საჰაერო საზღვრები ნოემბრიდან ეტაპორივად გაიხსნება

საჰაერო საზღვრები ნოემბრიდან ეტაპორივად გაიხსნება

მთავრობა რეგულარულ რეისებზე შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. რამდენად მიზანშეწონილია პანდემიის პიკის პირობებში საზღვრების გახსნა, ეს სრულიად გაუგებარია. როგორც ჩანს, ეკონომიკის გასააქტიურებლად სხვა გზები აღარ დარჩა.

“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებები უკვე შევიდა. თბილისის აეროპორტიდან მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს, 1-ლი ნოემბრიდან დაემატება პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი.

ქუთაისის აეროპორტს რიგის მიმართულებას ასევე 1-ლი ნოემბრიდან დაემატება პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები: კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი.

მთავრობის საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნოემბერში ქვეყანა რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმზე გადადის. ეს არის, ძირითადად, ევროპული მიმართულებები.

“ტრადიციული მიმართულებებზე როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი - აქ შესაძლებელი ექნებათ ავიაკომპანიებს, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ რეისებს დაიწყონ რეგულარული ფრენა.

რაც შეეხება, უფრო მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში და როდიდან, ეს დიდად დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ მათგანს რთული პერიოდი უდგას.

რაც შეეხება კომპანიებთან წინასწარ კომუნიკაციას, ჩვენ ყველა მიმართულება ავსახეთ გადაწყვეტილებაში მას შემდეგ, რაც შემოვიდა განაცხადები კომპანიებიდან. კონკრეტულ სიხშირეებზე შემოდგომშიც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როცა ჩვენ სიხშირეებში ვერ შევჯერდით ავიაკომპანიასთან ან მეტი უნდოდა ავიაკომპანიას და ჩვენ შევზღუდეთ ის.

ვიცით, რომ “ვიზეარი” აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებითი რეისებით სარგებლობას - ეს იქნება ვილნიუსი,კატოვიცე და ა.შ. რაც შეეხება “რაინეარს”, ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი-მილანის მიმართულება.

ბოლო ინფორმაციით, მათ უნდათ, რომ ფრენის სიხშირე 70%-მდეშ ეამცირონ. ჩვენი მხრიდან მწვანე შუქი ავუნთეთ,  გაგვიხარდება, თუ მთლიანად აითვისებენ გეგმას”, - განაცხადა თურნავამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის აზრით, ახალი ავიამიმართულებების დამატება ეპიდემიოლოგიურ სურათს ვერ შეცვლის. არადა იმ პერიოდში, როცა საქართველოს ავიასაზღვრები დაკეტილი იყო, ამას ვირუსის გავრცელების რისკით ხსნიდნენ.

“სანამ მთავრობას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით დასტურს მისცემდა, ანალიზი გავაკეთეთ, გაზაფხულზე და ზაფხულშიც დაფიქსირებული შემთხვევების 70%-80% გახლდათ შემოტანილი, განსაკუთრებით გაზაფხულზე იყო ეს ძირითადად იტალია, ირანი, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ამ რიცხვებს გაანალიზებისას, როდესაც შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდა პროცენტული წილი შემოტანილი შემთხვევებისა დავიდა მინიმუმამდე. ის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ვეღარ შეგვიცვლის იმიტომ, რომ შიდა გავრცელება გვაქვს.

ამიტომ შემოდგომაზე გვაქვს ახალი სლოგანი - ისწავლე თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, თანდათან ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დავუბრუნდეთ და მეორეს მხრივ ყველა მსუბუქ და საშუალო ინფიცირებულს მივცეთ საშუალება, რომ დარჩეს სახლში ან ვისაც სჭრიდება იმკურნალოს საავადმყოფოებში.

ამიტომ ახლა შემოსვლა საჰაერო ხაზით ადამიანების შემოსვლა აღარ უნდა დაიბლოკოს, მით უმეტეს, ჩვენ ვითხოვთ ბოლო 72 საათის განმავლობაში “პისიარ” ტესტის პასუხს, ანუ ისინი არ უნდა იყვნენ ვირუსის მატარებელნი. თუ ისინი იქნებიან კოვიდ დადებითი, გადავლენ კარანტინში და შესაბამისად, აღმოჩნდებიან საკარანტინო დაკვირვების ქვეშ”, - განუცხადა “ბიზნეს მედიას” ამირან გამყრელიძემ.