჩვეულებრივ სიტუაციაში ფასი არ უნდა გაზრდილიყო. ცუდი ისაა, რომ რუსეთში კვლავ დაიწყო საუბარი ექსპორტზე კვოტირების შემოღებაზე ახალი წლიდან.

ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებიც ფასის მონიტორინგს აწარმოებენ და არაერთხელ ითქვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან, რომ თუ იქნება სერიოზული პრობლემები, ისინი მზად არიან ჩაერიონ სხვადასხვა მეთოდებით. ეს სავარაუდოდ, იქნება თავად ხორბლის და ფქვილის ან პირდაპირ პურის ფასის სუბსიდირება”, - განუცხადა “ბიპიენს” სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ ფქვილი არ არის ერთადერთი კომპონენტი პურის ფასში, რომლის ღირებულებაც გაუფასურებული ლარის გამო იზრდება.

“ფასის ზრდას ყველა კომბინატი წყვეტს ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, ვის რამდენი აქვს მარაგი. ზოგადად, ფასის ცვლილება თვენახევარში ან ერთ თვეში აისახება. ჩვენ, ამ ეტაპზე ვუახლოვდებით ზღვარს, როცა შესაძლოა, გაიზარდოს ფქვილის ფასი, გამომდინარე ძვირად ნაყიდი ხორბლიდან. დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 47-52 ლარის ფარგლებში მერყეობს. მატება ალბათ, მოხდება 2-3 ლარით და შესაძლოა, რომ ესეც არ იყოს კრიტიკული პურის ფასის ზრდისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ფქვილის ფასი, პურის ფასის მხოლოდ 50%-ია და დანარჩენი, ტრანსპორტირებაზე, საფუარზე, ზეთზე, შეფუთვაზე, კომუნალურ ხარჯზე და სხვა კომპონენტებზე მოდის, რაც ასევე ლარის გაუფასურების გამო გაზრდილია. ამიტომ ფქვილზე ფასის ცვლილება, ნელ-ნელა მოხდება, ზოგი უფრო ადრე გააძვირებს, ზოგი შემდეგ”, - განაცხადა სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესო იმპორტიორი რუსეთია, სადაც ერთი ტონა საექსპორტო ხორბლის ღირებულებამ 250 დოლარს მიაღწია მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 195 დოლარი იყო.

მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით ამ ეტაპისთვის, საქართველოში ხორბლის მარაგი არსებობს, ამიტომ, ჯერჯერობით, პურზე ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

“საქართველოში მარაგი გვაქვს, ერთი თვის მაინც. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს, ყველა მეწარმე გზებს ეძებს, რომ ფასმა არ მოიმატოს. საქართველოში ამჟამად არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგ შემოტანილი ახალი ხორბალი, ჯერჯერობით, პურის ფასზე არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს ფასის მომატება, რადგან ამ საქმეში მთელი ჯაჭვი არსებობს, მაგალითად: დისტრიბუცია, მაღაზია და ა.შ. ერთი თუ ფასს, მაგალითად, 5 თეთრით გაზრდის, სხვაც მოუმატებს და ამის შემდეგ მთელი ჯაჭვი წარმოიქმნება.

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რომ ფასთან დაკავშირებით რამე ცვლილება იქნება. სამინისტროში გვქონდა შეხვედრა და ბოლოს რაზეც შევთანხმდით, ისე მივდივართ”, - განაცხადა დოლიძემ.