კორონავირუსის პანდემიამ ავტობიზნესი ტურიზმის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული მანქანები ადგილზეც არ იყიდება, ვეღარც რეექსპორტზე გადის. ვითარება კიდევ უფრო გართულდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირსიპირების შემდეგ. ეს ქვეყნები საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების გასაღების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენდნენ.
ავტოიმპორტიორთა ასოციაცია პირველი მაისის შემდგომ ქვეყანაში იმპორტირებულ მანქანებზე განბაჟების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. გაერთიანების თავმჯდომარის განმარტებით, განბაჟების ვადის 2021 წლის 1-ელ მარტამდე გადავადება 2020 წლის 1-ელ მაისის შემდგომ შემოსულულ ავტომობილებზეც უნდა გავრცელდეს.
ლაშა დარბაისელის თქმით, შეღავათით მხოლოდ 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოსული ავტომობილები სარგებლობდნენ, თუმცა მაისის შემდეგ საზღვარზე რაოდენობრივად გაცილებით მეტი ავტომობილი შემოვიდა. თუ ამ მხრივ შეღავათები არ დაწესდა, ერთ დროს ერთ-ერთი წამყვანი დარგი განადგურების პირას მივა.
გარდა ამისა, ასოციაცია კორონავირუსზე ტესტირებული ავტოდილერების საქართველოში შემოშვებასაც ითხოვს. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ვიზიტი აუცილებლად საქმიანი უნდა იყოს და 72 საათს არ აღემატებოდეს. რეგულაციების შემსუბუქების საკითხთან დაკავშირებით ასოციაცია ბიზნესომბუდსმენის აპარატთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ავტობიზნესში არსებულ სირთულეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან ექსპორტზე 304.2 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა, წლიური კლება 37%-ია. აქაც არსებულ მონაცემებს შედარებით აბალანსებს პირველი კვარტალის მზარდი მონაცემები. მის გარეშე კი ავტობიზნესში ვარდნა კატასტროფულია.
ზოგადად კი საექსპორტო პროდუქციის მიხედვით 14.1%-იანი მატების შემდეგ 542 მლნ დოლარით პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომელიც რეალურად რეექსპორტია, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 415 მლნ დოლარის იმავე პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 181 მლნ დოლარით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 180 მლნ დოლარით მესამე ადგილზე ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ექსპორტიც 25%-ით შემცირდა.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში, 5.8%-ით 143 მლნ-მდე შემცირდა ღვინის ექსპორტი, თუმცა საერთო ვარდნის ფონზე მისი წილი 5.6%-დან 6%-მდე გაიზარდა.
ავტობიზნესში ვითარების დრამატულობას ადასტურებენ ავტოდილერებიც. როგორც ბიზნესმენი ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნავს, რეექსპორტი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მიმართულებით თითქმის შეჩერებულია.
“ვერ ვიტყვით, რომ ავტომობილების რეექსპორტზე რეგინში მიმდინარე ომი პირდაპირ გავლენას ახდენს, რადგან ბევრი სხვა ხელის შემშლელი მიზეზიც არსებობს. პირველ რიგში, ესაა პანდემია, რის გამოც ნაკლები მოძრაობაა.
პანდემია რომ არ იყოს, აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად იქნება რეალიზაციის პრობლემა, დიდი ბაზარია და კონტინგენტი უფრო აქტიურია, მაინც იყიდიან ავტომობილებს. სომხეთთან დაკავშირებით, პირიქით, გაყიდვები შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. რაც არ უნდა იყოს, სომხეთის ეკონომიკა მაინც რუსეთზეა ჩამოკიდებული,შეიძლება პრობლემა ნებისმიერ მომენტში შეიქმნას.
ჩვენ ორივე ქვეყანაში შეგვყავს ავტომობილები. ამ ეტაპზე აქტივობა ძალიან დაბალია, რისკები გაიზარდა და ფაქტობრივად ვერ გავდივართ ამ ბაზრებზე”, - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ.
თუ სახელმწიფო ახლა ავტობიზნესს არ გადაარჩენს, მალე მიხვდება რა რესურსსაც დაკარგავს სავალუტო რეზერვების შევსების თვალსაზრისით.